"ვაშლიჯვარი, მთაწმინდა, ცირკის მიდამოები, კონიაკის დასახლება": ყველაზე საშიში უბნები თბილისში - ნინო ჩხობაძის ანალიზი: "დედაქალაქს ახალი პრობლემა დაემატა" - კვირის პალიტრა

"ვაშლიჯვარი, მთაწმინდა, ცირკის მიდამოები, კონიაკის დასახლება": ყველაზე საშიში უბნები თბილისში - ნინო ჩხობაძის ანალიზი: "დედაქალაქს ახალი პრობლემა დაემატა"

ვაშლიჯვარში, ემხუარის ქუჩის ბოლოს 30 ოქტომბერს კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლოდი სახლს დაეცა და მოქალაქე დაშავდა. დარგის სპეციალისტები მუდმივად საუბრობენ, რომ ვაშლიჯვრის ტერიტორიებზე მასშტაბური მშენებლობები და ფერდების დამუშავება რისკის შემცველია და მუდმივ კონტროლს მოითხოვს. ზოგიერთი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ახალი, ძალიან პრობლემურია. ვითარების შეფასება ვთხოვეთ გარემოს დამცველს, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს.

- ვაშლიჯვრის ათვისება რომ დაიწყეს, მაშინვე ითქვა, რომ ეს არის იმ ზონაში, სადაც საფრთხე ძალიან დიდია. მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ შეფასდა მთელი თბილისი და ერთ-ერთ საფრთხედ ვაშლიჯვარი გამოიკვეთა. გახსოვთ, ალბათ, ისიც, გზის გაყვანისას იქ როგორი დიდი ბზარი გაჩნდა და დადგა საკითხი, რომ უნდა ამოევსოთ გზა. მაშინაც სპეციალისტები და ჩვენც, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები", ვამბობდით, საჭირო იყო დეტალური შესწავლა, რომ უკვე აშენებულ სახლებთან გამაგრებები გაკეთებულიყო. უპირველესად უნდა შეჩერებულიყო ამ ფერდობების ათვისება, რადგან იქ არის წყლები და უხვი ნალექის გამო, რომელიც არ გვაკლია უკვე თბილისში, ტერიტორია არამდგრადია. თავის დროზეც ამ ტერიტორიების ათვისება არ ხდებოდა იმიტომ, რომ იქ ნამეწყრალი, ეროზირებული ნაკვეთებია. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ - სანამ თბილისს ნორმალური გეგმა არ ექნება საფრთხეების აღსაკვეთად დასახული კონკრეტული ღონისძიებებით, ძალიან გაგვიჭირდება პროგნოზირება, როგორ განვითარდება პროცესები. ღმერთმა დაგვიფარა და 30 ოქტომბერს მხოლოდ დაშავდა და არ დაიღუპა მოქალაქე. ასეთი რაღაცები კიდევ გაგრძელდება და სანამ ყველაფერი დეტალურად არ შემოწმდება, მშენებლობები უნდა შეწყდეს. თბილისმა მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს მშენებლობებზე და კარგად უნდა შეისწავლოს ყველა ის ტერიტორია, რომლებზეც ნებართვებია გაცემული.

მაღალი ხარისხის მშენებლობის სტანდარტი ნიშნავს, რომ ბოძები მყარად, ღრმად უნდა ჩავიდეს მიწაში, ეს კი დიდ ხარჯს მოითხოვს და თავს არიდებენ დეველოპერები. შემდგომ ვინც იბარებს ამ ობიექტებს, ისინიც ატარებენ. რატომ არის ახალაშენებული სახლები დაბზარული, იმიტომ რომ მყარად დასმა არ ხდება, არ იცავენ ტექნიკურ პირობებს. სანიაღვრე სისტემები პრობლემაა. გგონიათ, ვაშლიჯვარში გამართულია სანიაღვრე სისტემები? წყალი ეროზიას იწვევს, რაც შემდგომში კლდეების დაშლასა და მიწის ჩამოსვლას იწვევს. წყალი თუ დაიძრა, მასის მთელი ნაკადი მტკვარში ჩავა და გადაკეტავს გზებს. დიდი პრობლემაა თბილისის შემოვლითი გზა, რომელიც უკვე დაამტკიცეს.

- რა საფრთხეს შეიცავს ეს?

