"უბედნიერესი ვარ, როცა ექიმი ამბობს, დიაგნოზი არასწორია და პაციენტი ჯანმრთელიაო“
მფარველი ანგელოზის მოვლინება რასაც ნიშნავს, ალბათ, ყველაზე უკეთ იმან იცის, ვისაც განსაცდელში მყოფს ვიღაც შეშველებია. ალბათ, სწორედ ამ დროს ვხვდებით, რომ მფარველი ანგელოზი ვინმეს აუცილებლად გამოგვიგზავნის საშველად. იქნებ ვიღაც ფიქრობდეს, რომ მფარველი ანგელოზები აღარ არსებობენ და გაქრნენ. თუმცა, ასე არ არის. ბერლინში მცხოვრები ქართველი თარჯიმანი მარიამ ქირია, შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ქართველი პაციენტების იმედია, ადამიანი, რომელმაც თავადაც რთული გზა გაიარა, მაგრამ სიკეთე არსად დაკარგა, ჩასჭიდა ხელი და სულ თან დაატარებს. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც კლინიკის გზას მუდამ ერთი და იმავე ფიქრით მიუყვება: "ღმერთო, გთხოვ, ცუდი ამბავი არ დამახვედრო!" მარიამს კლინიკაში მაშინ იძახებენ, როდესაც ექიმებს ქართველ პაციენტებთან გასაუბრება სჭირდებათ.
- აფხაზეთის ომმა მშობლიური კერიდან აყრა გვაიძულა. ენგურის ხიდთან ახლოს ვცხოვრობდით. როდესაც სოხუმი იწვოდა და ენგურის ხიდზე ლტოლვილები გადმოდიოდნენ, ჩვენც დავტოვეთ მშობლიური ქალაქი. ჯერ რუსეთში ვიყავით, მერე სამშობლოში დავბრუნდით და სიდუხჭირით გაწვალებულმა გეზი გერმანიისაკენ ავიღე. ფიზიკურად ვშრომობდი და ვსწავლობდი, სათარჯიმნო კურსებიც გავიარე და შევისწავლე სხვადასხვა სფეროს სამეტყველო ტერმინები, მათ შორის, მედიცინისა და სამართლის სფეროში. სერტიფიკატის აღების შემდეგ თავად დავაარსე სათარჯიმნო ფირმა, რის შემდეგაც გერმანიის სამმა უდიდესმა სუბიექტმა: შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკამ, სასამართლომ და საემიგრაციო სამსახურმა ჩემთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.
ემოციურად, ყველაზე ძნელი, შარიტეში მუშაობაა. ყველაზე რთული ონკოლოგიური განყოფილებაა, სადაც სასოწარკვეთილი ადამიანები მხვდებიან, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ დიაგნოზების 80% მცდარია. შარიტე უძველესი და ერთ-ერთი უძლიერესი კლინიკაა ბერლინში. ქართულად ნათქვამ გამარჯობას ენით აღუწერელი განცდა ახლავს, - პაციენტების უმეტესობამ არ იცის, რომ კლინიკა ქართველ თარჯიმანს იწვევს და ქართული რომ ესმის, თვალები ცრემლებით ევსება. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ყველა კვლევა ჩატარებულია და ექიმი ამბობს, დიაგნოზი არასწორია და პაციენტი ჯანმრთელიაო. სანამ გადავთარგმნიდე, ადამიანები ჩემი გამომეტყველებით ხვდებიან, რომ ყველაფერი კარგად არის. როცა დიაგნოზი მძიმეა, მაშინ მეც ძალიან მიჭირს ლაპარაკი. არასოდეს დამავიწყდება ტკივილი, როდესაც საქართველოდან ჩამოსულ 33 წლის ქალზე, ორი შვილის დედაზე ექიმებმა მითხრეს, რომ მხოლოდ სამი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და ეს დედამისისთვის უნდა მეთარგმნა. მაგრამ ისიც არასოდეს დამავიწყდება, როდესაც ახალგაზრდა კაცზე მითხრეს, რომ სიმსივნეზე დასმული დიაგნოზი არასწორი იყო. არადა, ბიჭს საქართველოში 14 ქიმია ჩაუტარეს.
- ძალიან ხშირად ირკვევა, რომ საქართველოში დასმული დიაგნოზების ნაწილი არასწორია.
- ასეა, განსაკუთრებით, ბავშვებში. ამჟამადაც კლინიკაში წევს ცხრა თვის პატარა გიორგი ჩადუნელი, რომელმაც მოიარა საქართველო და თურქეთი. ორივეგან დასმული არასწორი დიაგნოზით გატანჯული ბავშვი შარიტეში მოხვდა. ჩვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ექიმები დოკუმენტაციის გაფორმებასაც კი არ დაელოდნენ, მაშინვე დაუწყეს მკურნალობა. კვდებოდა ბავშვი! თანაც მშობლებიც ისეთი ახალგაზრდა ჰყავს, რომ ჩემი შვილები დამიდგა თვალწინ და გადავწყვიტე, მშობლებიც გამემხნევებინა - ახლა დარდის დრო არა გვაქვს, გაბრიელის სიცოცხლისთვის უნდა ვიბრძოლოთ-მეთქი. დღეს ამ ბავშვს რომ შევცქერი, არც მჯერა, რომ ის გაბრიელია, რომელიც კლინიკაში შემოვიდა. თავადაც თითქოს დიდი კაცის თვალებით მიცქერს. დიდი კაცის იმიტომ, რომ ამ თვალებს დიდი ტკივილი აქვს გამოვლილი. არადა, შარიტეში მისი დიაგნოზიც არ დადასტურდა.
- მინდა წარმატება გისურვოთ, ნაკლები ცუდი დიაგნოზი და ნაკლები ტკივილის ხილვა, მათ შორის საემიგრაციო სამსახურსა და სასამართლოში, სადაც ასევე ქართველებთან თარჯიმნობთ.
- რთულია, როდესაც ჩემი თანამემამულე ქურდობის გამო ხვდება ციხეში. გერმანიას აქვს სერვისი, რომ ასეთ დროს პატიმართან ფსიქოლოგი მიავლინონ, რომელსაც მივყვები და ვხედავ პატიმრის განცდებს. ისე კი, ვინც საქართველოში არ შრომობს, ის ვერც გერმანიაში გააკეთებს ვერაფერს.
რაც შეეხება სასამართლოებს, აქ ძირითადად ბინადრობის პროცესებზე ვთარჯიმნობ და ქართველებს წინასწარ ვაფრთხილებ, იცოდეთ, საქართველოს პასპორტი არასოდეს დათმოთ, რადგან საქართველოა სამშობლო, სამშობლო კი ერთადერთია.