ონკოპაციენტის ჩანაწერები
(დასაწყისი "კვირის პალიტრა" N ##40-43)
ნაწილი 3
სიზმარი
უკვე მეორედ ვბრუნდებოდი სამშობლოში და დიდ გაურკვევლობაში...
არ ვიცოდი, რას ვიზამდი, როგორ შევძლებდი სრულყოფილად მკურნალობას. თურქეთში ფასების გამო ეს წარმოუდგენელი იყო, საქართველოშიც ერთადერთ გზად საფრანგეთში წასვლა რჩებოდა...
დათომ აეროპორტში დახვედრა ვერ მოახერხა, ტაქსით გავედი შინ.
ჩემოდნიდან ტანსაცმელი პირდაპირ სარეცხ მანქანაში შევყარე და მივწექი.
უკვე წლებია სიზმრებს ვერ ვიმახსოვრებ.
ბავშვობაში მეტად წინასწარმეტყველური ამბები მესიზმრებოდა, რაც ძალიან მირთულებდა ცხოვრებას, ჰოდა, როცა შემდგომ ეს ყველაფერი გაქრა, ძალიანაც კმაყოფილი ვიყავი... იშვიათად თუ გამომყვებოდა რაიმე ზმანება და ემოცია ძილიდან, თუმცა იმ დღის სიზმარი სრული სიზუსტით მახსოვს - გრძელი, გრძელი რძისფერი ოთახი იყო, უფრო სწორად, ალბათ, პალატა, სადაც ორმხრივად იყო ჩალაგებული ვიწრო სავარძელ-საწოლები, თავიანთი მონიტორებითა და სხვადასხვა აპარატით, რომელთა გაუთავებელი ხმაური ისმოდა - წრიპინი, კაკუნი, შეკივლებასავით უცნაური ხმები... სინათლე მკრთალად ანათებდა, იდგა გაუმჭვირვალე უცნაური ნისლი, იქ არავინ იყო ჩემ გარდა, დავდიოდი საწოლებს შორის ვიწრო დერეფანში და გასასვლელს ვეძებდი...
კარი არ ჩანდა, მხოლოდ მინის დიდი, რძისფერი ფანჯრები... რაც მეტს დავდიოდი, ოთახი მით უფრო გრძელდებოდა, თითქოს ფორმასაც იცვლიდა... უცებ გამიჩნდა განცდა, რომ ვიღაცამ უზარმაზარ, რძისფერ მედუზაში გამომკეტა... გამეცადინებული ვცდილობდი თავის დაღწევას...
მორიგი შემოვლისას ერთ-ერთ მინაზე, როგორც ნახატი გამოჩნდა ფერადი, პატარა კარი, რომელიც ჭრიალით გაიღო და მეც სასწრაფოდ გავიქეცი მისკენ... გადავაბიჯე და პირდაპირ ჩემი სოფლის ეზოში აღმოვჩნდი, ხვიარა ვარდებით მოყვავილე კომშთან, უკან მივიხედე, ყველაფერი გამქრალიყო... და გამომეღვიძა კიდეც.
მალევე გამოვერკვიე. სიზმრიდან გამოყოლილ გაურკვეველ განწყობას ხასიათი არ გაუფუჭებია, მე უფრო ის გამიკვირდა, რომ მანქანას მუშაობა დაესრულებინა, არადა, მეგონა, 4-5 წუთი თუ მეძინა. ჯერ არ ვიცოდი, რომ გავიდოდა სულ ცოტა ხანი და რეალურად აღმოვჩნდებოდი სიზმრის ოთახში.
როცა დიაგნოზს იგებ, მართლა სიზმარივით ირეალურ გარემოში ხვდები და ხელის ცეცებით აწყდები კედლებს. საქართველოში, ალბათ, ეს იმიტომაც ხდება, რომ სისტემაა მოუწყობელი, უამრავი ინფორმაციის მოძიება და გარკვევა შენ გიწევს, არსად, არავინ არის პასუხისმგებელი, რომ რამე ზედმიწევნით აგიხსნას. მეტიც, მომსახურების სერვისებზე ერთ უწყებაში სხვას გეუბნებიან, მეორეში - სხვას, კლინიკაში - სხვას...
