აფხაზ-რუსების მორიგი სიგიჟე: "არიქა, სახლში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი აქვს და მოღალატეა!" - ირაკლი ბჟინავას საქმე - კვირის პალიტრა

აფხაზ-რუსების მორიგი სიგიჟე: "არიქა, სახლში კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი აქვს და მოღალატეა!" - ირაკლი ბჟინავას საქმე

რუსეთში დაკავებული აფხაზი იურისტისა და აქტივისტ ირაკლი ბჟინავას მხარდასაჭერად აფხაზეთში პროტესტი თვეებია გრძელდება. რუსულ მედიასა და პრორუსულ აფხაზურ ტელეგრამარხებზე კი მის წინააღმდეგ კომპრომატების ახალი ტალღა ააგორეს. მის გაშავებას "უკრაინული კვალითა" და "ქართული სიმპათიებით" ცდილობენ: წერენ, რომ ბჟინავას დისშვილი ბადრი გოგია უკრაინის არმიას იარაღით ამარაგებს, თავად კი სახლში ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას, "მთვარის მოტაცებას" ინახავდა. დონის როსტოვის სასამართლომ წიგნი "იდეოლოგიური ღალატის" მნიშვნელოვან სამხილად მიიჩნია.

"აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვისა" და "თავისუფალი სიტყვისთვის" დაპატიმრებული აფხაზის მხარდასაჭერად მხარდამჭერი ხელმოწერები შეგროვდა, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებასა და სოხუმში რუსეთის ე.წ. ელჩს გაეგზავნა. თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილმა აფხაზმა გააკეთა განცხადება ბჟინავას მხარდასაჭერად.

პროტესტის ამ ფონზე ბჟინავას ახალი ბრალდებაც შემატეს: 2023 წელს ტელეგრამ­არხზე დაუწერია, რომ შამილ ბასაევი აფხაზეთის გმირია და დონის როსტოვის სასამართლომ მას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებაც წარუდგინა. ამ ახალი ბრალდების შემდეგ დაიწყო შავი პიარის დიდი ტალღა პრორუსულად განწყობილ აფხაზურ ტელეგრამარხებსა და რუსულ სოციალურ ქსელებში. ახლა გაახსენდათ, რომ ბჟინავას ბინაში ქართველი მწერლის წიგნი ინახებოდა და რომ ბჟინავას უკრაინის მოქალაქე დისშვილთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ბჟინავა ტაგანროგის მკაცრი რეჟიმის ციხეშია მოთავსებული, რომელსაც უფლებადამცველები "ჯოჯოხეთის ფილიალს" უწოდებენ. იქ, ძირითადად, უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ათავსებენ. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ბჟინავას უფლებების დაცვაში შეზღუდულია, რადგან ის აფხაზეთის "მოქალაქეობასთან" ერთად რუსეთის მოქალაქეობასაც ფლობს.

20a1f4c1-7c6c-4ace-af5b-5f61193304e6-1793554067.jpg

უკრაინული და ქართული "კომპრომატები"

რუსულ და პრორუსულ აფხაზურ ტელეგრამარხებზე დაიწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული ბადრი გოგია როსტოვში დაკავებული აფხაზი აქტივისტის დისშვილია. გოგია ოჩამჩირეშია დაბადებული, ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და უკრაინაში ცხოვრობს. ის დაკავშირებულია ხარკოვში არსებულ უკრაინულ იარა­ღის მწარმოებელ კომპანია "საფარისთან" და კომპანია LAთEK-თან, რომლის პროდუქციასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

რუსულმა მედიამ დაწერა, რომ კონცერნი "საფარი", რომლის წარმომადგენელიცაა გოგია, სკანდალში იყო გახვეული, რადგან კონცერნმა უკრაინის თავდაცვის სამინის­ტროსგან უზარმაზარი თანხები მიიღო დრონსაწინააღმდეგო იარაღისთვის, თუმცა ნახევარი უვარგისი აღმოჩნდა. შემდეგ აფხაზურმა "ამრა-ლაიფმა" დაწერა, რომ ერთ მხარეს არის "უკრაინელი იარაღის მაგნატი" და "ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ ომის სპონსორი" ბადრი გოგია, მეორე მხარეს კი ანტირუსული განწყობების გამღვივებელი და ბასაევის დამცველი ირაკლი ბჟინავა. არხის მტკიცებით, დადასტურებულია, რომ ბჟინავა ომის შემდეგაც ინარჩუნებდა დისშვილთან მჭიდრო კავშირს და პირადად დაესწრო მის ქორწილს უკრაინაში.

"ლოგიკური კითხვა ჩნდება: ვის მხარეს იყო რუსეთის მოქალაქე ირაკლი ბჟინავა და როგორ მოხვდა ის უკრაინაში ქორწილში? მათთვის, ვინც სასოწარკვეთით ცდილობს დაკავებული ბჟინავას გამართლებას, ეს კავშირი მათი ლოგიკისთვის სასიკვდილო დარტყმას ჰგავს. ეს იგივეა, ქართველებთან ომის დროს ფარულად საქართველოში ჩახვიდე იმ ნათესავის ქორწილში დასასწრებად, რომელიც შენი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის", - აღნიშნავს "ამრა-ლაიფი".

