"დღემდე სინანულში ვარ, პირველად თქვენთან ავლაპარაკდი, ეს ჩემი აღსარებაა"...ზურაბ ცინცქილაძის ემოციური ინტერვიუ: რას ჰყვება მსახიობი მამა გაბრიელზე
"დღემდე სინანულში ვარ, პირველად თქვენთან ავლაპარაკდი, ეს ჩემი აღსარებაა" - ამბობს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე. ეს ინტერვიუ მისი მოგონებებია წმინდანზე, პირველი შეხვედრიდან მოყოლებული, ყველაზე პირადი და ემოციური ამბებით დამთავრებული. 2 ნოემბერი მამა გაბრიელის გარდაცვალების დღეა.
- მამა გაბრიელს პირველად მსახიობმა დავით გიორგობიანმა მცხეთაში შემახვედრა. 1986 წელი იყო. შემომხედა და ჩაილაპარაკა, - კაცო, თქვენ ახლა იქ, იმ ბუდეში, რამდენ ხანს უნდა იყოთ, წმინდა სახლში ეშმაკებმა რამდენ ხანს უნდა იბოგინოთ?! გადაჭრით გეტყოდა სათქმელს, შეპასუხებას კი ვერ შეძლებდი. ან რა უნდა მეთქვა? ვერაფერს ეტყოდი, ისეთი მიდგომა ჰქონდა და ისეთი თვალები... მხოლოდ უნდა გესმინა.
- მკითხველისთვის განვმარტოთ, იმ პერიოდში თქვენ მეტეხის თეატრში თამაშობდით, წარმოდგენებს კი ტაძარში მართავდით.
- სამწუხაროდ, ასე იყო. 1974 წელი იყო, მიტოვებულ ტაძარში წირვა აღარ ტარდებოდა და შემოქმედებითი პროცესით ვითომ გავაცოცხლეთ... მსახიობებმა ტაძარი თავად გავასუფთავეთ, დენი შევიყვანეთ, გარეთ საპირფარეშო ავაშენეთ, სახანძრო გამოვიძახეთ, კედლები ჩამოვრეცხეთ... ჩემი მეუღლეც ჩემთან ერთად იყო...
დაილოცოს ღმერთის სახელი, მამა გაბრიელის ნათქვამის გაუთვალისწინებლობა როგორ შეიძლებოდა? გვეუბნებოდა, რომ იმ თეატრიდან წამოვსულიყავით და ჩვენ მაინც თამაშს ვაგრძელებდით. მე და ჩემს მეუღლეს უბედურებაც შეგვემთხვა, უფროსი ქალიშვილის შემდეგ შვილი გვყავდა, რომელიც დაგვეღუპა.
გამორჩეულად მახსოვს ერთი შეხვედრა მამა გაბრიელთან. იმ დღეს მცხეთის დედათა მონასტერში მისულს ერთი სანთელი, მცირე ზომის ხატთან ერთად მომცა და მითხრა: იქიდან ეს გამოგიყვანს, ეს თქვენი წამალი იქნება, რომელიც მოგარჩენთო...
იმ დღეს თეატრში სპექტაკლი მქონდა, ეს სანთელი და ხატი სათუთად კი შევინახე, მაგრამ მცხეთიდან ისევ სათამაშოდ წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მამა გაბრიელის ძალა, მისი წინასწარ ხედვის უნარი, მაინც საგრიმიოროში შევედი, ჩავიცვი ჩოხა-ახალუხი (სპექტაკლში "პარტახი" მთავარ როლს ვასრულებდი), სარკესთან სანთელი დავანთე და ნაჩუქარი ღვთისმშობლის ხატიც იქვე დავამაგრე. იცით, რა მოხდა? შემოვიდა ხელმძღვანელი, იყვირა, ცინცქილაძე თეატრს დამიწვავსო, სანთელი ჩააქრო და ხატი გადახია... რომ მკითხოთ, იმ წუთში რა ემოცია მქონდა, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ მახსოვს ჩემი ქმედება - გავიხადე ჩოხა, ხმის ამოუღებლად ჩავჯექი მანქანაში და თეატრიდან წამოვედი... მამა გაბრიელმა ხომ მითხრა, ეს სანთელი და ხატი გადაგარჩენსო და მართლაც გადამარჩინა, სასწაული მოახდინა.
თანდათან ვაცნობიერებ, რას ვაკეთებდი, იქ რა ხდებოდა... ტაძარი ღვთის სახლია და რამდენად მიმტევებელია ღმერთი, რომ მე ეს ყველაფერი მაპატია, აქამდე მოვაღწიე და დღემდე სინანულში ვარ. ამ ყველაფერზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, პირველად თქვენთან ავლაპარაკდი, ეს ჩემი აღსარებაა.
