როგორ მოატყუა „ახალმა სტივ ჯობსმა“ ამერიკა - კვირის პალიტრა

როგორ მოატყუა „ახალმა სტივ ჯობსმა“ ამერიკა

სულ ახლო წარსულში მსოფლიო მას მედიცინის ნოვატორად და აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა, თვითშემდგარ მილიარდერ ქალად მიიჩნევდა. დღეს კი ის ტეხასის ფედერალური საპატიმროს რიგითი პატიმარია, რომელმაც სილიკონ-ველის ისტორიაში უდიდესი თაღლითობის სქემა შექმნა.

ბავშვობის ამბიცია

ელიზაბეთ ენ ჰოლმსი ვაშინგტონში, გავლე­ნიან ოჯახში დაიბადა. მამამისი, კრის ჰოლმსი, ენერგეტიკული გიგანტის, "ენრონის" ვიცე-პრეზიდენტი იყო, ეკავა მაღალი­ თანამდებობები სხვადასხვა სახელმწიფო სააგენ­ტოშიც. ელიზაბეთი ბავშვობიდა­ნვე ამბიციურობით გამოირჩეოდა. როდესაც 9 წლისას ჰკითხეს, ვინ უნდოდა, გამოსულიყო, დაუფიქრებლად უპასუხა: "მილიარდერი!"

2002 წელს ის სტენფორდის უნივერსიტე­ტში ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწორედ აქ დაიბადა იდეა, რომელიც მოგვიანებით მისთვის დამღუპველი გახდა. ჰოლმსს ბავშვობიდანვე პანიკურად ეშინოდა საინიექციო ნემსის. მან განიზრახა შეექმნა ტექნოლოგია, რომელიც ტრადიციულ, მტკივნეულ ვენურ პროცედურას ჩაანაცვლებდა. ამ იდეის მიხედვით, თითიდან აღებული სისხლის სულ რამდენიმე წვეთით შესაძლებელი გახდებოდა ერთდროულად ასობით სამედიცინო ტესტის ჩატარება - ქოლესტერინის ანალიზით დაწყებული, სიმსივნური მარკერებით დამთავრებული.

სტენფორდის მედიცინის წამყვანმა პროფესორმა, ფილის გარდნერმა, ჰოლმსს პირდაპირ უთხრა, რომ ამ იდეის განხორციელება მეცნიერულად და ფიზიკურად შეუძლებელი იყო. თუმცა, 19 წლის ჰოლმსმა პროფესორს არ მოუსმინა, 2003 წელს უნივერსიტეტი მიატოვა, სწავლისთვის განკუთვნილი ფულით კი კომპანია "თერანოსი" დააფუძნა.

"ახალი სტივ ჯობსი" და მილიარდერების მოხიბვლის ხელოვნება

ჰოლმსმა შესანიშნავად იცოდა, რომ სილიკონ-ველზე პროდუქტთან ერთად ყიდი შენს პერსონასაც. ის შეგნებულად ჰბაძავდა "ეფლის" ლეგენდარულ დამფუძნებელს, სტივ ჯობსს: ზამთარ-ზაფხულ მხოლოდ შავი როლინგი ეცვა, სამუშაო კაბინეტში კი მისი ამობეჭდილი ავტობიოგრაფია ეკიდა. როგორც ამბობენ, ელიზაბეთი თვალებს თითქმის არ ახამხამებდა, რაც მის მზერას უკიდურესად დამაჯერებელს ხდიდა. საუბრობდა ხელოვნურად დადაბლებული ხმით, რათა მამაკაცებით დომინირებულ ბიზნესსამყაროში უფრო ავტორიტეტული გამოჩენილიყო.ამან და ინოვაციური ლაბორატორიის შექმნის იდეამ - ყველაზე სწრაფი და იაფი ანალიზები რამდენიმე წვეთი სისხლით - იმუშავა. მან კომპანიის ბორდში მიიზიდა ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები, რომლებსაც მედიცინაში არაფერი გაეგებოდათ, თუმცა, ჰოლმსის ქარიზმის ბრმად სჯეროდათ. ბორდის წევრები გახდნენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნები: ჰენრი კისინჯერი და ჯორჯ შულცი და აშშ-ის მომავალი თავდაცვის მინისტრი, გენერალი ჯეიმს მატისი.

ინვესტორებმა კომპანიაში ასეულობით მილიონი დოლარი ჩადეს. მათ შორის იყვ­ნენ მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი (125 მლნ დოლარი) და "უოლმარტის" დამფუძნებლების, უოლტონების ოჯახი. 2014 წელს "თერანოსი" 9 მილიარდ დოლარად შეფასდა, თავად ჰოლმსის კაპიტალმა კი 4,5 მილია­რდს მიაღწია. ელიზაბეთი "ფორბსის" გარე­კანზე მოხვდა, როგორც აშშ-ის ყველაზე ახალგაზრდა, თვითშემდგარი მილიარდერი ქალი.

