"როცა მოსახლეობა 3 მილიონზე ოდნავ მეტია და აქედან 300 000 თამაშდამოკიდებულია, ეპიდემიაზეა საუბარი“ - რა რისკებს შეიცავს ახალი კანონი?!
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირების მოწყობასა და რეგულირებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო ტურნირის ჩატარების ერთ-ერთი სავალდებულო პირობაა, რომ მონაწილეთა არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, ტურნირის ორგანიზატორები გათავისუფლდებიან სათამაშო მაგიდაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან, თუ მაგიდა მხოლოდ ტურნირისთვის გამოიყენება, ხოლო საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება.
ამ კანონის მიღებას სამოქალაქო და პროფესიული ორგანიზაციების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველისა და საპატრიარქოს კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, ხოლო "ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის" დაჩქარებული წესით განხილვა "განსაკუთრებით დამაზიანებლად" შეაფასა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია და განაცხადა, რომ "საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება".
აღნიშნულ ინიციატივას სარეაბილიტაციო ცენტრ "დღე პირველის" დირექტორი, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის დამფუძნებელი გუგა ბესელია აფასებს:
- რთულია ამ ფაქტის პოზიტიურად შეფასება... საქართველო სათამაშო ინდუსტრიის ჰაბად ყალიბდება კავკასიაში. მოსახლეობა ისედაც თამაშდამოკიდებულების პრობლემით იტანჯება. როცა მოსახლეობა 3 მილიონზე ოდნავ მეტია და აქედან 300 000 თამაშდამოკიდებულია, ეპიდემიაზეა საუბარი.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში 88.3 მილიარდ ლარს შეადგენს. მიუხედავად შეზღუდვებისა, ამ სექტორის ბრუნვა კიდევ და კიდევ იზრდება. მხოლოდ შეზღუდვებით ეს საკითხი არ მოგვარდება, ამას სჭირდება ბევრად უფრო კომპლექსური მიდგომა - უნდა შეიქმნას მარეგულირებელი ორგანო, ამის გარეშე სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, არა მგონია, საქართველოში ვინმე ჯანსაღად მოაზროვნემ ეს პოზიტიურად შეაფასოს. გამართლებით, კი ბატონო, გავამართლებთ იმით, რომ ეს არის ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ეს უკვე სხვა პერსპექტივაა.
- ინიციატივის ავტორთა თქმით, ტურნირის ჩატარებისთვის აუცილებელი პირობა იქნება ის, რომ მასში მონაწილეების საერთო რაოდენობის 80% უცხოეთის მოქალაქე უნდა იყოს, რაც ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
- ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ ამით ეკონომიკურ სარგებელს ქვეყანა ვერ მიიღებს - თუკი თამაშდამოკიდებულების საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება, ის ნარკოდამოკიდებულებასთან ერთად ყველაზე დიდ სოციალურ გამოწვევად გადაიქცევა (უკვე არის კიდეც). ნარკოდამოკიდებულება უფრო ჩანს, თორემ თამაშდამოკიდებულება არანაკლებ დიდი პრობლემაა.
ჩვენ გვავიწყდება ზაფხულში მიღებული კანონი, რომელიც საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვას გულისხმობს ქვეყანაში. ამა წლის ივნისში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ოპერატორებს შეუძლიათ საქართველოში ფუნქციონირება. კანონის მიხედვით, ქართველ მოსახლეობას არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა და იმ ოპერატორებთან ითამაშოს, თუმცა აქაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, დღესაც ძალიან ბევრ სახელმწიფო ჩინოვნიკს, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირს, სოციალურად დაუცველებს არა აქვთ კანონით უფლება, რომ ითამაშონ, მაგრამ მაინც პოულობენ ხვრელებს. ამას მოწმობს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი სტატისტიკა, სადაც ამ შეზღუდვების და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უკვე ჩანს, რომ პლასტიკური ბარათებიდან ტრანზაქციების 12% უკვე საზღვარგარეთულ კაზინოებზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ თამაშდამოკიდებული პირები ახალ ხვრელებს პოულობენ - ზოგი სხვისი ექაუნთით თამაშობს ქართულ კაზინოებში, ზოგიერთმა კი უკვე ნახა სხვა სათამაშო გზა - უცხოეთში არსებული ონლაინკაზინოები. საერთაშორისო ბაზარზე დღეს უამრავი კრიპტოკაზინოა, რომელთა მომხმარებლები უკვე ქართველებიც არიან. დამოკიდებულება ფსიქიკური დაავადებაა და მასთან მუშაობას სხვა სპეციფიკა სჭირდება, არა შეზღუდვები და აკრძალვები. ამიტომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, სარეაბილიტაციო პროცესი და მისი ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ ყველაფერზე უნდა მუშაობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2024 წელს გავაკეთე რეკომენდაცია საქართველოს პარლამენტისთვის, სადაც ბავშვთა გაეროს ფონდთან ერთად ვმუშაობდი თემატურ მოკვლევაზე. როგორც თქვენ არ განიხილეთ ის რეკომენდაციები, ისე პარლამენტმა. 2024 წელს, როცა ეს რეკომენდაცია გაიცა, ჩვენ რომ მარეგულირებელი ორგანო გვქონოდა, დღეს ამ მიმართულებით გაცილებით უკეთესი სოციალური გარემო გვექნებოდა.
