"დღეს ასეთი ამბები ქალაქში აღარ ხდება, ბევრი გაქრა, გაუფასურდა“ - კვირის პალიტრა

"დღეს ასეთი ამბები ქალაქში აღარ ხდება, ბევრი გაქრა, გაუფასურდა“

"მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომლებსაც ჩემ მიმართ დიდი ყურადღება, სითბო გამოუხატავთ, თავიანთი ადამიანობით, ცხოვრების წესით, პროფესიონალიზმით დიდი შთაბეჭდილება მოუხდენიათ" - ამბობს მომღერალი გია დავითიანი და ასეთ ადამიანებს მადლიერებით იხსენებს.

გივი მუნჯიშვილი

- ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანების გახსენებას ბავშვობიდან დავიწყებ. პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე, 6-7 წლის ვიქნებოდი, არტოს ბაღში რომ მიმიყვანეს. იქ იყო ფანტასტიკური ადამიანი გივი მუნჯიშვილი, ბიჭუნების გუნდი ჰყავდა (ბოლოს სახელმწიფო კაპელის ხელმძღვანელი იყო). მამღერა, მომისმინა და მაშინ გაჩნდა პირველი აზრი, რომ მუსიკის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მქონოდა. გივი მუნჯიშვილი თელაველი კაცია, მამასთან და ბიძასთან მეგობრობდა. ბებია მყავდა თელაველი და ისინი ერთმანეთს ადრეული წლებიდან იცნობდნენ, დიდი პატივისცემა და სიყვარული ჰქონდათ. ბატონი გივი ახლა ასაკშია, მაგრამ მხნედ არის. უდიდესი ხელოვანია, ძალიან ყურადღებიანი, თბილი, მზრუნველი, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი. მასთან გატარებულ დღეებს რომ ვიხსენებ, ძალიან მეამაყება. ჩვენ ახლაც ხშირად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. დღესასწაულებს ვულოცავ და სულ უხარია. ტელევიზორში რომ დამინახავს, მომწერს, ხან დამირეკავს და მადლობებს მიხდის, მოსწონს ჩემი გამოსვლები, თან ხომ იცის, რომ ამაში დიდია მისი წვლილი... ის მარცვალი, რომელიც ბავშვობაში ჩემში ჩადო, არ დაკარგულა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სიმღერასთან შეხება არ მქონია. როგორც მომღერალი, პროფესიულ სცენაზე 45 წლის ასაკში დავდექი, მანამდე ინსტრუმენტალისტურ მუსიკას მივყვებოდი ანსამბლში "აისი"... განსაკუთრებული სითბოთი მახსოვს მისი სიტყვები: "მოდი ჩემთან გიაკო, აქ ჩემთან დადექი, ასე იმღერე". ბევრი ტიტულის მფლობელი და ამასთან ერთად ძალიან თავმდაბალი კაცია. მისი საუბარიც კი მომნუსხველია. ვინ იცის, რამდენ ადამიანს მისცა სწორი მიმართულება. ინსტრუმენტით რომ დავინტერესდი, ამ ფაქტითაც ძალიან გახარებული იყო, გადაწყვეტილება მომიწონა. უნდოდა, რომ მუსიკალურ სივრცეში ვყოფილიყავი.

დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, დამირეკავს, მომიკითხავს და მადლობას გადამიხდის, რომ გავიხსენე.