როგორ მუშაობდა სქემა?

სანამ სამყარო ახალი გენიოსის დაბადებას ზეიმობდა, "თერანოსის" კედლებს მიღმა სრული კატასტროფა ხდებოდა. ჰოლმ­სის მიერ შექმნილი საოცრება-აპარატი, სახელწოდებით "ედისონი" (თომას ედისონის პატივსაცემად) მცდარ შედეგებს იძლეოდა. აპარატი პაციენტებს ხშირად აჩვენებდა, რომ მათ ჰქონდათ პროსტატის კიბო ან აივ-ინფექცია, მაშინ, როცა ისინი სრულიად ჯანმრთელები იყვნენ და პირიქით - მძიმე სენით დაავადებულებს უჩვენებდა, რომ არაფერი სჭირდათ... საოცრება-აპარატის მითი რომ არ დანგრეულიყო, ჰოლმსმა და მისმა პარტნიორმა, რამეშ სანი ბალვანმა, მასშტაბური თაღლითობა წამოიწყეს: "თერანოსმა" აფთიაქების გიგანტ "უოლგრინსის" ქსელთან ერთად კალიფორნიაში ე.წ. ველნეს ცენტრები გახსნა და პაციენტების მიღება დაიწყო. მათ თითიდან სისხლს უღებდნენ და საკუთარ აპარატში ათავსებდნენ, მაგრამ მათი გასვლისთანავე ასისტენტებს სისხლის ნიმუში "ედისონის" აპარატიდან გვერდით ოთახში მდებარე "სიმენსის" სტანდარტულ დანადგარებში გადაჰქონდათ.

ჰოლმსმა საკუთარ ყალბ ანგარიშებზე ფარმაცევტული გიგანტის, "ფაიზერის" ლოგოც კი გამოიყენა, რათა ეჩვენებინა, თითქოს მის გამოგონებას სამეცნიერო აღიარება ჰქონდა. გარდა ამისა, ელიზაბეთი ცდილობდა "თერანოსის" აპარატები აშშ-ის არმიაში, ავღანეთის ბრძოლის ველზე დაენერგა.

გენერალ ჯეიმს მატისს, რომელიც მოგვიანებით ბორდში ჩასვა, იმდენად სჯეროდა ჰოლმსის, რომ ცდილობდა სამხედრო-სამედიცინო შემოწმების გვერდის ავლით აპარატები პირდაპირ ფრონტზე გაეგზავნა. ჯანდაცვის უწყებამ ეს პროცესი ბოლო მომენტში შეაჩერა.

საიდუმლო, რომელმაც შიგნიდან გამოჟონა

2015 წლამდე "თერანოსი" საიდუმლოს საიმედოდ ინახავდა - თანამშრომლებს უმკაცრესი გაუთქმელობის ხელშეკრულებები ზღუდავდა და კომპანიაში ტოტალური შიშის ატმოსფერო სუფევდა. თუმცა, მიუხედავად ზეწოლისა, ახალგაზრდა ლაბორანტებმა, ტაილერ შულცმა და ერიკა ჩუნგმა, დუმილის დარღვევა გადაწყვიტეს და ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოში ანონიმური საჩივარი გაგზავნეს.

როდესაც ტაილერ შულცმა (ბორდის გავლენიანი წევრის, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯორჯ შულცის 20 წლის შვილიშვილმა) კომპანიაში გაყალბება აღმოაჩინა და ბაბუას უამბო, ჯორჯ შულცმა საკუთარ შვილიშვილს "პარანოიკი" უწოდა. ჰოლმსმა კი ახალგაზრდა მკვლევარს ძვირად ღირებული ადვოკატები მიუსია. იურიდიული თავდაცვისთვის ტაილერის ოჯახს ბინის დაგირავება და 400.000 დოლარის გადახდა მოუხდა. ამის შემდეგ შულცი ფარულად დაუკავშირდა გაზეთ "უოლ სთრით ჯორნალის" გამომძიებელ ჟურნალისტს, ჯონ კარეირუს, რომელმაც უდიდესი საფრთხის ქვეშ მოამზადა და გამოაქვეყნა სენსაციური სტატია, რომელმაც ილუზიების სასახლე ხუხულასავით დაანგრია. ჰოლმსის კომპანიასთან ხელშეკრულებები გაწყვიტეს "უოლგრინსის" და "სეიფუეის" ქსელებმა, რამაც ბრენდის საბოლოო კრახი გამოიწვია. 2018 წლისთვის "თერანოსი" უკვე ოფიციალურად ლიკვიდირებული იყო.

