70 წუთში დაღუპული 10 ათასი ადამიანი - უდიდესი საზღვაო კატასტროფა, რომელმაც „ტიტანიკის“ ტრაგედიაც კი გადაფარა - კვირის პალიტრა

70 წუთში დაღუპული 10 ათასი ადამიანი - უდიდესი საზღვაო კატასტროფა, რომელმაც „ტიტანიკის“ ტრაგედიაც კი გადაფარა

ბრიტანული სამგზავრო ლაინერ "ტიტანიკის" ჩაძირვამ მთელ მსოფლიოს დაანახა ის უდიდესი საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყოლოდა ერთ გემზე რამდენიმე ათასი მგზავრის განთავსებას, როდესაც საჭიროების შემთხვევაში მათი სწრაფი ევაკუაციის ტექნიკური საშუალებები საკმარისი არ იყო და ევაკუაციის ორგანიზებაც მოიკოჭლებდა. მაგრამ "ტიტანიკის" ჩაძირვიდან (რომელსაც მის ბორტზე მყოფი 2 223 კაციდან 1 517-ის დაღუპვა მოჰყვა) 33 წლის შემდეგ კიდევ განმეორდა უფრო დიდი მასშტაბის ტრაგედია, რომელიც დღემდე ყველაზე დიდმსხვერპლიან საზღვაო კატასტროფად ითვლება.

თუკი 1912 წლის 14 აპრილს ატლანტის ოკეანეში "ტიტანიკი" აისბერგთან შეჯახებამ ანუ ნაწილობრივ ბუნებრივმა მიზეზმა იმსხვერპლა, 1945 წლის 30 იანვრის უდიდესი საზღვაო კატასტროფის მიზეზი, რასაც თითქმის 10 ათასამდე მგზავრი შეეწირა, წმინდა ადამიანური ფაქტორი, უფრო კონკრეტულად კი დიდი ომის საზღვაო ორთაბრძოლა გახდა.

1945 წლის 30 იანვრის ღამეს ბალტიის ზღვაში ქარიშხალი მძვინვარებდა, ყინვა -180ჩ-მდე აღწევდა, ხოლო ხილვადობა მინიმალური იყო. სწორედ ამ ექსტრემალურ პირობებში დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საზღვაო კატასტროფის ქრონოლოგია.

თუმცა დავიწყოთ თავიდან: მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა. აღმოსავლეთ ფრონტზე მესამე რაიხის ჯარები უკან იხევდნენ, მათ ფეხდაფეხ მისდევდა საბჭოთა არმია. 1945 წლის იანვარში აღმოსავლეთ პრუსიაში ტემპერატურა -20°ჩ-მდე დაეცა. გოტენჰაფენის პორტში (დღეს ეს ქალაქი პოლონეთის შემადგენლობაშია და მას გდინია ჰქვია) თავი მოიყარა ათიათასობით ლტოლვილმა, რომლებსაც საბჭოთა ჯარების შიშით ყველაფერი მიეტოვებინათ. პორტის მისადგომებთან ადამიანები სიცივისგან ღია ცის ქვეშ იხოცებოდნენ. "ვილჰელმ გუსტლოფი" მათთვის გადარჩენის უკანასკნელი იმედი იყო. 208 მეტრი სიგრძისა და 25 ათასი ტონა წყალწყვის რვაგემბანიანი "ვილჰელმ გუსტლოფი" თავისი დროის ერთ-ერთი თანამედროვე და ტექნოლოგიურად მოწინავე სამგზავრო გემი იყო, რომელიც ჰიტლერის ბრძანებით ააგეს როგორც მსოფლიოში პირველი სპეციალიზებული საკრუიზო ლაინერი გერმანელი მუშებისთვის. ლაინერის დიზაინიც კი ნაცისტურ იდეოლოგიას ემსახურებოდა. კაპიტალისტური გემებისგან განსხვავებით, სადაც მგზავრები პირველ, მეორე და მესამე კლასებად იყვნენ დაყოფილი, "ვილჰელმ გუსტლოფზე" ყველა კაიუტა ერთი ზომისა და კომფორტის იყო.

