„ერისკაცს გაუმარჯოს!“ - ლუკა კურტანიძე სასამართლო სხდომათა დარბაზში შესვლისას
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო სხდომაზე მისვლას, დარბაზში მყოფი ახლობლებისა და მეგობრების შეძახილები მოჰყვა.
„ერისკაცს გაუმარჯოს” - მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს შემოსვლისთანავე ლუკა კურტანიძემ, რომელსაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისი განცხადება, მან სასამართლო სხდომაზე, მოსამართლის კითხვის პასუხად გააკეთა.
“ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?” - მიმართა მას მოსამართლემ, რაზეც ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და აღნიშნა: “არა”.
ამასთან, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა კიდევ ერთი კითხვით: „ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?“, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ცდილობს. მოსამართლემ ღარიბაშვილს ამ პასუხის გამო, შენიშვნა მისცა.
“ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავჯდეთ”, - მიმართა მოსამართლემ ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
"ინტერპრესნიუსი"