საუკუნის პროცესი და განაჩენი

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ხოსეში გამართულ სასამართლო პროცესს მსოფლიო გაფაციცებით ადევნებდა თვალს. პროცესზე ჩვენება მისცა აშშ-ის იმ დროისთვის უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ჯეიმს მატისმა, რომელიც თავად იყო "თერანოსის" ბორდის წევრი და კომპანიაში 85.000 დოლარი ჰქონდა ინვესტირებული. ჰოლმსის დაცვის მხარე ცდილობდა ის წარმოეჩინა გულუბრყვილო, გამოუცდელ ბიზნესმენად, რომელიც რამეშ სანი ბალვანის მხრიდან ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი გახდა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება არ შეეძლო. სხვათა შორის, ინვესტორებმა და ბორდის წევრებმა წლების განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ელიზაბეთ ჰოლმსი და რამეშ სანი ბალვანი, რომელიც მასზე 19 წლით უფროსი იყო, რომანტიკულ ურთიერთობაში იყვნენ. ბალვანი კომპანიაში "ცუდი პოლიციელის" როლს ასრულებდა: ის იყო ტოტალური შიშის დანერგვისა და თანამშრომლების დევნის მთავარი ორგანიზატორი. სასამართლოზე ჰოლმსმა ინვესტორებსა და პაციენტებს ბოდიში მოუხადა.

"განადგურებული ვარ ჩემი წარუმატებლობით. დიდ ტკივილს ვგრძნობ იმის გამო, რაც ადამიანებმა გამოიარეს, რადგან მე მათ იმედები გავუცრუე", - თქვა მან. 2022 წელს ნაფიცმა მსაჯულებმა ჰოლმსი თაღლითობის ოთხ მუხლში დამნაშავედ ცნეს. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცალკე სასამართლო პრო­ცესზე 12 წლით და 11 თვით პატიმრობა მიესაჯა ბალვანსაც. სასამართლომ ჰოლმსს ინვესტორებისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება - 452 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრა. თაღლითობის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ უმსხვილესი მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი (125 მილიონი დოლარი) და აფთიაქების ქსელი "უოლგრინსი" (40 მილიონი დოლარი).

ცხოვრება ციხეში

2023 წლის მაისში 39 წლის ელიზაბეთ ჰოლმსმა ტეხასის შტატის ბრაიანის ფედერალური საპატიმრო ბანაკის კარი შეაღო. ეს არის ქალთა ციხე-ბანაკი, სადაც სასჯელს ძირითადად "თეთრსაყელოიანი" (ეკონომიკური) დანაშაულისთვის მსჯავდადებულები იხდიან. ძვირად ღირებული სამოსი ხაკისფერმა ფორმამ, ხოლო მრავალმილიონიანი აპარტამენტები საერთო საცხოვრებლის ორსართულიანმა საწოლმა შეცვალა. ყოფილი მილიარდერი, რომელიც ერთ დროს ლამის ნახევარი მსოფლიოს ბედს წყვეტდა, ციხის სასადილოში საათში 12 ცენტად მუშაობდა. კარგი ყოფაქცევის გამო ჰოლმსს სასჯელი თითქმის ორი წლით შეუმცირეს. ოფიციალური დოკუმენტებით, მას საბოლოო გათავისუფლება 2032 წელს უწევს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, 2027 წლის აგვისტოში სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ, ან სასჯელს შინაპატიმრობით შეუცვლიან, რაც საშუალებას მისცემს, პარტნიორსა და ორ შვილს დაუბრუნდეს.

ელიზაბეთ ჰოლმსის კინოისტორია

ელიზაბეთ ჰოლმსი კინემატოგრაფისტებისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ამანდა საიფრედის მონაწილეობით გადაღებული მხატვრული სერიალის, The Dropout-ის შემდეგ, 2026 წლის ოქტომბერში კინოთეატრებში გამოვიდა სენსაციური 3-საათიანი დოკუმენტური ფილმი You Can See Everything (რეჟისორები ნეითან ფილდერი და ლენს ოპენჰაიმი). ფილმმა, რომელიც ჰოლმსის ციხეში ჩაჯდომამდე ბოლო 34 დღეს ასახავს, სალაროებში რეკორდები მოხსნა. როგორც ჩანს, საზოგადოებას კვლავაც აჯადოებს ისტორია ქალზე, რომელმაც მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერები და ბიზნესგიგანტები დააჯერა, რომ სისხლის ერთი წვეთით სამყაროს შეცვლა შეეძლო.

შორენა ბიწაძე