მე ფიზიკურად არაფერი მიჭირდა და ყველგან და ყველაფერს მე ვარკვევდი, მაგრამ არიან ონკოპაციენტები, რომლებიც ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო ამას ვერ მოახერხებენ, მათგან ნაწილს შესაძლოა ისეთი ახლობლებიც არ ჰყავს, ვინც დაეხმარება...
ერთ ონკოპაციენტთან ვლაპარაკობდი იმაზე, უწყებიდან უწყებაში სირბილი რა დამღლელია, რომელსაც აღმოხდა, რომ არა, დედაჩემი, რა მეშველებოდაო.
ყველაზე სავალალო ის არის, რომ თავდაპირველი ძვირად ღირებული დიაგნოსტიკური კვლევები არ ფინანსდება და თანხების შესაძლო მოძიების გზებზე იმდენი დრო შეიძლება დაკარგო, რიგი სიმსივნეების შემთხვევაში ეს ფატალურიც აღმოჩნდეს... რომ ვფიქრობ, სულ რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ქიმიოთერაპიაც კი არ ფინანსდებოდა, გული მისკდება იმ ადამიანების გამო, ვისაც ამ გზის გავლა იმჟამად უწევდა...
მეორე დღეს სამსახურში წავედი, იქ უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა...
სწორედ იმ დღეს გაჩნდა კიდევ ერთი გზა, - წასვლა არსად არ იყო საჭირო - დახმარება საზოგადოებისთვის უნდა მეთხოვა. წარმოდგენა არა მაქვს, ჩემი ჟურნალისტობის, შემდეგ რედაქტორობის მრავალწლიანი კარიერისას, რამდენი ასეთი სტატია მაქვს დაწერილი და გამოქვეყნებული, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ დახმარება საკუთარი თავისთვის უნდა მეთხოვა, მარტივი არ აღმოჩნდა... თან ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ამხელა თანხის შეგროვება შესაძლებელი იქნებოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ თურმე ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ყვაოდა შავი ბაზარი, სადაც თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ნახევარ ფასად და კიდევ უფრო იაფად შეიძლებოდა გეყიდა.
„- მთელი ჰოლდინგი ვაწარმოებთ კამპანიას, კარდაკარ რომ დაგვჭირდეს სიარული, ვივლით და მაგ თანხას შევაგროვებთო, მითხრა "კვირის პალიტრის" რედაქტორმა იმ დღეს.
- ძალიან დიდი თანხაა, გიორგი, არ შეგროვდება.
- გეუბნები, შევაგროვებთ! - გაიმეორა ისე გადაჭრით, თითქმის დავუჯერე.
თუმცა შინ დაბრუნებულმა ისევ საფრანგეთზე დავიწყე ფიქრი.
დათო, ნატა, ჩემი დეიდაშვილები და სხვა ახლობლებიც საფრანგეთში წასვლას ყველაზე უკეთეს გამოსავლად მიიჩნევდნენ და მეც ისევ დავიწყე ჩამორეკვა და იმ გზის შესწავლა, რისი გავლაც ასეთ შემთხვევაში მომიწევდა.
საბოლოოდ 4-5 დღე დავკარგე ამ ორჭოფობაში და თითქმის გადავწყვიტე წასვლა სრულიად უცხო ქვეყანაში.
დავგეგმეთ, რომ პარიზში მე და ნატა ჩავფრინდებოდით, სადაც დაგვხვდებოდა ჩემი მეგობრის მამიდაშვილი ლალო და თავდაპირველად ის დაგვაკვალიანებდა, 2-3 დღეში კი გავემგზავრებოდით ბურგუნდიის რეგიონში, პატარა, ულამაზეს ქალაქ დიჟონში, სადაც ნატალია, თვითონაც ონკოპაციენტი დამეხმარებოდა როგორც თავშესაფრის მოთხოვნაში, ისე მკურნალობის პირველი ნაბიჯების გადადგმაში. დიჟონზე ამასობაში იმდენი რამ ვნახე და წავიკითხე, იქაურობა უკვე მშობლიური მეჩვენებოდა... ვიცოდი ბინების ფასები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, ახლომახლო კლინიკები... დიჟონის სახელგანთქმული მდოგვის სახეობებშიც კი გავერკვიე.

