სწრაფი მოგების დაპირება და დაკარგული დანაზოგი  -  როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა? - კვირის პალიტრა

სწრაფი მოგების დაპირება და დაკარგული დანაზოგი  -  როგორ ამოვიცნოთ ფინანსური პირამიდა?

მაღალი მოგების დაპირება, სწრაფი გამდიდრების მოლოდინი და ფინანსური რისკების სათანადოდ შეუფასებლობა -ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ადამიანებს ხშირად საეჭვო საინვესტიციო სქემებში ჩართვისკენ უბიძგებს. საქართველოში ფინანსური პირამიდების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ე.წ. ჰენრი პირამიდის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა. პლატფორმა მომხმარებლებს კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სარფიანი გარიგებების შესაძლებლობას სთავაზობდა, თანაც მაღალი მოგების მიღებას ჰპირდებოდა. მონაწილეები თანხას სპეციალურ ანგარიშებზე ათავსებდნენ და პლატფორმაზე ასახული მზარდი ბალანსი მათ შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ ინვესტიცია მართლაც მომგებიანი იყო. თანდათან ახალი მონაწილეების ნაკადის შემცირებასთან ერთად სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა, რის შედეგადაც მომხმარებლებს თანხებზე წვდომის პრობლემა შეექმნათ.

2026 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, TSQ Investment Group-ის საქმიანობასთან დაკავშირებით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გავრცელდა ცნობები, რომ პლატფორმის მომხმარებელთა ნაწილი თანხების გატანას ვეღარ ახერხებდა.

როგორ განვასხვაოთ რეალური საინვესტიციო საქმიანობა ფინანსური პირამიდისგან და რა უნდა გავაკეთოთ, თუ საეჭვო სქემაში თანხა უკვე დავკარგეთ? ამ კითხვებზე ხატია ჭონქაძე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ფინანსური განათლების პლატფორმა "ალტერმის" დამფუძნებელი და მენტორი გვპასუხობს.

- ბოლო პერიოდში საქართველოში ფინანსური პირამიდების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ე.წ. ჰენრის პირამიდისა და სხვა შემთხვევების შემდეგ კვლავ გაჩნდა ახალი ფინანსური შეთავაზებების მიმართ კითხვები. თქვენი პროფესიული შეფასებით, რატომ ხდებიან ადამიანები ასეთი სქემების მონაწილეები და რა ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები განაპირობებს მათ ნდობას სწრაფი გამდიდრების დაპირებების მიმართ?

- მე გამოვყოფდი სამ ძირითად ფაქტორს: დაბალი ფინანსური განათლების მაჩვენებელი, დაბალი შემოსავალი და ფსიქოლოგიური გავლენა. მაგალითად, ჩემ ირგვლივ არიან დასაქმებული სტაბილური ფინანსური შემოსავლების მქონე პირები, რომლებიც "ჰენრის პირამიდაში" ჩაერთნენ ახლობლების ზეგავლენით. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე რთული მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორია. მაგალითად, როდესაც ჰენრის პირამიდაზე ვეუბნებოდით მონაწილეებს რომ ეს იყო პირამიდა და არა ინვესტიცია, ადამიანების უმეტესობას ჰქონდა ერთი და იგივე პასუხი: ყველას გამოაქვს თანხები - უმეტესობა ასახელებდა თავის ნათესავს, მეგობარს, მეზობელს და ა.შ.

- როგორ უნდა განვასხვაოთ ლეგიტიმური საინვესტიციო საქმიანობა ფინანსური პირამიდისგან და რა კონკრეტული ნიშნები უნდა გახდეს მოქალაქისთვის საეჭვო?

- არსებობს სამი ძირითადი ინდიკატორი, რითაც შეგვიძლია პირამიდის ამოცნობა:

1. მაღალი მოგების მაჩვენებელი საწყის ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში ფიქსირებული, მაგალითად, დღეში 300 აშშ დოლარის ოდენობით;

2. ახალი მომხმარებლების მიყვანა, რაც ყველა პირამიდის სქემაში სავალდებულოა და რეალურად მსგავსი რამ არც ერთ საინვესტიციო კომპანიასა და პლატფორმას არ სჭირდება;

3. გაურკვეველი საქმიანობის სფერო და გაუმჭვირვალე ფინანსური დოკუმენტაცია. კომპანიას არ გააჩნია რეალური პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც ყიდის გარე ბაზარზე.

