ტარიფების ახალი "არითმეტიკა" ანუ ვის გაუძვირდება სინამდვილეში გაზი?!
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სემეკს, დენის მსგავსად, გაზსა და წყალზეც მიეცა დიფერენცირებული ტარიფის დაწესების უფლება. ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ მოსახლეობა ენერგორესურსებს არ უფრთხილდება და საჭიროა ყაირათიანი ხარჯვა ვისწავლოთ. სემეკში ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ, ეს "სწავლა" კონკრეტულად როგორი პრინციპით წარიმართება - რა სისტემით განისაზღვრება დიფერენცირება და შესაბამისად, ტარიფები. ვესაუბრებით ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ინიციატივა "ჯერ საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს ნიკოლოზ ალავიძეს.
- პირველ რიგში შევაფასოთ დენის ტარიფი, რომლის ზრდა მომხდარი ფაქტია: გაძვირების შემდეგ არც სემეკს, არც პარლამენტს, არც კონკურენციის სააგენტოს და ან სხვა უწყებას არ წარმოუდგენია სიღრმისეული ანალიზი. არ გვაქვს ინფორმაცია, როგორ აისახა ეს მოსახლეობაზე და როგორ შეიცვალა მოხმარება. ვიცით მხოლოდ კერძო საინვესტიციო ბანკების პროგნოზები, რომლებიც ეკონომიკურ ეფექტს ითვლიან.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რაში დაიხარჯა გაზრდილი ტარიფით მიღებული შემოსავალი? მოხმარდა საჭირო ინვესტიციებს? დაიწყო ქსელებისა და ინფრასტრუქტურის განახლება? ტარიფის ზრდის საფუძვლად სწორედ ეს დასახელდა. დასრულდა თუ არა კორუფციული სქემები და დატაცებები, რომლებიც ელექტროენერგიის იმპორტსაც უკავშირდებოდა და გამანაწილებელ ქსელსაც? მხოლოდ იმის თქმა, რომ იმპორტს ვიღაც შუამავალი ჩამოაშორეს, საკმარისი არ არის.
დენის შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელი იყო "ქართული ოცნების" არგუმენტები. ვიხილეთ დადასტურებული კორუფციული ფაქტები, დიდი დატაცებები, უმაღლესი თანამდებობის პირების ბიზნესინტერესებთან დაკავშირებული კონფლიქტები. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ენერგეტიკის სექტორი ვერ ვითარდებოდა. ამის შემდეგ კი ტარიფი გაგვიზარდეს და საქართველოს მოქალაქეებს მეტი ხარჯის გადახდა მოგვიხდა. სად არის სავალდებულო ინვესტიციების ჩამონათვალი? რა გაუმჯობესდა, რა გაკეთდა? ეს უნდა ვიცოდეთ, რათა გაისად კვლავ არ გვითხრან, იცით, არ გვეყო და კიდევ უნდა გავზარდოთო.
- ამ ფონზე გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას, რაც ლოგიკურად ტარიფების გადახედვაა, როგორ აფასებთ?
- ზამთრის წინ სიურპრიზად ვიღებთ ინფორმაციას, რომ დეკემბერში სემეკმა გაზის ტარიფის გადახედვაზე უნდა იმსჯელოს. პარლამენტმა დაჩქარებულად დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბარი, რათა სემეკს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცეს. გვეუბნებიან, რომ დიფერენცირებული ტარიფის შემოღება იგეგმება, რაც გაზის გადასახადის ზრდას ნიშნავს, მაგრამ უპასუხოა მთავარი კითხვა - რატომ დადგა ეს საკითხი?
მაისში "ქართული ოცნების" მთავრობამ გვითხრა, აზერბაიჯანული გაზის იმპორტისა და ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, განვაახლეთ, იდეალური პირობები გვაქვს და გაზის ტარიფს დიდი ხნის განმავლობაში არაფერი ემუქრება, ოღონდ ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და დეტალებს არ გეტყვითო... ახლა კი უცებ რამდენიმე პარლამენტარს თითქოს გამოცხადება ჰქონდა - გაზის ტარიფს უნდა გადავხედოთ და სემეკისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტი მივიღოთო. მაისიდან გასულ ხუთ თვეში რა შეიცვალა ისეთი, რომ საკითხი დაჩქარებული წესით უნდა გადაწყდეს? თუ იცოდნენ, რომ ეს საჭირო გახდებოდა, რატომ არ მოამზადეს საშინაო დავალება? დეტალები ჯერ არ ვიცით, მაგრამ დეკემბერში ტარიფის ზრდის გამოცხადება მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება.