დედა
ახლა ჩემი მთავარი საფიქრალი დედა იყო, როგორ უნდა გავმქრალიყავი გაურკვეველი დროით მისი ცხოვრებიდან, როგორ მიიღებდა ის ამას, უნდა მეთქვა, თუ არა ჩემი დიაგნოზი... მოკლედ, დიდ საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი.
საბოლოოდ გადავწყვიტე მისთვის ყველაფერი ისე მეთქვა, როგორც იყო.
უკვე კარგა ხანი იყო ჩემი ევაჩკას ახალი ტელევიზორის ყიდვა უნდოდა, ჰოდა, მე და დათომ გადავწყვიტეთ საჩუქრად ჩაგვეტანა ტელევიზორი და თან ნელ-ნელა მომეყოლა ყველაფერი, რაც ჩემს თავს ტრიალებდა.
ივლისის მზიანი დღე იდგა... მიყვარს გზა ჩემი სახლისკენ - საბადურის ტყის გადავლა წელიწადის ნებისმიერ დროს. მიუხედავად აღმართ-დაღმართებისა, უამრავი ვიწრო მოსახვევისა, არასდროს მიფიქრია, რომ ეს გზა საშიში იყო, ჰოდა, მე-2 კურსზე სწავლისას, როცა ჩემი ჯგუფელები წავიყვანე გიორგობას სოფელში, ისინი კი ამ გზამ ძალიან შეაშინა, მახსოვს, რა გაოცებული ვუყურებდი მათ შიშს... იმ დღეს გზად სახლისკენ რატომღაც სწორედ ის გიორგობა გამახსენდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უდარდელი დღე ჩემს ცხოვრებაში - ახლობელ-მეგობრებით სავსე სახლი, ცოცხალი მამა, რომელმაც გვარიანად გამომთვრალებს მთელი ღამე გვიყარაულა, ემანდ, ცუდად არ გავმხდარიყავით... და დილით გადაბარდნილი არემარე...
იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა გიორგობა ღამეს, მაშინ ასე ადვილად არ იწმინდებოდა გზები, ტრანსპორტი ლამის სამი დღე არა და არ გამოჩნდა, ჰოდა, იყო ჩვენი სახლი სტუმრებით და სიხარულით სავსე...
ვიხსენებდი იმ დღეების წვრილმანებს... საბადურის ტყე დიდი სინათლით იყო სავსე, მაღალი ხეების კენწეროებს შორის გაჩხირული ცა ისეთი ცისფერი ჩანდა, რეალური არ გეგონებოდა...
ამასობაში ჩავედით...
ჩვენს ეზოში ლამის ყველაფერი ერთბაშად ყვაოდა: ვარდები, ცინიები, გვირილები, ივანდამარიები... აქა-იქ უკვე მზესავით ანათებდა ყვითელი რუდბეკია, დედა "პარიჟანკას" რომ ეძახის...
ევამ ტელევიზორით ძალიან გაიხარა.
ერთი ბედნიერება იყო მისი სიხარულის ყურება, მაგრამ საშინლად მასევდიანებდა ის ფიქრი, ცოტა ხანში როგორ უნდა დამემწუხრებინა...
ეს იყო, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საუბარი.
არასდროს დამავიწყდება ის სახე და თვალები, რომელშიც გაუსაძლისი უმწეობა ჩადგა, როცა ვუთხარი, რომ კიბო მჭირდა... უცებ ჩემ თვალწინ ამოიკრიფა სინათლე ამ თვალებიდან... მართალია, კარგად ავუხსენი, რომ ჩემი მდგომარეობა მკურნალობას სრულად ექვემდებარებოდა, მოვუყევი არაერთი განკურნებულის მაგალითიც, გავახსენე ყველა ის ავადმყოფობა, რომლებიც თვითონ საკმაოდ მძიმედ ჰქონდა გადატანილი...
