"პუტინთან დიალოგი ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია“ - კვირის პალიტრა

"პუტინთან დიალოგი ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია“

3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგები ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც შიდა, ისე გლობალური პოლიტიკისთვის. დაკარგავს თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უმრავლესობას კონგრესში, თუ რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ პოზიციებს - სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად თავისუფალი იქნება თეთრი სახლი ირანის მიმართ უფრო მკაცრი და ესკალაციური კურსის გატარებაში. გადავა თუ არა ვაშინგტონისა და თეირანის დაპირისპირება ახალ, სამხედრო-პოლიტიკურ ფაზაში, რა გამოწვევებს შექმნის ეს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში და როგორ აისახება მოსალოდნელი გეოპოლიტიკური რყევები საქართველოს უსაფრთხოებაზე, ამ საკითხებზე უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპის პარტიამ კონგრესში უმრავლესობა დაკარგოს, მათ შორის იმ შტატებშიც კი, სადაც ტრადიციულად ყოველთვის დომინირებდა, მაგალითად, ტეხასში. ვითარებას უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ თავად რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილებაა. ამ პარტიაში არიან გავლენიანი ლიდერები, გუბერნატორები და გამოცდილი პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ტრამპის პოლიტიკა მიუღებელია. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტეხასის რესპუბლიკელი სენატორი, დიდი პოლიტიკური გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც, ფაქტობრივად, განზე გადგა საარჩევნო პროცესისგან. არსებობს ორი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ტრამპმა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა: პირველი ირანთან დაწყებული საომარი მოქმედებებია, მეორე კი ქვეყანაში სოციალური პრობლემების გამწვავება, განსაკუთრებით საწვავის ფასების ზრდა.

ირანთან ომი ამერიკელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, რომ ტრამპმა სამხედრო მოქმედებები საკანონმდებლო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე დაიწყო. ეს ამერიკული პოლიტიკური პრაქტიკისთვის უპრეცედენტო ნაბიჯია, რადგან ქვეყნის კანონმდებლობა პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას მსგავსი მასშტაბის სამხედრო მოქმედებები საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით, დამოუკიდებლად დაიწყოს. გარდა ამისა, ამერიკული პრესა სავსეა კორუფციული სკანდალების შესახებ ინფორმაციით, სადაც ხშირად ფიგურირებენ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ამერიკელ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად მკვიდრდება წარმოდგენა, რომ ტრამპის ოჯახი სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად პირადი ფინანსური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. რესპუბლიკელთა ნაწილშიც სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა: მათი შეფასებით, პრეზიდენტი პოლიტიკური ლიდერის ნაცვლად ფინანსურ ფიგურად იქცა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნავს. ყოველ შემთხვევაში, ამერიკული პრესის ერთი ნაწილი დღეს ტრამპს სწორედ ასეთ რეპუტაციას უქმნის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც ამგვარად აღიქვამს მის საქმიანობას. პირადად ვიცნობ ნიუ-იორკში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ქართველებს, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის შტაბში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ისინი პარტიის საორგანიზაციო სტრუქტურასა და საქმიანობას ჩამოშორდნენ, რადგან არსებული ვითარება და ტრამპის პოლიტიკა მათთვისაც მიუღებელია.

- რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ამერიკის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს?

- ობამამ უბრალოდ ის განწყობები გაახმოვანა, რომლებიც ამერიკელ საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბებულია. თუ მიიჩნევა, რომ ამერიკელები ირანთან ომში ნეთანიაჰუმ ჩაითრია, უკრაინის მიმართ სიმპათია უცვლელია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კიევს დახმარება სჭირდება. პუტინთან დიალოგი კი ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია.

ტრამპის მიმართ ნეგატიური განწყობების გაძლიერებას ხელს უწყობს პრესაში გავრცელებული ცნობებიც იმის შესახებ, რომ თავის დროზე ის შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურების გადაბირებული იყო. გარდა იმისა, რომ მსგავსი ინფორმაცია ბრიტანულ და გერმანულ წყაროებშიც გავრცელდა, თავად ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები სხვადასხვა ინტერვიუში საუბრობენ ამ საკითხზე. იხსენებენ ტრამპის ხშირ ვიზიტებს მოსკოვში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში და ყურადღებას ამახვილებენ მის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე პუტინთან.

ყოველივე ეს ამერიკელ საზოგადოებაში კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს ტრამპის რუსეთთან კავშირებისა და მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოტივების შესახებ.

ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ პუტინისა და ტრამპის საგრძნობლად დაახლოება ამერიკელების დიდ ნაწილს აღიზიანებს. რესპუბლიკური პარტია ტრამპის ამ პოზიციის ახსნას იმით ცდილობს, რომ მსოფლიო წესრიგში სამი ზესახელმწიფოს - ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით ახალი ტრიუმვირატი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს თამაშის წესებს დაუწესებს. თუმცა ამერიკელები აქამდე საერთაშორისო ძალთა ბალანსს, ძირითადად, ორი ზესახელმწიფოს - შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დაპირისპირების ჭრილში განიხილავდა. რუსეთის მესამე ზესახელმწიფოდ წარმოჩენა საზოგადოების ნაწილისთვის ტრამპის მიერ ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ კონსტრუქციად აღიქმება.