"აფხაზია ცენტრის" თქმით, მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ აფხაზეთი ბჟინავას უარყოფას არ აპირებდა, პროპაგანდა შეეცადა ჯერ ბრალი დაემძიმებინა და ტერორიზმის მუხლი დაემატებინა. ამან რომ არ გაჭრა, შეეცადა ბჟინავა ქართული თემატიკით გაეშავებინა. გავრცელდა ცნობა, რომ როსტოვში მისი ბინის ჩხრეკისას კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცება" აღმოაჩინეს და გამოძიებამ ეს "ბჟინავას წინააღმდეგ მნიშვნელოვან გარემოებად" წარმოაჩინა. "აფხაზია ცენტრის" ცნობით, აფხაზეთში ბჟინავას მხარდამჭერი განცხადებები არ შეწყვეტილა და სწორედ ამიტომ როსტოვმა ბადრი გოგიასთან ნათესაური კავშირების შესახებ ახალი მასალების გავრცელება დაიწყო.

"რუსეთი ცდილობს ბჟინავას დისკრედიტაციით აფხაზეთში მისი მხარდამჭერები გააჩუმოს"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ბჟინავა ყოველთვის გამოირჩეოდა ქართველების მიმართ ძალიან უხეში გამონათქვამებით და შეიძლება ითქვას, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა ყველაფერი. ერთგვარი სარკაზმიცაა, რომ ბრალდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხილად მიიჩნიეს ქართული წიგნი "მთვარის მოტაცება". რუსეთს თუ ვინმეს დაჭერა უნდა, აუცილებლად ჩასვამს და იმდენ მიზეზს მოუფიქრებს, ისე გაასწორებს მიწასთან ადამიანს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ არაფრის გაპროტესტების თავი აღარ ექნება. ბჟინავა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აკრიტიკებდა. ტერიტორია მრავალი წლით არის გადაცემული კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრ ტკაჩოვისთვის, ფაქტობრივად, შემოღობილია და იქ აფხაზებს არ უშვებენ. რუსებს ბიჭვინთაში აპარტამენტების აშენებაც უნდოდათ. ჯერჯერობით ეს თემა გაჩერებულია, თუმცა გეგმა ისევ ძალაშია. მოგვიანებით მან მოსკოვი რუსული პასპორტების აფხაზეთში დარიგების გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს სუვერენიტეტში უხეში ჩარევა იყო. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ჩათვალეს, რომ მისი დაჭერის დრო იყო. ახალი ბრალდებაც დაუმატეს შამილ ბასაევზე დადებითი გამონათქვამების გამოც. მოსკოვის გზავნილი ასეთია: ვინც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ წავა, დაისჯება. აფხაზებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ რუსეთი დიდი მაშველი რგოლია, სინამდვილეში კი დიდი ვეშაპია, რომელმაც უკვე გადაყლაპა.

ახლა ბჟინავას ბადრი გოგიასთან ნათესაური კავშირიც გაახსენეს და ჩხრეკისას აღმოჩენილი კონსტანტინე გამსახურდიას წიგნიც. ბიძას არ უნდა ელაპარაკებოდეს და მის ქორწილში არ უნდა ჩავიდეს, რადგან ის უკრაინაშია? რუსეთმა ქართულ ღვინოებსაც დაადო ემბარგო იმ მიზეზით, რომ რომელიღაც კომპანიის ღვინოები უკრაინაში აუქციონზე მონაწილეობდა უკრაინული ჯარის დასახმარებლად. ამიტომ რუსეთის მიერ ბჟინავას უკრაინის მოქალაქე ნათესავთან დაკავშირება და ამით შავი პიარის აგორება გასაკვირი არ არის. რუსეთი ცდილობს აფხაზი საზოგადოების თვალში ყველა ხერხით გააშავოს ბჟინავა და დაარწმუნოს, რომ ის პატიმრობას იმსახურებს. თუმცა ეს ნეგატიური პიარი აფხაზეთში ვერ იმუშავებს. აფხაზებისთვის გასაგებია ოჯახის წევრთან ურთიერთობა და ქორწილში ჩასვლა. ბჟინავას არც გამსახურდიას წიგნის გამო მოიძულებენ. აფხაზებზე ვერც შამილ ბასაევის გმირად აღიარება იმუშავებს მის წინააღმდეგ, რადგან ბასაევი აფხაზებისთვის გმირია; ვერც ბიჭვინთის თემა, რადგან მისი რუსეთისთვის გადაცემა არც ერთ აფხაზს არ მოსწონს.

- ქართული სიმბოლიკა და ქართულთან დაკავშირებული საკითხები აფხაზეთში დიდ აგრესიას იწვევს და რატომ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ნაყოფს ვერ გამოიღებს?

- სწორედ ამიტომ ცდილობენ გამსახურდიას წიგნის კომპრომატად წარმოჩენას და ბჟინავას გაშავებას იმის გამო, რომ ნათესავის ქორწილში ჩავიდა. ამიტომაც დაწერეს, ეს იგივეა, აფხაზეთის ომის დროს აფხაზი თბილისში ქორწილში წასულიყოო. აფხაზები მაშინაც დადიოდნენ თბილისში და ახლაც დადიან, ამიტომ ამ შემთხვევაში ქართული და უკრაინული ფაქტორები ვერ იმუშავებს.

ეკატერინე ბასილაია