- მიუხედავად იმისა, რომ თბილისი გათავისუფლებულია სტრატეგიული ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების მომზადებისგან, მაინც საჭიროა, რადგან დედაქალაქი დიდი პრობლემების წინაშე დადგება. ყველგან უნდა დათვლილიყო კუმულაციური ეფექტები, სანამ გაიმარჯვებდა რომელიმე კომპანია გზის მშენებლობის ტენდერში. ამიტომ ვითხოვ სტრატეგიულ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რადგან საფრთხე სერიოზულია. კარგად უნდა შეისწავლონ, სად გადის გზა. ვგულისხმობ შემოვლითი გზის უბნებს, ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის ყოფილ შენობას, ავჭალას.

- თბილისში კიდევ რომელი უბნებია სახიფათო?

- პრობლემატურია მთაწმინდა, თავის დროზე ცირკის მიდამოებიც პრობლემატური იყო. რატომ გგონიათ, რომ ყოფილი აკადემქალაქი არ არის საფრთხის ქვეშ, ასევე კონიაკის დასახლება.

ჩვენ კიდევ ერთი პრობლემა დაგვემატა - ქალაქმა ინტენსიურად დაიწყო მშრალი ხევების ამოვსება, კანონმა დართო ნება, მაგრამ ეს წყლის შემავსებელი არხებია. ხევი მშრალია მანამ, სანამ არ მოდის წვიმა და ზედაპირული ნალექი, მერე იწყებს მუშაობას და შესაძლოა გამოიწვიოს დატბორვები. ვერის ხეობის ტრაგედიის დროს 200-ზე მეტი ნაკადული და მშრალი ხევი ამოქმედდა ერთდროულად, იმდენად ინტენსიური წვიმა იყო. სადაც არ ველოდით, იქაც კი მოდიოდა წყალი. რატომ გავურბივართ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს? რატომ გგონიათ, რომ ეს ზედმეტი პროცედურაა? პირიქით, ეს არის პროცედურა, რომელიც იძლევა ათასობით ფულის დაზოგვის საშუალებას, იმიტომ, რომ სწორად გაკეთებული დოკუმენტაცია გარემოს დაცვის გადაწყვეტილების მისაღებად ეკონომიას უკეთებს დეველოპერს. ის აძლევს ინფორმაციას, სად როგორმა სისტემამ უნდა იმუშაოს.

- ცირკის ტერიტორია ახსენეთ, ფერდობზე დგას უზარმაზარი შენობა, რამდენად დაცული იყო იქ სტანდარტები?

- მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ სახლი კარგ საძირკველზე დაესვათ. თუმცა თბილისი მრავალსართულიანი კორპუსების ქალაქი არ უნდა იყოს. აქ მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა საფრთხეებს შეიცავს. მაგალითად, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თავის დროზე ჭაობი იყო. იქ იყო სადრენაჟე სისტემა, დააშრეს ჭაობი, მაგრამ გარშემო იმდენი კორპუსი ააშენეს, რომლებმაც საბოლოო ჯამში შეიძლება პრობლემები შექმნას. მთავარი ადამიანის უსაფრთხოებაა, მერე კი ფულის დაზოგვა.

- დეველოპერმა ააშენა ამ საფრთხის შემცველ ადგილას კორპუსები, გაყიდა ბინები, გავიდა წლები და შეიქმნა საფრთხე, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

- პასუხისმგებელია თბილისის მერია, რადგან ის იღებს ექსპლუატაციაში კორპუსებს. ოფიციალურად ძალიან ბევრი კორპუსია თბილისში, რომელთაც ჩაუბარებელი სტატუსი აქვთ. რატომ არ გვინდა ევროპა? ალბათ, იმიტომ, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა მკაფიოდ მითითება, რომ უნდა შემოსულიყო ახალი სამშენებლო სტანდარტები, 2023 წელს უკვე უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ფეხს ვითრევთ, იმიტომ, რომ დეველოპერს არ აწყობს ახალი სტანდარტების შემოღება.

- რას ურჩევთ მათ, ვინც ყიდულობს თბილისში ბინებს.

- პირველ რიგში უნდა დაიქირაოს ექსპერტი და დაადგინოს, რა სტანდარტით არის აშენებული სახლი, ან თვითონვე წაიკითხოს დოკუმენტაცია, იმიტომ, რომ ჩვენს კანონმდებლობაში წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული 36 ქვეყნის სტანდარტი გვაქვს და რომელი ქვეყნის სტანდარტით ააშენეს, ეს არის საინტერესო.

თბილისში არ უნდა იყოს ასეთი ქაოსური მშენებლობები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს საფრთხეების რუკები, კონკრეტული ღონისძიებების გეგმები, უნდა იქნეს მიღებული კარგი სამშენებლო სტანდარტები. კარგი იქნება ყველა შენობის ინვენტარიზაციაც. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გვექნება ამდენი პრობლემა.