ჯანსუღ კახიძე და ბიძინა კვერნაძე

- ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი იყო გენიალური ჯანსუღ კახიძე. პირველად რომ მომისმინა, ინსტრუმენტზე ბგერა შემიქო. მითხრა, ძალიან მომეწონაო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მეუბნებიან, ბატონი ჯანსუღი თავისთან მუსიკალურ ცენტრში გიბარებთო. რა თქმა უნდა, მივედი. მაგიდის უჯრა გამოსწია და პატარა ყუთი ამოიღო, - ამერიკაში ვიყავი და ეს შენ საჩუქრად ჩამოგიტანეო. წარმოგიდგენიათ? ასეთ დიდ ადამიანს ამერიკაში ყოფნისას რომ გაახსენდები და შენს გახარებაზე იზრუნებს. ეს მისი მხრიდან მუსიკისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაც იყო. ყუთში ე.წ. მუნდშტუკი იდო, რომელიც საქსოფონს უკეთდება და ამ ნაწილის როლი ინსტრუმენტის ჟღერადობაში ძალიან მნიშვნელოვანია. "ოტო ლიკის მუნდშტუკი" მაშინაც სახელგანთქმული ამერიკული ბრენდი იყო და დღესაც ასეა. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვიცოდი, ძვირად ღირებული ნივთი იყო. მადლობა უამრავჯერ გადავუხადე, დამშვიდობებისას კაბინეტიდან რომ გამოვდიოდი, ვუთხარი, ისეთი დიდი საჩუქარი გამიკეთეთ, მე პატივი როგორ გცეთ, არც კი ვიცი-მეთქი. წადი და ინსტრუმენტზე ხშირად დაუკარი, ყველაფერი თანდათან უკეთესად გამოგივა და ეს იქნება ჩემი პატივისცემაო.

რაღაც პერიოდის შემდეგ, ვატო კახიძე მირეკავს და სასწაულ ამბავს მეუბნება, გასტროლზე მიშელ ლეგრანი ჩამოდის, აკომპანემენტი სიმფონიურმა ორკესტრმა უნდა გაუკეთოს, მე და მამაჩემმა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, საქსოფონით ორკესტრში შენი პარტია შეასრულოო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეს კადრები მაშინ ტელევიზიამაც გადაიღო. ვიჯექი სიმფონიურ ორკესტრში ჩემი ინსტრუმენტით, "ბოლეროს" სოლო პარტიას ვუკრავდი და ჩემგან 2 მეტრში იჯდა მიშელ ლეგრანი, ეს სახუმარო ამბავია? ეს იყო ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი, ძალიან ლამაზი და ძვირფასი წუთები...

ჯანსუღ კახიძე იყო ადამიანი, რომელსაც დისციპლინა უმაღლეს მწვერვალზე ჰქონდა აყვანილი და არადისციპლინირებულ ხალხს მასთან სულ პრობლემები ექმნებოდა. ამბობენ, რომ მძიმე ხასიათის იყო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ის სამართლიანი კაცი იყო. რეპეტიციები ისე ჰქონდა აწყობილი, დარბაზში რომ შევიდოდა, ეგრევე რეპეტიცია უნდა დაეწყო. მთელი ორკესტრი ადგილზე უნდა ყოფილიყო და პარტიტურებიც შესაბამისად განლაგებული. მუსიკოსებმა იცოდნენ, დაგვიანების შემთხვევაში, რეპეტიციაზე შესვლის უფლება აღარ ჰქონდათ. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლებოდა გაეგო და საყვედური არ ეთქვა, მაგრამ ვინც დისციპლინას არ იჩენდა, ემშვიდობებოდა.

მასთან პროფესიის მიღმა ურთიერთობის ბედნიერებაც ხშირად მქონია. პერიოდი იყო, ჯგუფ "ალილოში" დავიწყე სიმღერა. რომ მოგვისმინა, მოეწონა. მუსიკალური ცენტრის უკან რესტორანი იყო, სადაც ხშირად შესანიშნავი საზოგადოება იკრიბებოდა, უმეტესწილად თამადა ვანიკო მაჭავარიანი იყო. სუფრასთან ისხდნენ: ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, რეზო ვაჩიბერიძე, გურამ კალანდაძე ("ტურკეცა")... მაშინდელი კოლორიტები, ქეიფის და დროსტარების "მამები". "ალილოს" წევრებისთვის ძალიან დიდი პატივი იყო, როდესაც სუფრაზე გვეძახდნენ. იქ რომ ვიმღერებდით და ასეთი კორიფეების მოწონებას დავიმსახურებდით, უზომოდ გვიხაროდა.