- შემდეგ რა მოხდა?
- თეატრიდან რომ წამოვედი, ჩემი და მოსკოვში ცხოვრობდა და გარკვეული დროით მასთან წავედი... მერე ხელმოწერებიც გავაკეთეთ, არ შეიძლებოდა, ტაძარში თეატრს ემუშავა და შენობას ვითხოვდით. იმას ვერაფრით მოვითხოვდით, რომ იქ ღვთისმსახურება აღმდგარიყო, ისეთი დრო იყო, დაგვიჭერდნენ...
მოსკოვიდან რომ დავბრუნდი და მამა გაბრიელთან მივედი, შემომხედა და ჩაილაპარაკა: "გეშველათ ხომ? გიშველით ღმერთი!" - მას გამორჩეული იუმორიც ჰქონდა...
მამა გაბრიელი ყველაფერს წინასწარ ხედავდა, მისი ნათქვამი ძალიან ღრმა და შორეული იყო. ხშირად ამბობდა, რაც მოხდებოდა, მთავრობის სახლის წინ რა ამბები განვითარდებოდა... ყველაფერი ახდა! სულ იმეორებდა, ეს სატანები წავლენო. ზოგჯერ ამბავი რომ მოხდებოდა, მერე ვაცნობიერებდით, მას ამაზე ნალაპარაკები რომ ჰქონდა.
მაშინ ეკლესიაში სიარული არ იყო მისაღები... ერთხელ დავითგარეჯაში ვიყავი, იქიდან რომ დავბრუნდი, სპექტაკლის დაწყებას 3 წუთი აკლდა და დაგვიანებაში ჩამეთვალა, სინამდვილეში პრობლემა დაგვიანება კი არა, ჩემი სალოცავში ყოფნა იყო... შენ თუ სურვილი გქონდა, შეგეძლო მამა გაბრიელს შეხვედროდი, მაგრამ უბრალოდ დაგცინებდნენ, გიჟთან რა გინდოდაო?..

- გამორჩეულად მამა გაბრიელის რომელი ნათქვამი გახსოვთ?
- გადავრჩებით, აუცილებლად გადავრჩებით! - სულ ამბობდა ამ სიტყვებს და მეც ამ რწმენით ვცხოვრობ, მჯერა, გადავრჩებით! შეიძლება სულ სხვა რამეზე ელაპარაკა და ბოლოს დასკვნასავით აკეთებდა: აუცილებლად გადავრჩებით! ხელების ცისკენ აპყრობა იცოდა და ამას თითქოს კანკალით აკეთებდა, ეს იყო მისი ღვთისადმი თხოვნაც.
- გქონიათ ხილვა, გამოცხადება?
- თქვენ ჩემს ფიქრებს კითხულობთ? ისე ძალიან მინდა, სიტყვებით ვერ ავხსნი...
2 ნოემბერი მამა გაბრიელის გარდაცვალების დღეა. ამ დღეს შედგება გია კაჭარავას ფილმის "ბრძოლა - ბერი გაბრიელი" პრეზენტაცია, მასში "კაგებეშნიკის" როლს ვასრულებ, ჩემი პერსონაჟი ოფიცერია, რომელიც მას ბრალს სდებს და მერე საგიჟეთში მიჰყავთ...
- ალბათ, ამ როლის თამაში ემოციურად ძალიან გაგიჭირდათ?
- რეჟისორმა კარგად იცოდა ჩემი დამოკიდებულება მამა გაბრიელის მიმართ, მაგრამ ამ როლში ის ფაქტი მამშვიდებდა, რომ მისი დასჯის მომხრე არ ვიყავი - მამა გაბრიელს ლენინის სურათის დაწვის გამო დახვრეტა ემუქრებოდა... დღეს ბევრს უჭირს გაცნობიერება, როგორ იდევნებოდა მაშინ სარწმუნოება და რა სასტიკად ეპყრობოდნენ მორწმუნეებს...
მამა გაბრიელი იყო ღრმად ეროვნული და ჯანსაღი ადამიანი. სიტყვა "ჯან" სულს ნიშნავს, დღეს რომ ერთმანეთს ჯანმრთელობას ვუსურვებთ, ეს სხეულის კი არა, სულის სიმრთელეა. მამა გაბრიელი სულმრთელი ადამიანი იყო, მკვიდრი ცისა და მიწისა.
ხშირად მახსენდება, მცხეთაში მიწას ისე ეხებოდა, რომ წამოდგებოდა, ტუჩებზე მიწა მოჰყვებოდა, მაგრამ ხელსაც არ მოისვამდა, რომ მოეწმინდა - გესმით?!
თამუნა კვინიკაძე