პუტინს მილიარდერი მასკი „სტარლინკის“ თანამგზავრების განადგურებით დაუშინებია
"ტესლასა" და "სტარლინკის" მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი რომ უკვე არა მარტო დიდი ფინანსური, არამედ პოლიტიკური გავლენითაც სარგებლობს, ფაქტია - მან უდიდესი როლი შეასრულა ტრამპის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად დასაბრუნებლად და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა, ამჟამად მასკი ისევ ხშირი სტუმარი იქნება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
თუმცა თავისი პრეზიდენტის გარდა, მილიარდერ (თუ უკვე ტრილიონერ) მასკს თურმე საიდუმლო სატელეფონო კავშირები ჰქონია კიდევ ერთ მსოფლიო დონის პოლიტიკურ ლიდერთან, რომლის თხოვნა-მოთხოვნებსაც ის ითვალისწინებს და დამუქრებასაც სერიოზულად აღიქვამს.
ეს პოლიტიკური ლიდერი კი... რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ყოფილა, რომელმაც გასულ კვირას სახალხოდ შეაქო ილონ მასკი და მას, არც მეტი, არც ნაკლები, გენიოსიც კი უწოდა კოსმოსში "სტარლინკის" ათასობით თანამგზავრის გაშვების გამო.
და სწორედ "სტარლინკს" უკავშირდება ის ყველაფერი, რის გამოც ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომის მარწუხებში "გაიჭედა" - თან ეხმარება უკრაინას "სტარლინკის" თანამგზავრული ინტერნეტკავშირით ბრძოლის ველზე, თანაც უფრთხის კრემლის მუქარებს, რომ ამავე "სტარლინკებით" უკრაინულ კამიკაძე-დრონებს რუსეთის ტერიტორიაზე არ შეატევინოს.
14-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით ილონ მასკის "სტარლინკის" სისტემამ უკრაინის არმიას მოულოდნელი და მძიმე სიურპრიზი მოუწყო, როდესაც გათიშა თანამგზავრული კავშირი "სტარლინკის" ყველა იმ უკრაინულ თანამგზავრულ ანტენასთან, რომლებიც 100 მილის ანუ 161 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრავ ობიექტებზე იყო დამონტაჟებული, რის გამოც უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ვეღარ მოახერხეს ზუსტი დარტყმების მიყენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე, ბევრი მათგანი კი ჩამოვარდა.
თავიდან ამერიკული მხარე უარყოფდა ამ შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი პრეზიდენტმა ტრამპმა და მილიარდერმა მასკმა ერთმანეთისთვის გადაბრალება დაიწყეს, თუმცა ბოლოს მასკმა ერთგვარად აღიარა, რომ ის რუსეთის მიერ მისი "სტარლინკის" თანამგზავრების კოსმოსში განადგურებას შეუშინდა.
და ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლისა და პირადად პუტინის დაშინებით ილონ მასკი უკრაინას უზღუდავს "სტარლინკის" სრულფასოვან სამხედრო გამოყენებას.
ილონ მასკმა თავად აღიარა, რომ 2022 წელს უკრაინის ყირიმზე დაგეგმილი იერიშის დროს გათიშა "სტარლინკის" ქსელი. მასკის თქმით, მას შეეშინდა, რომ რუსეთი ამ თავდასხმას პასუხად ბირთვულ დარტყმას მიაყენებდა. კრემლი და რუსი მაღალჩინოსნები მუდმივად ავრცელებდნენ მუქარებს მესამე მსოფლიო ომსა და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რამაც მასკზე გავლენა მოახდინა.
მას შემდეგ, რაც მასკმა უკრაინას "სტარლინკის" ტერმინალები გადასცა, რუსეთის ხელისუფლება მასკს პირდაპირ დაემუქრა, რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა "უკრაინის ფაშისტური ძალების" სამხედრო კავშირით უზრუნველყოფის გამო. ამის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ კომერციული თანამგზავრები მათი ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე გახდებოდა.
მასკმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ ანტითანამგზავრული იარაღის გამოყენების საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ზღუდავს უკრაინის მიერ "სტარლინკის" სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებას.
მასკის განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება "სტარლინკის" თანამგზავრებს, ორბიტაზე გაჩნდება მილიონობით ნამსხვრევი. ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას (ე.წ. კესლერის სინდრომს), რაც დედამიწის ირგვლივ არსებულ კოსმოსურ სივრცეს ათწლეულების განმავლობაში სრულიად გამოუყენებელს გახდის ნებისმიერი ქვეყნისთვის.
დასავლური სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთი მუშაობს სპეციალურ ანტითანამგზავრულ იარაღზე, რომელიც კოსმოსში ასიათასობით მეტალის ნაწილაკს გააფრქვევს, რათა მასკის მცირე ზომის თანამგზავრების ჯგუფები მასობრივად დააზიანოს.
ამერიკულ მასმედიაში არაერთხელ თქმულა და დაწერილა, რომ ილონ მასკი 2022 წლის ბოლოდან რეგულარულ საიდუმლო კონტაქტზეა პუტინთან. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა მასკს სთხოვა, არ ჩაერთო "სტარლინკი" ტაივანის თავზე, რათა ეს პუტინის პოლიტიკური პარტნიორისთვის, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინისთვის ერთგვარი სამსახური ყოფილიყო.
დასავლურ მედიასა და სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომლებს შორის არსებობს ვერსია, რომ რუსეთის დაზვერვა შესაძლოა მასკს მისი პირადი ცხოვრების დეტალებით ან ბიზნესინტერესებით აშანტაჟებს.
მიუხედავად წარსულში მუქარებისა, ამჟამად პუტინი საჯაროდ ცვლის რიტორიკას და მასკს "გენიალურ ადამიანს" უწოდებს, რათა ამით აშშ-ის პოლიტიკურ და ბიზნესელიტაზე ზეგავლენა მოახდინოს.
ფაქტობრივად, პუტინი იყენებს შერბილებულ ტაქტიკას - ღია მუქარებიდან გადავიდა აღიარებასა და მაამებლობაზე, რაც კლასიკური გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია დასავლეთის გავლენიან ფიგურებთან მანევრირებისთვის.