"14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს მე ვიყავი უკანასკნელი ყაჩაღი“
საბოტაჟში ბრალდებული "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"მე რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი ვარ. მე არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამომაგდეს გარეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საპროცესო შეთანხმება არ მქონია. ციხიდანაც გამომაგდეს და სასამართლოდანაც. რა საპროცესო გარიგებაზე მიმართვა, სამშობლოს ღალატთან საპროცესო გარიგება როგორ შეიძლება? სამშობლოს ღალატთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძესა და მის ბანდას. ციხიდან გამოშვებას, რა თქმა უნდა, არ ველოდებოდი. სავარჯიშოდ მივდიოდით ბიჭებთან, თანამესაკნეებთან, მეგობრებთან ერთად, რომლებიც თან გადამყვნენ. არაფერს ველოდებოდი, გამომაგდეს გარეთ...", - ამბობს დიტო ჩუბინიძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
- ჩემს დაკავებას პოლიტიკურ დევნას ვუკავშირებ, ხელისუფლების ღალატს, ტერიტორიების გაყიდვას, საიდუმლო ხელშეკრულებებს და ქართველი ხალხის ზურგს უკან გაფორმებულ საიდუმლო შეთანხმებებს, რომლის ძალითაც, დიდი ალბათობით, საქართველომ უკვე დაკარგა დავითგარეჯის სადავო ტერიტორიების ნაწილი. ეს უკვე ცხადზე ცხადია. უცხო ქვეყნის ჯარი დგას იმ ტერიტორიებზე, ჩიჩხიტურის კოშკს უკვე შეცვლილი აქვს სახელი და ჰქვია "თურქულ-აზერბაიჯანული კეშიკ-ჩიგალი", ხოლო აღდგომის ტაძარს, სადაც 1616 წლის აღდგომის ღამეს 6 000 ბერი შეაკვდა შაჰ-აბასს, უკვე ჰქვია "ალბან მებედი". რუკებზე შეგიძლიათ ნახოთ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყელში ვყავდით გაჩხერილი ჩემი საგაზეთო პუბლიკაციებით, ფეისბუკ-აქტიურობისა და აკადემიური მოღვაწეობის გამო.
მიყურებდნენ გამადიდებელი თვალებით ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, სადაც რამდენიმე კაცს და ჩემს სტუდენტებს უხაროდათ ჩემი დანახვა, ახლა გავიგე, რომ სტატუსიც შეუჩერებიათ. არ ვიცი, სამუდამოდ თუ დროებით. მოუწვევიათ ეთიკის კომისიის სხდომა კანონდარღვევით. ამაზე პასუხს მოვთხოვ და კეთილი ინებონ, თავიანთი გაფუჭებული გაასწორონ, სანამ დავიწყებდე სამართლებრივ დავას ჩემს მეგობართან, უფლებადამცველ ზაზა ხატიაშვილთან ერთად. მოკლედ, ვფიქრობ, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემს წინააღმდეგ, ჩემი მუხლებზე დაყენება სურდათ. შემომიცვივდნენ ოჯახში: მოხუცი დედა, სიმსივნით ავადმყოფი, რამდენჯერმე მოკვდა და გაცოცხლდა. 14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს უკანასკნელი ყაჩაღი ვიყავი, მკვლელი და ქვეყნის დამაქცევარი. გენერალური პროკურატურის თანამშრომლები მოვიდნენ, დამადეს ხელბორკილები, შემოდგომა ჩამამწარეს. ყვითლად მღვივარი ცოლიკაური ტალავერზე არ დამაკრეფინეს, ხელბორკილებით გამომათრიეს ეზოდან. მთელი ქუჩა ტიროდა. ბატონ ლაშა ნადარეიშვილთან, "ასავალ-დასავლის" მთავარ რედაქტორთან, დარეკვის უფლება არ მომცეს. დააპატიმრეს ჩემი ტელეფონი, ლეპტოპი, თითქოს იქ დავითგარეჯის გაყიდვის რუკები მქონდა შენახული. ახლა გენერალურ პროკურატურაში უგდიათ, ალბათ დაძვრებიან ხვლიკებივით შიგნით. ეს კობახიძის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ამ რეჟიმის სახის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. კობახიძე ამას ვერ გაბედავდა, ეს "რამბალკოშეს" მორიგი სათამაშო, კობახიძე ამის მქნელი ვერ არის. დიდი ალბათობით, არა იმის გამო, რომ მას სინდის-ნამუსი ან ბოროტების მასშტაბები არ ეყოფა, უბრალოდ, ბუნებით ლაჩარია და დაუკითხავად საპირფარეშოში ვერ შედის. ეს ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები სინამდვილეში ჩაკონვერტებული ნაძირალები არიან, სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ იკვებებიან ვიღაცის კარმუშკიდან. სამარცხვინო ჟურნალისტთა ფედერაცია, სპეცსამსახურების პირდაპირი ტროლი და მოსიარულე სირცხვილი ქართული ჟურნალისტიკისა გიორგი მამაცაშვილი, როგორც მეუბნებიან, კარდაკარ დაძვრებოდა ჟურნალისტებთან, ცნობილ ადამიანებთან და ეუბნებოდა: დიტო ჩუბინიძე არის სამშობლოს მოღალატე, მის შესახებ აქვთ ვიდეომტკიცებულებები, როგორ ღალატობს საქართველოს და ამიტომ არ დაიცვათ, პროტესტი არ გამოხატოთ, თორემ ეს მასალები გასაჯაროვდება და დიტო ჩუბინიძის დაცვის გამო ძალიან შეგრცხვებათო. ამას აკეთებდა ის, ნაცვლად იმისა, ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გამოსულიყო და ერთი პატიოსანი კაცის, საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორის, ისტორიკოსის, პუბლიცისტისა და პროფესორის, დიტო ჩუბინიძის ინტერესები დაეცვა. აი, ამას სჩადიოდა ეს ნაძირალა! ეს იყო გაფრთხილება ყველასთვის, რომ აჰა, თქვენ რამეზე ხმას ამოიღებთ? დიტო ჩუბინიძეს ხომ ხედავთ, რას ვუკეთებთ, "ქართული ოცნების" ვირის აბანოში მივაბრძანებ, თქვენ უარესს გიზამთ. ციხის თანამშრომლები, დაწყებული რიგითი ექიმით და დამთავრებული რიგითი ბადრაგით, ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო.
- რა განცდა დაგეუფლათ, როცა სამშობლოს ღალატის ბრალდებით აღმოჩნდით ციხეში?
- საშინელება! ჩამომათრიეს, შემაგდეს კაპეზეში. წნევამ ამიწია. მომხედეს ექიმებმა, წნევის წამალი დამალევინეს. სამარტოო საკანში ვიყავი. მმეთვალყურეობდნენ ინტენსიურად, მშიოდა და საჭმელი ყელში არ გადამდიოდა, მეძინებოდა და ვერ ვიძინებდი. მეორე დღეს წამათრიეს. ზაზა ხატიაშვილს, ჩემს ძმას, მადლობა, გულის კარი გამეხსნა, რომ შემოვიდა და მითხრა: "დიტო, კაპიკი არ მინდა შენგან, ჩემი ძმა ხარ, გიცავ, არაფერი საჭირო არ არის, ნუ გეშინია!.." მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონა ფილაურს, რომელიც პირველი შემოვიდა ჩემთან, როგორც უფლებადამცველი, მაგრამ მერე ისე წარიმართა სიტუაცია, რომ ჩვენ ზაზასკენ გვქონდა ორიენტირი, იმიტომ, რომ თავიდანვე ესენი, ძაღლებივით რომ დაძრწოდნენ ჩემ გარშემო, რაღაცნაირად ერთხანს დაძაბეს სიტუაცია, მერე გაჩუმდნენ, როგორც იციან ხოლმე. კაციჭამია მხეცები რომ გაიტრუნებიან მსხვერპლის მოლოდინში, ისე გაჩუმდნენ და ამათი სიჩუმე საშინლად არ მომეწონა. სწორედ მაშინ ზაზა ხატიაშვილთან საგაზეთო ინტერვიუ მქონდა და ზაზას ვუთხარი: "ზაზა, რაღაცა თუ იქნება, ხო დამიცავ-მეთქი". "დიტო, რაზეა ლაპარაკიო!" ასე რომ, ზაზასთან თავიდანვე მქონდა ეს პირობა, რომ თუკი რაღაცა გართულდებოდა, ზაზა იქნებოდა ჩვენი უფლებადამცველი.
- ანუ დაჭერის მოლოდინი გქონდათ? იყო მუქარა თუ რატომ?
