„ახალი იალტა“ თუ დროებითი ზავი? - ტრამპ-პუტინ-სის მოსალოდნელი სამიტი და მოლოდინები - კვირის პალიტრა

„ახალი იალტა“ თუ დროებითი ზავი? - ტრამპ-პუტინ-სის მოსალოდნელი სამიტი და მოლოდინები

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი მსოფლიოს ახალ რუკას ხაზავდნენ ისე, რომ მაგიდასთან არ ისხდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა ბედიც იმ წუთებში წყდებოდა. დაახლოებით ეს ასოციაცია გაჩნდა კრემლის კულუარებიდან გამოსულ იმ ინფორმაციაზე, რომ ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის მოსალოდნელი სამიტი მზადების პროცესშია და შეხვედრა შენჟენში გაიმართება.

სამიტის იდეამ 9 ოქტომბერს, პუტინ-ტრამპის სატელეფონო საუბრისას გაიჟღერა, სადაც აშშ-მა რუსული დიზელით ვაჭრობა 2027 წლამდე დაუშვა. მოსკოვმა ხელშესახები სანქციური შეღავათი ისე მიიღო, რომ ომის შეჩერების არანაირი ვალდებულება არ აუღია. სანაცვლოდ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა კიევს რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეწყვეტა მოსთხოვეს. ამის პარალელურად ფრონტზე შტარლინკ-ის სიჩქარე შეიზღუდა, რაც, ცხადია, უკრაინისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. მართალია, აშშ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს, თუმცა მიწოდების რეალური ვადები და ტემპი კითხვებს აჩენს. ეს ყველაფერი კი, ცხადია, მოსკოვის წახალისებისა და კიევზე ზეწოლის კომბინაციაზე მიუთითებს.