"ოპოზიციას გეგმა რომ ჰქონდეს, საზოგადოება დაინახავდა“
რა მოხდება, თუ ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს კანონგარეშედ გამოაცხადებს და არსებობს თუ არა "გეგმა ბ" პოლიტიკური რეალობის შესაცვლელად? შექმნილ კრიზისზე, ოპოზიციის სამომავლო ნაბიჯებსა და მოსალოდნელ სცენარებზე ცოტნე კობერიძე საუბრობს.
- პარტიები, რომლებიც აქამდე მკაცრად არათანამშრომლობის პოზიციაზე იდგნენ, დღეს სასამართლო პროცესებში არიან ჩართულნი და საკუთარი პარტიების აკრძალვის საკითხზე უწევთ მსჯელობა ხელისუფლებასთან დაპირისპირების პირობებში. ამ ყველაფრის პარალელურად, ვერ ვიტყვი ქვეყანაში პროტესტის მძლავრი მუხტი და დაძაბულობაა. მაქვს განცდა, რომ ახალ წლამდე ეს პროცესი პარტიების აკრძალვით დასრულდება. შემდეგ დღის წესრიგში სხვა საკითხი დადგება: რა ფორმით გააგრძელებს ოპოზიცია პოლიტიკურ საქმიანობას, რას აპირებს და როგორ ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის, ან შეეცდება თუ არა მანამდე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას. ფაქტობრივად, პოლიტიკა ისეთ მდგომარეობამდე მიდის, რომ ხელისუფლება პირდაპირ გვეუბნება: აი, აგიკრძალეთ პარტიები და თუ რაიმეს თავი გაქვთ, იმოქმედეთო. ასეთ ვითარებაში ერთადერთ შესაძლო ალტერნატივად რევოლუციური სცენარი რჩება და რომლის განხილვასაც ოპოზიცია თავს არიდებს. შედეგად, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედის, აღარ არის მკაფიო პასუხი კითხვაზე, მონაწილეობს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში, რას აპირებს და როგორ ხედავს ხელისუფლებასთან დაპირისპირების გაგრძელებას. შედეგად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური და ძალთა რესურსების დისბალანსი კიდევ უფრო გაიზარდა. "ოცნებას" აქვს ფინანსური რესურსი, მის ხელშია სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალოვანი სტრუქტურები და პოლიცია. ოპოზიციას კი, როდესაც ინსტიტუციურ დონეზე წარმომადგენლობა არა აქვს და ამგვარ რესურსებს არ ფლობს, ხელისუფლებასთან დაპირისპირების თანაბარი შესაძლებლობა არ გააჩნია. ფაქტობრივად, ოპოზიცია პირისპირ აღმოჩნდა ერთპიროვნულ მმართველთან, რომლისთვისაც ძალაუფლების ერთპიროვნულად ფლობა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და არც პოლიტიკური სირცხვილის განცდას იწვევს. ჩვენ ვამბობდით, რომ ამ პროცესით ხელისუფლებას გავაშიშვლებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "გაშიშვლება" მისთვის სულაც არ არის ისეთი მტკივნეული, როგორიც გვეგონა. ამ რეალობასთან შეჯახება მოგვიწევს, რა ნაბიჯებს გადადგამს თითოეული მხარე და როგორ განვითარდება მოვლენები, პროგნოზირება ახლა რთულია.
- ოპოზიციას კრიტიკულ ვითარებაში სამოქმედო "გეგმა ბ" არა აქვს?
- გეგმა რომ არსებობდეს, საზოგადოება დაინახავდა.
- როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსს, ამ ვითარებაში როგორ აპირებთ მოქმედებას?
- სანამ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მე უკვე მქონდა არჩეული უპარტიო პოლიტიკური საქმიანობა. შესაბამისად, არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე დიდ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. პარტია თითქმის ორი წლის წინ დავტოვე და ჩემი გეგმები არ შეცვლილა. არ მინდა აღმოვჩნდე იმ გადაწყვეტილებების აღმასრულებლის როლში, რომლებსაც "ოცნება" მიიღებს. თუ ხელისუფლება პარტიების აკრძალვას გადაწყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ მეც უნდა ავიკრძალო პოლიტიკური საქმიანობისა და მომავალში პარტიის შექმნის შესაძლებლობა. თუ ამის რეალური საფრთხე დადგება, მაშინ ვნახოთ, როგორ ვიმოქმედებ. რაზეც გავლენის მოხდენა არ შემიძლია, იმის გამო პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და ვერც მუდმივი წუწუნით შევაწუხებ საზოგადოებას. სხვისი გადაწყვეტილებების გამო პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ. რთულდება თუ არა პოლიტიკური ვითარება? ძალიან რთულდება. ვინ როგორ უპასუხებს ამ გამოწვევას, თავად უნდა გადაწყვიტოს.
ხათუნა ბახტურიძე