3-sazgvao-1793553021.png
საბჭოთა წყალქვეშა ნავის С-13-ის წყალზედა წყალწყვა მის მიერ ჩაძირულ 25-ათასტონიან "ვილჰელმ გუსტლოფთან" შედარებით მხოლოდ სულ რაღაც 837 ტონას (წყალქვეშა წყალწყვა 1 090 ტონა იყო) თუ შეადგენდა

გემი ნამდვილი ტექნიკური და არქიტექტურული საოცრება გახლდათ. მას შეეძლო ბორტზე 1 500-მდე მგზავრის და 400-ზე მეტი ეკიპაჟის წევრის მიღება. გემზე იყო უზარმაზარი კინოთეატრი, თეატრალური დარბაზი, საცურაო აუზი, სალონები და მდიდრული სასადილოები.

1938-დან 1939 წლის ზაფხულამდე გემმა ათობით საკრუიზო რეისი შეასრულა იტალიაში, ესპანეთსა და ნორვეგიის ფიორდებში. ყოველი ასეთი ვოიაჟი ფართოდ შუქდებოდა გერმანულ პრესასა და რადიოში, როგორც მესამე რაიხის ეკონომიკური ტრიუმფის დასტური.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გემი გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "კრიგსმარინემ" დაიკავა. ის ჯერ მცურავ ჰოსპიტლად გადააკეთეს, ხოლო 1940 წლიდან გოტენჰაფენის პორტში იდგა და წყალქვეშა ნავების ეკიპაჟების მცურავ ყაზარმად გამოიყენებოდა.

"ვილჰელმ გუსტლოფის" ბოლო რეისზე ხალხის აყვანა ნამდვილ ქაოსად იქცა. ეს ყველაფერი ხდებოდა ფართომასშტაბიანი სამხედრო ევაკუაციის, ოპერაცია "ჰანიბალის" ფარგლებში, როდესაც ნაცისტური გერმანია წითელი არმიის მოახლოების გამო აღმოსავლეთ პრუსიიდან სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას ცდილობდა. თავდაპირველად ჩასხდომა მკაცრად კონტროლდებოდა. გემი გათვლილი იყო დაახლოებით 1 500-1 900 მგზავრზე. ოფიციალური სიებით ბორტზე აიყვანეს წყალქვეშა ნავების სასწავლო დივიზიის 900-ზე მეტი ოფიცერი და კურსანტი (რომლებიც გერმანიას ახალი წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებისთვის სჭირდებოდა), 160-ზე მეტი დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცი და ქალთა საზღვაო დამხმარე სამსახურის 370-ზე მეტი წევრი.

როდესაც ლტოლვილების აყვანა დაიწყო, ოფიციალური აღრიცხვა მალევე ჩაიშალა. ოფიციალურ ჟურნალში მხოლოდ 6 000-მდე კაცი ჩაწერეს, თუმცა პორტში სამხედროებმა პანიკის გამო კონტროლი დაკარგეს და ხალხის ნაკადის შეჩერება ვეღარ შეძლეს, ხალხი ერთმანეთს თელავდა გემზე ასასვლელ ტრაპებთან, ხოლო როდესაც ტრაპები აიყარა, სასოწარკვეთილი ხალხი გემზე აძრომას ბაგირებითა და სატვირთო ბადეებით ცდილობდნენ.

როდესაც გემმა პორტი დატოვა, მასზე 10 500-ზე მეტი კაცი იმყოფებოდა, ნორმაზე თითქმის 5-ჯერ მეტი. ადამიანები ისხდნენ და იწვნენ დერეფნებში, კიბეებზე, სამეურნეო სათავსებსა, დარბაზებში, წყალგაშვებული საცურაო აუზიც კი ლტოლვილი ქალებითა და ბავშვებით იყო გატენილი.