- არანაირი მუქარა არ ყოფილა, უბრალოდ, ყველას გვყავს შინაურები, ახლობლები, ზოგი პოლიციაში მუშაობს, ზოგი სუს-ში, საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველა მეუბნებოდა, შენი ტელეფონი ისმინება, გაკონტროლებენ, ჭკუით იყავი, რამე პროვოკაცია არ მოგიწყონო. დალევით მე არ ვსვამ, ქვეყანამ იცის. ნარკოტიკებს რომ არ ვეკარები, ესეც. ბიტკოინებში, ქოლცენტრებსა და რაღაცებში რომ არა ვარ ჩარეული და გარეული, ესეც ყველამ იცის. არც ლუდომანი ვარ. რომ ვერაფერი ქნეს, ადგნენ და სახლში შემომიცვივდნენ სოფელში და მოხუცი დედა კინაღამ ხელებში ჩამაკვდა. გადაიტანა თუ არა დედაჩემმა ეგ უბედურება, ეს კიდევ საკითხავია. დედაჩემი ახლა ჩემთან არის, თბილისში. შემოდგომაა, დიდი ოჯახი მაქვს, დიდი სახლი, ეზო-კარი სოფელში და მიხედვა სჭირდება, უნდა წავსულიყავი, მაგრამ ბიძაშვილები მიხედავენ, ყურძენიც დაწურეს, არ წააქცევენ იქაურობას. ამ გარეწრებმა ეს როგორ მომიწყვეს. საშინელება გამომატარეს.
- ელოდებოდი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას?
- არ ველოდებოდი და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა, რომლის ვინაობას ახლა არ დავასახელებ. ეს ის ქართველია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გაზარდა, ეს ის ქართველია, რომლის იმედიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს, რომლის მომავალსაც არა მარტო დიდ ქართულ პოლიტიკაში ვხედავ - ის საერთაშორისო პოლიტიკის მოთამაშეა! მინდა მას მადლობა გადავუხადო. მან ფეხზე დააყენა სენატორები, კონგრესმენები. რამდენიმე კონგრესმენმა და სენატორმა დარეკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ტრამპის ადმინისტრაციაში გაისმა ჩემი სახელი და გვარი: "მისტერ ჩუბინიძე!" პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დაირეკა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ძალიან მძიმე საუბრები იყო ონლაინჩართვით და სამხრეთ კავკასიის კურატორმა საელჩოს თანამშრომლებს დაავალა მოქმედება. ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ გუშინწინ დილით შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა თმაგაწეწილ კობახიძეს და გამომიშვეს! არ ველოდებოდი ამას. ბიჭები გამოსული ვიყავით "პრაგულკაზე". ექვსი კაცი ვისხედით საკანში, აქედან სამი პროფესიონალი სპორტსმენი იყო: ისაკო დევიძეს რა უნდა ციხეში, რომელიც მართლა სავსეა პატიოსნებით, ან საქართველოს ნაკრების წევრს კრივში, უწესიერეს ახალგაზრდას, რომელსაც "ბატონო დიტოს" გარეშე არ მოუმართავს ჩემთვის, უწესიერესი ბიჭები არიან: ჩემი კობა ჭუმბურიძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, აკაკი ფიჩხაური, საათაშვილი, გერონტი ჯარიაშვილი, ყველანი დიდი პატივისცემით მომექცნენ. სასამართლო რომ გამომიცხადეს მოულოდნელად, 6 კაცი ფეხზე წამოდგა, თქვენ აქ რა გინდათო, ყველა იგინებოდა. არჩევნებზე ვინ მისცემს ამათ ხმას. ამ ხელისუფლების მოყვანაში რომ დიდი წვლილი მაქვს, ეს ყველამ იცის, როგორ ვაგინებდი "ნაციონალურ მოძრაობას". ბედი დამცინის, ნოდარ მელაძე და უკანასკნელი "ნაციონალები" მიცავენ და შაქარიშვილები და სუს-ის აგენტურა, ჯიბის პოლიტიკოსები კი... ნინო წილოსანისთვის და სხვებისთვის თურმე მე ვარ ნაძირალა. ყველას ყველაფერზე პასუხი გაეცემა. ყველას გამონათქვამი გულის ფიცარზე მაწერია და ამ გარეწრებს დედაჩემის, პატიოსანი პედაგოგის ციცინო ნიკოლოზის ასული სოფრომაძის ცრემლებს არ ვაპატიებ. ჩემი დაჭერა დაამთხვიეს პარტიების თემას, უნდოდათ ჩემი ამბავი გადაეფარათ პარტიების თემით, მაგრამ ვერ გადაფარეს. შხამიანი კბილები ჩადებული აქვთ და ეს შხამიანი კბილებია ახლა ამოსაცლელი და ამოეცლებათ. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს - საქართველოს მართავს ჯალალედინი და მთელი საქართველო უნდა აღდგეს მის წინააღმდეგ.