მოსამართლე ირაკლი ღარიბაშვილს: "ქართულად საუბრობთ?"..ყოფილი პრემიერი მოსამართლეს: "ვცდილობ"
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება, მან სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის კითხვის პასუხად გააკეთა.
“ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?” - მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და უპასუხა: “არა".
ამასთან, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა კიდევ ერთი კითხვით: „ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?“ რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ “ცდილობს”. მოსამართლემ ღარიბაშვილს ამ პასუხის გამო, შენიშვნა მისცა.
“ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში “ჩავჯდეთ”, - მიმართა მოსამართლემ ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა - ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი. სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე.
"ინტერპრესნიუსი"