“მადლიერი ვარ ღმერთის, იღბლის, სამყაროსი, რომ ვახო არსებობს ჩემს ცხოვრებაში...“ - მარიამ როინიშვილი
"პირველი სტუდია" და ტელეწამყვანი ეკა ჩხეიძე მომღერალსა და მსახიობ მარიამ როინიშვილს მასპინძლობდა. მარიამმა ისაუბრა იმ ბედნიერებაზე, რაც არის მისთვის გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში გაზრდა, მუსიკითა და ცეკვით გაჯერებულ ბავშვობაზე, იმაზე, თუ როგორ სურს, იყოს საუკეთესო შვილი და დააფასოს ის ამაგი, ზრუნვა და სიყვარული, რაც მშობლებმა გაუზიარეს. ასევე ისაუბრა ნაადრევად - 20 წლის ასაკში შექმნილ ოჯახსა და ნაადრევ დედობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ არასოდეს უნანია ეს ნაბიჯი. გარდა იმისა, რომ ამ ქორწინებამ აჩუქა მათ ელენე, მარიამის თქმით, ეს დაშორება მისთვის, დიდ ტკივილთან ერთად, დიდი გაკვეთილიც იყო, რომელმაც ის პიროვნულად გაზარდა. და დღეს ის და გიორგი ძალიან მეგობრობენ.

- ელენე ძალიან პატარა იყო, როდესაც მე და გიორგი ერთმანეთს დავშორდით, ჯერ ორი წლისაც არ იყო. რა თქმა უნდა, ის მთავარი მოქმედი პირია ჩემსა და გიორგის ურთიერთობაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ახლანდელი ურთიერთობა ორივეს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი იყო, რამაც, რა თქმა უნდა, გაამართლა.
მთავარ როლში, რა თქმა უნდა, ელენეა, თუმცა დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ გიორგი ისეთი გულშემატკივარია ჩემი, როგორც მე — მისი. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს.იცი, ჩემს ყველაზე დიდ გამარჯვებად რა მიმაჩნია? ის, რომ ფანტასტიკური ოჯახი მყავს. ჩემს ოჯახში მოვიაზრებ ვახოსაც და, რა თქმა უნდა, გიორგის, მარიამს და თაკოსაც (გიორგი მახარაძის მეუღლე მარიამს და ვახო კანდელაკის ყოფილ მეუღლე თაკოს - რედ.). ეს არის ჩემი ძალა — დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პერიპეტია გავიარეთ და ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდი გვქონდა, როგორც ყველას ცალ-ცალკე, ისე ერთად, ჩემი გამარჯვება და ჩემი ძალა სწორედ ის ურთიერთობებია, რომლებიც დღეს ჩვენს შორის არსებობს.