სამაშველო ნავები და ჟილეტები მგზავრების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იყო საკმარისი, ბევრი ნავი კი ყინვის გამო გემბანზე მიიყინა და მათი წყალში ჩაშვება კატასტროფის მომენტში შეუძლებელი აღმოჩნდა.

ღამით ზღვაში ცურვისას "ვილჰელმ გუსტლოფმა" ნავიგაციისთვის განათება ჩართო, მიუხედავად იმისა, რომ წყალქვეშა ნავების თავდასხმის საფრთხე არსებობდა, მისმა კაპიტანმა ფრიდრიხ პეტერსენმა მიიღო ცრუ შეტყობინება, რომ იმ მონაკვეთში თითქოს გერმანული ნაღმოსნები მიცურავდნენ და შეჯახების თავიდან ასაცილებლად ლაინერის ბორტზე შუქის ანთება ბრძანა, რითაც გემი ათასობით მგზავრთან ერთად მარტივად აღმოსაჩენი სამიზნე გახადა. და ამ დროს, ბედზე, საბჭოთა С-13 ტიპის წყალქვეშა ნავი ზედაპირულ მდგომარეობაში (წყლის ზემოთ) იყო, რათა აკუმულატორები დაეტენა. ღამის სიბნელეში წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრებმა შორიდან სინათლე შეამჩნიეს და კაპიტანს მოახსენეს. წყალქვეშა ნავის მეთაური კი გახლდათ მესამე რანგის კაპიტანი ალექსანდრ მარინესკო, რომელიც, წესით, იმ დღეს ზღვაში მორიგეობაზე არ უნდა გასულიყო - მას ტრიბუნალი და დახვრეტაც კი შესაძლოა ელოდა იმისთვის, რომ რამდენიმე დღე-ღამე პორტში შვედ ქალთან ერთობოდა და საერთოდ მიატოვა თავისი ეკიპაჟი, მაგრამ კაპიტნების ნაკლებობის გამო სარდლობამ მიიღო სარისკო გადაწყვეტილება: ტრიბუნალი დროებით გადადო და მარინესკოს მისცა ბოლო შანსი, რომ დანაშაული სისხლითა და ბრძოლით გამოესყიდა. შეტევის დაწყებისას კაპიტანმა მარინესკომ დაარღვია წყალქვეშა ომის რამდენიმე კლასიკური წესი, რამაც მას სრული მოულოდნელობის ეფექტი და გამარჯვება მოუტანა.

წყალქვეშა ნავების თავდასხმის კლასიკური ტაქტიკა გულისხმობდა სამიზნეზე შეტევას ღია ზღვის მხრიდან, რათა უკანდასახევი გზა უსაფრთხო ყოფილიყო. მარინესკომ პირიქით გააკეთა: მან თავისი წყალქვეშა ნავი С-13 შეიყვანა გერმანულ ნაღმურ ველებსა და სანაპირო ზოლს შორის, ვიწრო და სახიფათო წყლებში. გერმანული ესკორტი საფრთხეს მხოლოდ ღია ზღვიდან ელოდა და სანაპიროს მხარეს პრაქტიკულად არ აკონტროლებდა. მარინესკო ლაინერს მარცხენა ბორტიდან, სანაპიროს მიმართულებიდან მიუახლოვდა, სადაც მას არავინ ელოდა.

საბჭოთა С-13 სამიზნეს თითქმის ორი საათის განმავლობაში მისდევდა. იმისათვის, რომ გიგანტური ლაინერს ტემპში არ ჩამორჩენოდა, მარინესკომ მიიღო უაღრესად სახიფათო გადაწყვეტილება -დევნა დაიწყო წყლის ზედაპირზე და არა ჩაძირულ მდგომარეობაში.

ბალტიის ზღვაში იმ ღამეს საშინელი შტორმი იყო. წყლის ზედაპირზე მყოფი ნავი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გერმანულ ხომალდებს შეემჩნიათ, თუმცა ძლიერმა თოვამ, ქარმა და ნისლმა საბჭოთა წყალქვეშა ნავი მტრის თვალისგან საიმედოდ დამალა.