ასევე შეგვიძლია მოვითხოვოთ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, საქმიანობის ლიცენზია და სხვა.

- მსგავსი სქემების მონაწილეები ზოგჯერ საწყის ეტაპზე მართლაც იღებენ დაპირებულ თანხას. რა ხდება, როდესაც ახალი მონაწილეების შემოდინება წყდება? თუ მოქალაქემ უკვე დაკარგა დანაზოგი, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას თანხის დაბრუნების შესაძლებლობის შესანარჩუნებლად?

- თითქმის ყველა პირამიდაში საწყის ეტაპზე მართლაც იღებენ მონაწილეები სარგებელს, ზოგჯერ რამდენიმე ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ეს სჭირდება პირამიდას იმისთვის, რომ შექმნას დამაჯერებელი ილუზია, რომ სარგებელი მართლა გაიცემა. რეალურად კი ეს არის ახალი მონაწილეების მიერ ინვესტირებული თანხები და არა საინვესტიციო მოგება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაშინ, როდესაც ახალი მონაწილეების შემოდინება წყდება, პირამიდა ჩერდება. ასე იყო "ჰენრის პირამიდის" შემთხვევაში რამდენიმე თვის მანძილზე და ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი სასიცოცხლო ციკლის მატარებელი პირამიდა, აქტიურად ვრცელდებოდა მიღებული სარგებლის სქრინები - მაგალითად, 2.000, 3.000, 5.000 აშშ დოლარი და სხვა. თქვენ წარმოიდგინეთ ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ კორპორატიული ივენთი სრული ბრენდირებით, საჩუქრებითა და საზეიმო ტორტით. სხვათა შორის, იგივე ადამიანები "ჰენრის პირამიდის" ჩამოშლის შემდეგაც აქტიურად აგრძელებენ მეგობრობას და ახალი პლატფორმის მოძიებაც მოახერხეს, მაგრამ ამჯერად უფრო ფრთხილი ქცევით გამოირჩევიან, რადგან ინფორმაცია მხოლოდ დახურულ ჯგუფებშია ხელმისაწვდომი. ფინანსური პირამიდები ძირითადად მუშაობს მოწყვლად ჯგუფებზე ანუ იმ ადამიანებზე, ვისაც არ შეუძლია გადაამოწმოს, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, გამოითხოვოს ეროვნული და საერთაშორისო ბანკებიდან ინფორმაცია.

- რა საბაზისო ფინანსური ცოდნა და უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რათა შეაფასოს საინვესტიციო შეთავაზების სანდოობა, გააანალიზოს რისკები და ემოციური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოს?

- ეს საკითხი მოითხოვს კომპლექსურ ანალიზს, თუ მოქალაქეს არ შეუძლია საინვესტიციო შეთავაზების ანალიზი და შეთავაზების სანდოობის შემოწმება, ასეთი გადაწყვეტილებებისაგან თავი უნდა შეიკავოს. დღეს სამყაროში ყველაფერი გაციფრულებისაკენ მიდის, ამიტომ ფინანსური უსაფრთხოება უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ პირადი მონაცემებისა და ფინანსების დაცვა, მათ შორის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. თუ გაქვთ ბანკის სესხი, იპოთეკა, ანაბარი ან სარგებლობთ სხვა ტიპის საბანკო პროდუქტებით აუცილებელია მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გამოითხოვოთ.

- ფინანსური ჩვევები და ფულთან დაკავშირებული დამოკიდებულებები ხშირად ბავშვობიდან ყალიბდება. რა ასაკიდან და როგორ უნდა დავიწყოთ ბავშვებთან ფინანსურ განათლებაზე საუბარი? როგორ ავუხსნათ მათ ფულის ღირებულება, დანაზოგის მნიშვნელობა და ონლაინთაღლითობის საფრთხეები ისე, რომ მომავალში უფრო დამოუკიდებელი და გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ?

