„შავი ოქტომბერი“ პუტინის სამხედრო ავიაციისთვის - რეკორდული დანაკარგები და - არა მარტო უკრაინელების „დახმარებით“ - კვირის პალიტრა

„შავი ოქტომბერი“ პუტინის სამხედრო ავიაციისთვის - რეკორდული დანაკარგები და - არა მარტო უკრაინელების „დახმარებით“

რუსული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი რეკორდული დანაკარგი დროის მცირე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოხდა, როდესაც საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი 6 საფრონტო ბომბდამშენი და მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვუგდეთ და სამიც ისე დავუზიანეთ, რომ ვეღარ აღადგინეს (სიმართლე რომ ითქვას, ორი-სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ქართული ციდან „ჩამოხსნაში“ თავად რუსი ოკუპანტები დაგვეხმარნენ... „მეგობრული ცეცხლით“), გარდა ამისა, ერთი რუსული სატრანპორტო და ერთიც დამრტყმელი შვეულმფრენი ომის დამთავრებისთანავე თავადავე ერთმანეთს შეეჯახნენ ჯავაში...

მაგრამ 18 წლისწინანდელ აგვისტოს ომში საავიაციო დანაკარგებს თავისუფლად შეიძლება გაეჯიბროს 2026 წლის ოქტომბრის რუსული სამხედრო ავიაციის „გმირობები“, როდესაც პუტინის სამხედრო ავიაციამ უკრაინასთან ომშიც და ომის გარეშეც, 13-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი და 3-4 შვეულმფრენი დაკარგა...

ოქტომბერში რუსული საავიაციო ტექნიკის დანაკარგების ძირითადი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Су-34-ის ტიპის საფრონტო ბომბდამშენი: 7-დან 9 ერთეულამდე (მათი უმეტესობა განადგურდა უკრაინული დრონებისა და რაკეტების დარტყმების შედეგად, რუსეთის აეროდრომებზე - „ხანსკაია“, „ბორისოგლებსკი“, „მარინოვკა“).

1-prta-1793613283.png

ფოტო: ამ რუსულ Су-30СМ-ს ფრთის მარცხენა კონსოლის ნაწილი „ჩამოეჭრა“, ჰაერში ანალოგიურ „სუ“-სთან შეჯახებისას, რომელიც საერთოდ ჩამოვარდა...

Су-30 СМ (მრავალფუნქციური გამანადგურებელი): 2 ერთეული (ორივე ჩამოვარდა რუსეთის ტერიტორიაზე სასწავლო-საწვრთნელი ფრენების დროს, მათ შორის - კალინინგრადის ოლქში).

Су-57 (მეხუთე თაობის გამანადგურებელი): 1 ერთეული (გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა „ახტუბინსკის“ აეროდრომზე, ძრავის ჩართვისას).

Ту-95МС-ის ტიპის ერთი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი ამურის ოლქში ჩამოვარდა.

Ми-8МТ (სატრანსპორტო შვეულმფრენი): 1-დან 2 ერთეულამდე (ერთი მათგანი დადასტურებულად გაანადგურეს უკრაინულმა დრონებმა ლუგანსკის ოლქში, მას შემდეგ, რაც ის მიწაზე დაეშვა).

Ми-28 (დამრტყმელი შვეულმფრენი): 1-2 ერთეული.

2-prta-1793613346.jpg

ფოტო: რუსული სამხედრო ავიაციის „შავი ოქტომბრის“ სიმბოლური ნიშანი - შუაზე გადაჭრილი წითელი ვარსკვლავი...

ოქტომბერში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ამ საბრძოლო და არასაბრძოლო დანაკარგების თემაზე „არსენალბლოგში“ პერიოდულად ისედაც ვწერდით, თუმცა ახლა დამატებითი და ძალზე საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი...

რუსეთის სამხედრო ავიაციის „შავ ოქტომბერში“ იყო კიდევ ერთი, „შავი 21 ოქტომბერიც“, როდესაც რუსეთს რამდენიმე საათის ინტერვალით კალინინგრადის ოლქსა და მოსკოვთან, არასაბრძოლო სიტუაციაში, ორი მრავალფუნქციური Су-30СМ ჩამოუვარდა.

თუკი თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვთან „რუსკიე ვიტიაზების“ საავიაციო სადემონსტრაციო ჯგუფის Су-30СМ-ის შტოპორიდან გამოუსვლელობას მისი ეკიპაჟის ორივე წევრი შეეწირა, ცოტა გაუგებარი რჩებოდა, თუ რა მოუვიდა იმავე დღეს ანალოგიური ტიპის რუსულ საბრძოლო თვითმფრინავს კალინინგრადის ანკლავის თავზე, როდესაც მის ბორტზე მყოფმა ეკიპაჟის ორივე წევრმა მოასწრო კატაპულტირება...

3-prta-1793613392.png

ფოტო: უკრაინული კამიკაძე-დრონის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში რუსული Ми-8МТ-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის აფეთქების მომენტი...

და ახლა, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტოები, გადაღებული ჩერნიახოვსკის სამხედრო აეროდრომზე, რომელზეც მოჩანს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაციის კუთვნილი Су-30СМ-ის ტიპის თვითმფრინავი, ძალზე დაზიანებული ფრთის მარცხენა კონსოლით, რაც შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს მიუთითებდეს - 21 ოქტომბერს კალინინგრადის ანკლავის ცაში, ჩერნიახოვსკის აეროდრომიდან აფრენილი ორი Су-30СМ წყვილში მიფრინავდნენ და ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც ლიდერი თვითმფრინავი ჩამოვარდა ხოლო მის მიმყოლ „სუ“-ს კი ფრთის მარცხენა კონსოლის ნაწილი „ჩამოეჭრა“(წყვილში ფრენისას მიმყოლი თვითმფრინავი, როგორც წესი, მარჯვნიდან უდგას მხარში ლიდერ თვითმფრინავს), თუმცა მისმა ეკიპაჟმა მაინც შეძლო ასე მძიმედ დაზიანებული საბრძოლო თვითმფრინავის აეროდრომზე დასმა...

ამ დაზიანებული რუსული Су-30СМ-ის აღდგენა ძალიან რთული იქნება და არ არის გამორიცხული, რომ ის სულაც ჩამოწერონ, როგორც ჩამოწერეს აგვისტოს ომის დროს ქართულ ცაში რაკეტებმორტყმული სამი რუსული მოიერიშე Су-25, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაზიანებულ მდგომარეობაში აეროდრომებზე (მათ შორის სოხუმის აეროპორტშიც) მაინც დაეშვნენ.

P.S. ამავე ბლოგში ვწერდით 20 ოქტომბერს საფრანგეთში Mirage 2000D-ის ავიაკატასტროფაზე, რომელსაც პილოტი და შეიარაღების სისტემების ოფიცერი შეეწირნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაღუპული, შეიარაღების სისტემების ოფიცერ-ნავიგატორი, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 44 წლის ვიცეპოლკოვნიკი ანტრანიგ სარკისიანი ყოფილა.