დედაჩემი საოცარი ქალია...
ამ თავდაპირველი უმწეობიდან რამდენიმე წუთში ჩემ თვალწინ მისი სრული ტრანსფორმაცია მოხდა...
სულ ცოტა ხნით დადუმებული 89 წლის დედაჩემი თითქოს ადგილიდან ამოიზარდა, გამაღლდა და ალაპარაკდა:
- დედა გენაცვალოს, ჩემზე რა განერვიულებს, მე ახლა ქვად და კლდედ ვიქცევი, კიდევ უფრო გავძლიერდები, შენ რომ გაგამაგრო... აუცილებლად უნდა წახვიდე იქ, სადაც უკეთესად გიმკურნალებენ, რას ჰქვია, მარტო დავრჩები, დათო აქ არ არის და ეს ამოდენა ახლობელ-ნათესავები... ერთი წელს კი არა, მეტსაც გავუძლებ, მთავარია, ვიცოდე, რომ კარგად ხარ...
არ ვიცი, ამ ყველაფრის მოსმენისას როგორ შევიკავე თავი და არ ავტირდი, ყელში გაჩრილი ბურთი როგორღაც მოვიშორე, მერე ძალიან დიდხანს ვისხედით ჩახუტებულები, ხმას არ ვიღებდით... ვგრძნობდი, როგორ გალღვა ერთმანეთში ჩვენი სხეულები, ისევ ვიქეცით ზიარჭურჭლად...
თბილისში მეორე დღეს დავბრუნდით, უკვე საბოლოო გადაწყვეტილებით, რომ საფრანგეთში მივდიოდი.
იმ დილით ლიამ დამირეკა ათენიდან და მოვუყევი ჩემი გეგმები, ისე, რომ წასვლის გადაწყვეტილება უკვე თითქმის მიღებული მქონდა. თვითონაც იქვე დაგეგმა, რომ მკურნალობის პერიოდში ჩამომაკითხავდა: თუ საჭირო გახდა, მერე მზიაც ჩამოვა, ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზეო, მითხრა.
ამასობაში კიდევ რაღაც-რაღაცები გავარკვიე, ნატას ველაპარაკე, წასვლის დღეც კი შევარჩიეთ... ბილეთის ყიდვა მეორე დღისთვის გადავდე და...
იმ ღამით ერთიანად აცახცახებულს და გაოფლილს გამეღვიძა, თავში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა, რომ არსად არ უნდა წავსულიყავი. საათს დავხედე, შუაღამის 3 საათი იყო...
ასე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, დავრჩენილიყავი საქართველოში და მშობლიურ გარემოში მემკურნალა... თან მელაპარაკა იმ ყველა პრობლემაზე, რაც გზად შემხვდებოდა...
ახლა, როცა ამას ვწერ, ჯერ კიდევ არ ვიცი, სწორი არჩევანი გავაკეთე თუ არა...
მეორე დილით, როცა ნატას და ლიას მოვუყევი ჩემი ამბავი, დიდად არ ესიამოვნათ, ბუზღუნებდნენ, დღეში ცხრა პარასკევი რატომ გაქვსო... თუმცა მე აშკარად გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი თავს, მთელი ის სტრესი და დაძაბულობა ერთბაშად მომეხსნა, რაც ქვეყნიდან წასვლის ფიქრებს უკავშირდებოდა და მეორე დღიდან დავიწყე უკვე იმის გარკვევა, სად, ვისთან და როგორ უნდა მემკურნალა...