- ამ შეღავათების დაწესებით საპრიზო ფონდი 3 მილიონს თუ აღემატება, ის კლუბი მოსაკრებელს არ გადაიხდის, ეს ყოველივე სათამაშო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებას და პოპულარიზაციას ხომ არ ემსახურება?
- ზუსტად ეგ ვთქვი, რომ ჩვენ ამ კუთხით ჰაბად ვყალიბდებით, რაც მოსახლეობას ურტყამს - თავიდან თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც. კითხვა მაქვს - თუნდაც 80%-ზე რომ არის ქართველებისა და უცხოელების პროპორცია, ვინ დაითვლის მაგ 80%-ს? აღსრულების ნაწილიც საინტერესოა. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ტურნირთან პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი დადგება, რომელიც დაიწყებს თვლას, იქ 20 კაცი შევიდა თუ ერთი? თუკი ეს ყველაფერი ისევ მოსახლეობის დაზარალების ხარჯზე ხდება, რამდენად რენტაბელურია ამ ბიზნესიდან შემოსავლის მიღება?
სამწუხაროდ, დღეს ისეთი გარემო გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდება და ჩვენ კონკრეტული კანონპროექტების შესახებ ინფორმაციას ვიგებთ ხოლმე. მერვე წელიწადია, თამაშდამოკიდებულებას ვიკვლევ, საერთაშორისო დონის აღიარება მაქვს როგორც ექსპერტს, ვთანამშრომლობ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ძალიან დიდი საერთაშორისო კონტაქტები მაქვს და ჩემთან, მაგალითად, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. ასეთ საკითხებზე არაკომპეტენტური პირების მიერ კანონპროექტების ინიცირებას კარგი არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. როცა შემოგაქვს ისეთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც ძალიან ბევრი ადამიანის ბედია დამოკიდებული, ეს კვლევებით მაინც უნდა იყოს გამყარებული. ის, რომ კანონი კვლევას უნდა ეფუძნებოდეს, ეს აქსიომაა და ნებისმიერმა კანონმდებელმა იცის. მაგალითად მოჰყავთ, რომ ამ ბიზნესით ეკონომიკა იზრდება, მაგრამ რის ხარჯზე? ისევ შენი იმ მოსახლეობის განადგურების, რომელმაც ეკონომიკური დოვლათი უნდა შეგიქმნას. ანუ ვინ თამაშობს? ის მოქალაქეები, რომლებმაც ეკონომიკური დოვლათი უნდა შექმნან და შენ ამ ადამიანებს წირავ და ფიქრობ, რომ ამით ქვეყანას ფული შემოუვა. კეთილი, შეიძლება შემოუვიდეს, მაგრამ ის აღარ გივარგა, ვინც ეკონომიკური დოვლათი უნდა შეგიქმნას. სწორედ მათ ურტყამს ეს კანონპროექტი, რომელიც უკვე დაკანონდა.
- სადამდე მიგვიყვანს მსგავსი ინიციატივა-კანონპროექტები, გაუაზრებელი და კვლევაზე დაუფუძნებელი ცვლილებები?
- მიგვიყვანს იქამდე, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს სახელწოდებას უნდა მივამატოთ სიტყვა "ბეთი" და გახდება "ბეთქომი", იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, ბიზნესი ბიზნესობდეს და არაფერი კეთდება, რომ სოციალური ფონი დალაგდეს. ლოგიკურია, რომ საქმე აქამდე მივა. მომავალ წელს, როდესაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გამოცხადდება, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე 88 მილიარდია, რომელიც 2025 წელს იყო. ამ სექტორის ბრუნვა ყოველწლიურად 15-20%-ით იზრდება და რის ხარჯზე იზრდება? - იმის ხარჯზე, რომ მოთამაშეები ემატებიან და, რა თქმა უნდა, ოჯახები უბედურდებიან. რეაბილიტაციისთვის, ძირითადად, მოდის ლიმონივით გამოწურული მოთამაშე, რომელსაც აღარ აქვს თამაშის შესაძლებლობა. ასეთი ადამიანი სათამაშო ბიზნესისთვის აღარ არის საინტერესო და მას ანაცვლებს უკვე ახალგაზრდა, სხვა ადამიანი. მუშაობს პროპაგანდა, მარკეტინგი, რეკლამა. ბუნებრივია, ყველას უნდა ამ ღარიბ ქვეყანაში მდიდარი იყოს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ არ არის მოქალაქეებში მაღალი ცნობიერება. დაბალი ცნობიერება, განათლების დაბალი დონე, ამდენი რეკლამა, ხელმისაწვდომობა, სიღარიბე - ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთმანეთს აძლიერებს.