ბიძინა კვერნაძე დიდი იუმორით გამორჩეული კაცი იყო. სტუდენტობის წლებში მდოგვისფერი "მოსკვიჩი" მყავდა. რომ დამინახავდა, მეტყოდა ხოლმე, შენს მანქანას რომ შევხედავ, სოსისი მინდებაო... ერთხელ რეპეტიციაზე მივედი, 20 წუთია დაწყებამდე და მუსიკალური ცენტრის წინ, ეზოში, მასთან და ბატონ ჯანსუღთან ერთად ვდგავარ. ამ დროს ერთი სტუდენტი მოვიდა მანქანით, ძალიან სწრაფად შეაყენა, გადმოიღო ინსტრუმენტი და ჩქარობს, რომ რეპეტიციაზე არ დაიგვიანოს. ამ დროს ვხედავთ, ეს მანქანა სულ ჩიტების სკლინტითაა დასვრილი. ბატონმა ჯანსუღმა ჰკითხა, კი მაგრამ, ეს შავი მანქანა რომ დაგისვრია, რას ჰგავს, სად იყავიო? ბატონო ჯანო, გუშინ ქორწილში ვიყავიო. ბიძინა მიუბრუნდა და ჩხიკვთა ქორწილში იყავიო?..

ოპერაში კონცერტი გვქონდა, ბატონი ბიძინას ნაწარმოებს ვასრულებდით და ბუნებრივია, თავადაც იქ იმყოფებოდა. საგრიმიოროს ფანჯარა იმ მონაკვეთზე გადიოდა, საიდანაც მუსიკოსები შემოდიოდნენ. კომუნისტების პერიოდი იყო, დავინახეთ, მთავრობის წევრები ამ შესასვლელიდან შავი ფარდებიანი ვოლგებით ერთდროულად მოვიდნენ, ბიძინამ ფარდა გადასწია, ეზოში გადაიხედა და მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაილაპარაკა, - "მოშავდნენ".

დაუვიწყარი ამბავი

- მამა (კიმოთე დავითიანი) და მისი მეგობარი ელგუჯა ჯაში, ბავშვობიდან ერთად იყვნენ გაზრდილები. სამაგალითო ურთიერთობა ჰქონდათ. მამაჩემის ნახვა ვინმეს თუ უნდოდა, ელგუჯა უნდა ენახათ და პირიქით, იცოდნენ, ერთად იქნებოდნენ. 9 მაისს ვარ დაბადებული და ყველა დაბადების დღეზე უზომოდ მახარებდა. ერთ დღეს ეზოში თანატოლებთან ერთად ვთამაშობდი. მეზობელს "არლიონოკი" ჰყავდა, მაშინ ეს ყველა ბავშვისთვის ყველაზე ძვირფასი ველოსიპედი იყო. ბუნებრივია, მეც მინდოდა მყოლოდა. 9 მაისს გავიღვიძე და ვხედავ, ჩემს საწოლზე სულ ახალი ველოსიპედია მოყუდებული. დედამ მითხრა, გუჯა ბიძიამ მოგიყვანაო. სიხარულისგან რა დამემართებოდა, ადვილი წარმოსადგენია. ეს ყურადღება ბევრს ნიშნავს, მე მათი სახით მქონდა საოცარი მაგალითი, როგორი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი... მამა და გუჯა ძია პლეხანოველი ბიჭები იყვნენ. ერთ დღეს ორივე რომელიღაც საწარმოში ჩემი "მოსკვიჩით" მივიყვანე. გადავიდნენ მანქანიდან და ეზოში გზა ფეხით განაგრძეს. იქ ერთი ქალბატონი შემხვდა, როგორც ჩანს, მძღოლი ვეგონე. მითხრა, თქვენ იცით ახალგაზრდობაში რა ბიჭები იყვნენ? პლეხანოვზე ვინმე გოგო თუ გაივლიდა, მათი დამსახურებით, უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემდაო. წარმოიდგინეთ, უბანში რამდენი ქალბატონი დადის, რამდენი დედაა, რამდენი რძალია, დაა, მათთვის ხმა არავის უნდა გაეცა, ეს დაუწერელი კანონი იყო.

დღეს ასეთი ამბები ქალაქში აღარ ხდება. ბევრი რამ რაც მომხიბვლელი იყო, გაქრა და გული მწყდება. დამოკიდებულებები გაუფასურდა. ხალხი ისეთ რამეებზეა გადართული, რაც მაშინ მისაღები არ იყო. ადრე სხვაგვარი ურთიერთობები, სხვაგვარი პატივისცემა იყო. ქუჩაში გინებას ვერ გაიგებდი და ახლა ტელევიზორიდანაც კი გვესმის.

თამუნა კვინიკაძე