ყველამ ვიცით, რომ სიკვდილი გარდაუვალია, თუმცა ვიდრე სადღაც ახლოს არ ვიგრძნობთ მის სუნთქვას, ვერ ვახერხებთ სიცოცხლის არსზე დაფიქრებას, ვერც ყოველდღიური ორომტრიალიდან თავის დაღწევას, მთავრისა და მეორეხარისხოვნის გადახარისხებას... ამ გიჟური ტექნოლოგიების საუკუნეში, როდესაც სამყაროს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდია აპოკალიფსის მოლოდინი, ჩვენ ისევ წვრილმან ამბებში ვიკარგებით... მას მერე, რაც სამშობლოში დარჩენა გადავწყვიტე, კალეიდოსკოპივით აჩქარდა და აჭრელდა ჩემი ყოველდღიურობა. ერთი მხრივ, სამედიცინო ამბებს ვარკვევდი: ვიყავი ვიზიტებზე რამდენიმე მამოლოგ ქირურგთან, შევარჩიე კლინიკური ონკოლოგი, პარალელურად კი სამედიცინო სისტემის ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გარკვევას ვცდილობდი...
კეიტრუდა!
მედიკამენტი ასეთი საკრალური სახელით, არადა, შეიძლება ისე მეცხოვრა, არც არაფერი გამეგო მის შესახებ... თუმცა ასე არ მოხდა. ეს არის თანამედროვე ონკოლოგიური იმუნოთერაპიული მედიკამენტი, რომლის მოქმედი ნივთიერებაა პემბროლიზუმაბია (Pემბროლიზუმაბ).
ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც პირდაპირ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, კეიტრუდა აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას: სიმსივნური უჯრედები ხშირად იყენებენ ცილა PD-L1-ს იმისთვის, რომ დაემალონ თ-ლიმფოციტებს (იმუნურ უჯრედებს). მედიკამენტი ბლოკავს თ-ლიმფოციტებზე არსებულ PD-1 რეცეპტორს. შედეგად, იმუნური სისტემა "ხედავს" სიმსივნეს და იწყებს მის განადგურებას - ეს არის მოკლედ ის მექანიზმი, როგორც ეს პრეპარატი მუშაობს არაერთი სიმსივნის დროს... ზოგიერთის შემთხვევაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს მის მკურნალობაში ჩართვას და სწორედ ასეთია ჩემი სიმსივნე. ჰოდა, რაოდენ გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩემი სოციალური აქტივობის დროს მიკავშირდებოდნენ ჩემი დიაგნოზის მქონე ქალები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ იმუნოთერაპიის ამ პრეპარატის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ქართველი ექიმების ნაწილი მაღალი ფასის გამო პაციენტებს არც უყვება მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე და მხოლოდ ქიმიოთერაპიით შემოიფარგლება. ერთი მხრივ, ეს თითქოს ჰუმანური ნაბიჯია, რადგან ადამიანს, რომელიც ვერ შეიძენს წამალს, განკურნების იმედი არ დაეკარგოს და ხელი ადვილად არ ჩაიქნიოს, თუმცა, მეორე მხრივ, პაციენტის უფლებაა იცოდეს მკურნალობის შესახებ ყველაფერი და გადაწყვეტილებაც თვითონ მიიღოს.
ამ ეტაპზე ჩემი მთავარი საზრუნავი იყო სწორედ ამ მედიკამენტისთვის საჭირო თანხების მოძიება. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სოფო - გოგო, რომელიც 21 წლის ასაკში ურთულეს ონკოლოგიურ დიაგნოზს დაუპირისპირდა და დაამარცხა. ის სოციალურ ქსელში ჩემმა დამ იპოვა, თავდაპირველად სწორედ მან გამარკვია, რომ თურმე რეფერალური წელიწადში "კეიტრუდას" გადასხმის 2 გადასხმას აფინანსებდა. მისგანვე გავიგე შავი ბაზრის ამბებიც...
შემდგომ იყო მოლაპარაკება ჩემს კერძო დაზღვევასთან, რომელმაც ჩემი ლიმიტის ფარგლებში 1 გადასხმა დამიფინანსა.
რჩებოდა კიდევ 13 გადასხმისთვის საჭირო თანხის შეგროვება... თუმცა ახლა უკვე შავი ბაზრის ფასად...