თუ პარლამენტში კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეაქვთ და სემეკს ახალი ტარიფის ჩამოყალიბება უნდა დაევალოს, ამ საკითხებზეც უნდა ჰქონდეთ ნამუშევარი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს არაკომპეტენტურობას. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები დაჩქარებული წესით არ უნდა წყდებოდეს. ამას თავისი დრო, ფორმა და პოლიტიკა სჭირდება. განმარტებითი ბარათი უნდა ემყარებოდეს კვლევას, დასაბუთებულ ფაქტებსა და კალკულაციებს. გასაგები უნდა იყოს, რას და რატომ აკეთებენ, რადგან გადაწყვეტილება ქვეყნის ყველა მოქალაქესა და მთლიანად ეკონომიკას ეხება.
აზერბაიჯანთან ურთიერთობაში სახელმწიფომ დათმო სატრანზიტო როლთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური პოზიციებიც. რთული გარიგებები დაიდო, რომელთა პირობებიც გასაიდუმლოებულია. ამიტომ უნდა აგვიხსნან, მაისში ხელშეკრულების განახლებისას საქართველოს ინტერესები ხომ არ დათმეს და ტარიფის გადახედვა ამას ხომ არ უკავშირდება? მომწოდებელმა პირობა შეგვიცვალა? გამანაწილებელ ქსელში ავარიებია თუ ამორტიზაციის პრობლემაა? რას ემყარება კალკულაცია?
ყველაფერი მოითხოვს ახსნასა და მოქალაქეების წინაშე ანგარიშგებას. გაზის საკითხი უფრო "მარტივია", რადგან იმპორტზეა საუბარი, მაგრამ აქაც თუ სახელმწიფო ინტერესების შელახვის ხარჯზე ხდება რამე, უნდა ვიცოდეთ.
- ხელისუფლების არგუმენტი ის იყო, რომ მოსახლეობა არ იყენებს ენერგორესურსებს ოპტიმალურად და ეს გადაწყვეტილება დაზოგვას მიაჩვევთ. თქვენთვის ეს დამაჯერებელია?
- თქმა, თითქოს წყალს, დენსა და გაზს უყაირათოდ ვხარჯავთ, შეურაცხმყოფელია ჩემი ოჯახისთვისაც და ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ამას ამბობენ თანამდებობის პირები, რომლებიც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ფინანსდებიან. 100-150 წლის წინ რომ ვიყოთ, მათ დუელში გამოვიწვევდი.
ეს განცხადებები ჯანსაღ ლოგიკას გაცდენილია და დაახლოებით ასე ჟღერს: - "ნუ ხართ ღარიბები, საქართველოს მოქალაქეებო".
კიდევ ერთი - ჩვენი საცხოვრებელი ფონდი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, მოძველებულია და სისტემურად ენერგოეფექტურობაზე გათვლილი არ არის. ეს მეტ დანახარჯს მოითხოვს. განვითარებულმა ქვეყნებმა ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1980-1990-იან წლებში დაიწყეს. სახელმწიფომ ძველ შენობებში ენერგოეფექტური სისტემების დაყენება უზრუნველყო, ხოლო ახალმშენებლობები დაავალდებულეს, ეს თავიდანვე გაეკეთებინათ. ჩვენთან კი მოსახლეობას ადანაშაულებენ, უყაირათოები და არასერიოზულები ხართო...
- გაზისა და წყლის შესაძლო გაძვირება მხოლოდ ოჯახების კომუნალურ ხარჯზე იმოქმედებს თუ უფრო ფართო შედეგი ექნება?
- ბუნებრივი გაზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროდუქტის შექმნაშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ტარიფის ცვლილება მთლიან ეკონომიკას შეეხება. ცალკე საკითხია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი. არიან ოჯახები, რომლებიც შინ მუშაობენ, მიკრომეწარმეები ან თვითდასაქმებულები არიან. მათთვის ეს დამატებითი დარტყმა იქნება.
მსხვილ ბიზნესს შეიძლება ნაკლებად შეეხოს, რადგან მათთვის კორპორაციული ტარიფი სხვანაირად არის ფორმირებული, მაგრამ თუ მათაც მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ხარჯი, საბოლოოდ ამის გადახდა მომხმარებელს მოუწევს. ეს აისახება, მაგალითად, პურის ფასზე, სხვა პროდუქტებზეც, რომელთა თვითღირებულებაში გაზს წილი უდევს. და ყველაფერი გადავა სამომხმარებლო კალათაზე.
ადამიანს შემოსავალი არ ეზრდება, აუცილებელი ხარჯი კი ემატება. თვიდან თვემდე თავი და ოჯახი რომ გაიტანოს, მასაც მოუწევს საკუთარი მომსახურების გაძვირება. ეს ლოგიკური ჯაჭვია და ინფლაციის მნიშვნელოვანი გამაძლიერებელი იქნება. ბუნდოვანებაში ყოფნაც დამაზიანებელია. როცა არ იცი, რა გელის, ეს ზედმეტ ნერვიულობას იწვევს. პარლამენტმაც და სემეკმაც ადეკვატურად უნდა აგვიხსნან, რა ხდება.