- ფინანსური განათლება არის ფინანსური უსაფრთხოება და სტაბილურობის გარანტია. ფინანსური განათლება სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, რადგან აუცილებელია ბავშვებმა სკოლიდან იცოდნენ ფულის მნიშვნელობა, სქულქარდის დანიშნულება და უსაფრთხოება, აგრეთვე, დაზღვევისა და კრედიტების შესახებ ინფორმაცია. კრედიტი სასარგებლო ინსტრუმენტია, თუ მისი პირობები გესმის: საპროცენტო განაკვეთი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ვადა, ჯარიმები. გაუაზრებლად აღებულმა სესხმა შეიძლება ადამიანი წლების განმავლობაში ვალების ტყვედ აქციოს. ბევრი ოჯახი ამ პრობლემის წინაშე დგას, ამიტომ ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, როდის არის სესხი გამართლებული და როდის საფრთხის შემცველი.

ასევე გამოვყოფდი ერთ საკითხს: ბიუჯეტირება. ევროპის ქვეყნებში თითქმის ყოველი ოჯახი აწარმოებს პირად ბიუჯეტს, ამისათვის არსებობს სხვადასხვა ტიპის აპლიკაციები, ტრენინგები, და ა.შ. საქართველოში ეს ჯერ კიდევ ახალია, არადა, პირადი ბიუჯეტის გაწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ავიღოთ სკოლის ბანკეტი. ბანკეტები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ღონისძიებებია. როდესაც ბავშვი სკოლაში სწავლობს ფულის მნიშვნელობასა და დანიშნულებას, ის სკოლის დასრულებისას სრულად გააცნობიერებს, რომ არ სჭირდება ამ ღონისძიებაში რამდენიმე ათასი ლარის გადახდა.

ანალოგიურია ქორწილების შემთხვევაში, როდესაც ქორწილისთვის წყვილები იღებენ ბანკის სესხებს და შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობენ მის დასაფარად.

ზოგადად, რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ფინანსური ცნობიერება, მით უფრო ნაკლებია ფინანსური პირამიდებისა და თაღლითური სქემების გავრცელება. პირამიდები ადამიანების უცოდინარობას ეყრდნობიან: სწრაფი და რისკის არმქონე შემოსავლის დაპირებით იზიდავენ მათ, ვისაც არ ესმის, რომ მაღალი მოგება ყოველთვის მაღალ რისკთან არის დაკავშირებული. ფინანსურად განათლებული ადამიანი ასეთ შეთავაზებებს კრიტიკულად აფასებს, სვამს კითხვებს და ადვილად ვერ ხდება მსხვერპლი.

ამგვარად, ფინანსური განათლება არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მთელი საზოგადოების ეკონომიკურ უსაფრთხოებას ემსახურება.

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ აღმოაჩენს, რომ საეჭვო ფინანსურ სქემაშია ჩართული

პირამიდაში ჩადებული თანხების დაბრუნებას სამწუხაროდ ძალიან დიდი რესურსი და გამოძიება სჭირდება.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს მონაწილემ, არის მიმართოს ბანკს და მოითხოვოს თანხის უკან გამოთხოვა (Chargeback) თუ გადარიცხვა მოხდა საბანკო ბარათით (Visa/Mastercard);

ანგარიშების დაბლოკვა: აცნობეთ ბანკს, რომ კონკრეტული ანგარიში, რომელზეც ფული გადარიცხეთ, გამოიყენება თაღლითობისთვის;

ოფიციალური განცხადება პოლიციაში: დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს (შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას) თაღლითობის მუხლით. წარადგინეთ ყველა შეგროვებული მტკიცებულება;

დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა: გამოძიების დაწყებისთანავე მოითხოვეთ დაზარალებულად ცნობა. ეს მოგცემთ უფლებას, მომავალში, როცა საქმე სასამართლომდე მივა, მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება;

კოლექტიური სარჩელი: თუ იცით სხვა დაზარალებულებიც, გაერთიანდით. ჯგუფურ საჩივრებს სამართალდამცავები ბევრად უფრო სწრაფად და მასშტაბურად განიხილავენ.

მარიამ ბუკია