კოლუმბიის ჯუნგლები, საშიში სექტა და ქართველი მსახიობი - გიორგი ბახუტაშვილი ებრაულ თრილერში
ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ისრაელის სატელევიზიო ინდუსტრიის ახალ პროექტში მონაწილეობს. მისი მონაწილეობით გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი სერიალი „The Escape“ („გაქცევა“) საერთაშორისო მასშტაბის ნამუშევარია, რომლის შექმნაშიც რამდენიმე ქვეყნის კინოჯგუფი მონაწილეობდა.
სერიალის მოქმედება კოლუმბიის ჯუნგლებში ვითარდება. სიუჟეტის მთავარი გმირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ცდილობს, საშიში რელიგიური კულტის გავლენის ქვეშ მოქცეული მეუღლე და შვილი დაიხსნას. მის დასახმარებლად ყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელი, კარმელი ჩნდება. ერთი შეხედვით, მათი ამოცანა ნათელია, თუმცა ოჯახის გადარჩენის მცდელობა თანდათან გაცილებით სახიფათო მისიად იქცევა. გმირებს უწევთ დაპირისპირება გარემოსთან, ადამიანებთან და იმ დახურულ სამყაროსთან, რომლის წესებიც მათთვის უცხოა.

სერიალის სცენარის ავტორია არიელ კოჰენი. მთავარ როლებში ისრაელელი მსახიობები იდო ტაკო და იეჰუდა ლევი მონაწილეობენ.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება გადაღებების გეოგრაფიაა: შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა კოლუმბიაში, ისრაელსა და საქართველოში.