მარინესკოს ტორპედოების ზალპი არ დაუწყია შორი მანძილიდან, სადაც აცდენის ალბათობა დიდი იყო. მან ნავი ლაინერს მიუახლოვა ახლო მანძილზე დაახლოებით 700-800 მეტრზე. ამ დისტანციიდან აცილება შეუძლებელი იყო, ხოლო გერმანულ ესკორტს რეაგირებისთვის დრო არ რჩებოდა.

С-13-მა ცხვირის აპარატებიდან "ვილჰელმ გუსტლოფისკენ" ოთხი ტორპედო გაუშვა, თუმცა მეოთხე ტორპედო, რომელსაც ეწერა "სტალინისათვის", სატორპედო აპარატში გაიჭედა და ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ გაისროლეს.

დანარჩენმა სამივე ტორპედომ მიზანს მიაღწია: პირველი მოხვდა სამგზავრო ლაინერის ცხვირს, მეორე - გემის შუა ნაწილს (სადაც საცურაო აუზი იყო განთავსებული), ხოლო მესამე - გემის სამანქანო განყოფილებას. უზარმაზარი ლაინერი "ვილჰელმ გუსტლოფი" 70 წუთში ჩაიძირა.

თავდასხმის შემდეგ გერმანულმა საესკორტო ნაღმოსანმა დაიწყო საბჭოთა წყალქვეშა ნავზე ნადირობა და სიღრმული ბომბების ჩაყრა ზღვაში. მარინესკომ წყალქვეშა ნავი ფსკერზე დასვა, გამორთო ყველა ძრავა და აპარატურა, რითაც გერმანულ ჰიდროლოკატორებს კვალი აურია და უვნებელი გადარჩა.

ამ დროს კი ტორპედირებული და ჩასაძირად განწირული "ვილჰელმ გუსტლოფის" ბორტზე ჯოჯოხეთი ტრიალებდა. ევაკუაციის დროს დაშვებულმა შეცდომებმა მსხვერპლი კატასტროფულად გაზარდა - ექსტრემალური ყინვის გამო სამაშველო ნავების ჩამოსაკიდი ბაგირები და მექანიზმები მთლიანად მიიყინა გემბანზე, მათი ნაწილი საერთოდ ვერ ჩაუშვეს წყალში. ბორტზე მყოფი 10 500 კაცისთვის სამაშველო ნავებისა და ჟილეტების რაოდენობა არ იყო საკმარისი. პანიკის თავიდან ასაცილებლად ბევრი შიდა კარი გადაიკეტა, რის გამოც ქვედა გემბანებზე ათასობით ქალმა და ბავშვმა ტრიუმებიდან ამოსვლა ვერ მოასწრო.

რამდენიმე გერმანულმა სამხედრო ხომალდმა და კატარღამ მხოლოდ 1 200-ზე მეტი კაცის გადარჩენა მოახერხეს. დანარჩენი 9 300-ზე მეტი მგზავრი დაიღუპა.

თავის მხრივ, საბჭოთა წყალქვეშა ნავის კაპიტანი მარინესკო მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში შევიდა ყველაზე მასშტაბური და საკამათო საზღვაო თავდასხმის ხელმძღვანელის სახელით.

გერმანული მხარე მარინესკოს ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში ადანაშაულებდა (სულ რაღაც რამდენიმე დღეში, 1945 წლის 10 თებერვალს, С-13-მა იმავე მარინესკოს კაპიტნობით კიდევ ერთი დიდი გერმანული შეიარაღებული ჰოსპიტალური გემი, "გენერალი შტაუბენი" ჩაძირა, რასაც დაახლოებით 3 600-მდე კაცი შეეწირა). თუმცა საერთაშორისო სამხედრო სამართლის მიხედვით, "ვილჰელმ გუსტლოფი" არ იყო მონიშნული წითელი ჯვრით, ჰქონდა დამცავი შეფერილობა, ბორტზე დამონტაჟებული იყო საზენიტო ტყვიამფრქვევები და მას სამხედრო ხომალდები აცილებდნენ, რაც მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ აქცევდა.