- ამ დრომდე ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილი პუტინთან მის დაახლოებას ტაქტიკურ სვლად მიიჩნევდა და არგუმენტად მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა მოჰყავდა, როდესაც ვაშინგტონი მოსკოვს მკაცრად ელაპარაკებოდა. დღესაც შეიძლება ამ არგუმენტის გაზიარება?

- რასაკვირველია, შესაძლებელია ტრამპის პუტინთან ურთიერთობა მართლაც ტაქტიკური თამაში იყოს, მაგრამ პოლიტიკა შედეგებით უნდა შევაფასოთ. შედეგები კი ასეთია: რუსეთი პრაქტიკულად ვერ ბედავდა იმ მასშტაბის ნაბიჯების გადადგმას, რასაც დღეს ვხედავთ. წლების განმავლობაში რუსეთის ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ობიექტები, სადაც, რუსული მხარის მტკიცებით, სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებდნენ და სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები იყო, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე ქვეყნის სიღრმეში. ახლა კი მიმდინარეობს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მასშტაბური დაბომბვა, რასაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება. ამერიკული მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპს შეეძლო ამ პროცესისთვის ხელი შეეშალა და რუსეთისთვის კატეგორიულად მოეთხოვა თავდასხმების შეწყვეტა. სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას და აჩენს კითხვებს მის პოლიტიკაზე.

- თუ 3 ნოემბერს რესპუბლიკელები უმრავლესობას დაკარგავენ, შეიძლება თუ არა, რომ საზოგადოებაში მზარდმა უკმაყოფილებამ და პარტიაში არსებულმა შიდა დაპირისპირებამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერაც ეჭვქვეშ დააყენოს?

- ჯერ ერთი, დონალდ ტრამპის ასაკიდან გამომდინარე, ეჭვი მეპარება, რომ მას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თუნდაც თეორიული შანსი ჰქონდეს. მეორე მხრივ, მას სერიოზული უთანხმოება აქვს რესპუბლიკური პარტიის ძველ ფრთასთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ლინდსი გრემის საკითხია. პარტიის ტრადიციული ფრთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტრამპმა გარდაცვლილი შეურაცხყო, რადგან არ შეასრულა მისი ინიცირებული კანონის მოთხოვნები და მისი აღსრულება არ დაიწყო. ლინდსი რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და უკრაინის აქტიური მხარდაჭერის მომხრე გახლდათ. გრემის ინიციატივით მომზადებული სანქციების კანონპროექტის აღსრულების გაჭიანურებას რესპუბლიკელთა ძველი ფრთა მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის უპატივცემულობად არ აღიქვამს, მათთვის ეს პარტიის ტრადიციული საგარეო პოლიტიკური კურსისა და პრინციპების უგულებელყოფაცაა. ეს დაპირისპირება რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილებას უფრო აღრმავებს.

- შექმნილი ვითარება რა გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს? ასევე საინტერესოა, პრემიერ კობახიძის შეხვედრა აშშ-ის ელჩთან. შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ იმედისმომცემ სიგნალად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესაძლო გაუმჯობესებისთვის?

- ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ თანამიმდევრული არ არის. გარკვეულ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციამ რეგიონის მაღალი აქტიურობა გამოავლინა: ფაშინიანის ვიზიტი, შემდეგ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა სომხეთის მიმართულებით დააანონსა. თუმცა ეს პროცესები ძალიან ნელა ვითარდება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას და იმ მიდგომებს, რომელთა დემონსტრირებასაც ტრამპი ცდილობს, კერძოდ, ე.წ. ტრიუმვირატის შექმნის იდეას, ვითარება უფრო რთულდება. ამ ტრიუმვირატის არსი, როგორც ჩანს, მსოფლიოს განვითარების ერთგვარი საერთო გეგმის შემუშავებაა. რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები კი პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაზე მაღალი ხარისხის კონტროლის დამყარებას გულისხმობს. ასეთ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის მიმართ შეერთებული შტატების ინტერესები უნდა შეიზღუდოს, თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ამ გეგმის მიხედვით, ჩინეთის ინტერესებიც უნდა შეიზღუდოს. მეორე მხრივ, შუა დერეფნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყნის ხელისუფლებებს დიდი იმედი აქვთ. ამიტომ ამ პროცესის მარტივად წარმართვა შეუძლებელი იქნება. თუ დღეს საქართველოში ისედაც ქაოსური ვითარებაა, არ არის გამორიცხული, ტრამპის ძალაუფლების შეზღუდვის შემთხვევაში მდგომარეობა უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. ასეთ ვითარებაში ახალი მიდგომების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვა მოგვიწევს. უნდა ვეცადოთ რეგიონული პლატფორმების შექმნას, სხვა გამოსავალი არა გვაქვს.

ხათუნა ბახტურიძე