"ქალიშვილის ხელის სათხოვნელად თუ მოდიოდი, გეთქვა, შე კაი კაცო, ეს გენერალიტეტი რომ დამაყენე შინო!" - კვირის პალიტრა

"ქალიშვილის ხელის სათხოვნელად თუ მოდიოდი, გეთქვა, შე კაი კაცო, ეს გენერალიტეტი რომ დამაყენე შინო!"

(არქივი)

"...ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე,/ ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე,/

გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს,/ მსურდა წამეღო ყველა სიამე... წაგყვება რამე?!" - ირაკლი აბაშიძე

შემოქმედებითა და ნაშრომებით მას ბევრი იცნობს, ბევრმა იცის, როგორი პოეტი და მეცნიერი იყო იგი. თუ არ იცის, სურვილიდან გამომდინარე, წიგნებითაც და ინტერნეტითაც ადვილად შეუძლია შეიტყოს, როგორ როგორ ექცა მას მრწამსად და ცხოვრების მთავარი თემად შოთა რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" მსოფლმხედველობა; სხვა წიგნებთან ერთად, როგორ ედო ყოველთვის თავთან 1911 წელს გამოცემული ქართული სახარება და რომ არ გამოჰპარვოდა, მის ბოლო გვერდზე, ყდის უკან, როგორ ჩამოწერა, რომელ წელს რა რიცხვში უწევდა აღდგომა; იმ, კომუნისტურ ეპოქაში თავის ლექსებში თამამად როგორ ახსენებდა ღმერთს და თუნდაც 1960 წელს, ეპოქაში, როდესაც ისრაელი საბჭოთა კავშირის მტრად მიიჩნეოდა და იერუსალიმში ჩასვლა წარმოუდგენელი იყო, საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის დარწმუნების შემდეგ, დიდი დიპლომატიის წყალობით, როგორ მიაღებინეს პირველი ექსპედიციის მოწყობის გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს და როგორ აღმოაჩინეს აკაკი შანიძემ, გიორგი წერეთელმა და ირაკლი აბაშიძემ რუსთაველის ფრესკა; როგორ მიაღწია ირაკლი აბაშიძემ რუსთაველის იუბილის ჩატარებას და როგორ იქცა მის ბოლო, დიდ სიყვარულად ენციკლოპედია...

მაგრამ ცოტას თუ ემახსოვრება, როგორი მეუღლე და მამა იყო პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, როგორ უყვარდა, რა უხაროდა ან რას დარდობდა. პირადად მე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებლისა და მისი პირველი მთავარი რედაქტორის, იერუსალიმში რუსთაველის ფრესკის ერთ-ერთი აღმომჩენის - ირაკლი აბაშიძის ცხოვრების ამბები წლების წინ მისი ცნობილი შვილებისგან მოვისმინე. მახსოვს, რამდენიმე საათი გავატარე ქალბატონ ირინე აბაშიძესთან (ქართული ენციკლოპედიის რედაქტორი) და ბატონებთან - ზურაბ (დიპლომატი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი) და ვახტანგ აბაშიძეებთან (საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრი, ჟურნალისტი) და იმ სასიამოვნო საღამოდან ბევრი საინტერესო, სახალისო თუ სევდიანი ამბავი დამამახსოვრდა... ამჯერად ჩვენი რუბრიკის თემას არ გადავუხვევ და ბატონი ირაკლისა და მისი მეუღლის - ქალბატონი ნელი ჟორდანიას სიყვარულის ამბავს მოგიყვებით - სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დაქორწინდნენ და როგორ იცხოვრეს დიდი სიყვარულით წლების განმავლობაში...

პორტარტურის აღება

ირაკლი აბაშიძე უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობდა, როდესაც ერთხელ ქუჩაში ულამაზესი გოგონა შეამჩნია. ისე მოეწონა ის გოგონა, რომ უკან გაჰყვა და ასე, შემთხვევით აღმოჩნდა ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა და ფოლკლორისტის - ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციაზე. ბატონმა ვახტანგმა ვაჟიც თავის სტუდენტად მიიღო და პრაქტიკული სამუშაოსთვის დავალება წყვილად მაინცდამაინც მას და იმ ქალიშვილს მისცა. ამ სამუშაომ ისინი, თურმე, ნელ-ნელა ძალიან დააახლოვა, რასაც შემდეგ დამეგობრებაც მოჰყვა, თუმცა თავდაპირველად ახალგაზრდა კაცს მისთვის სიყვარულის ახსნა ვერც გაუბედავს, რადგან... - ისე ლამაზი ქალიშვილი იყო და თანაც - თბილისში ძალიან ცნობილი, მე კი - მხოლოდ პირველკურსელი, ხოლო ომისდროინდელი ცხოვრება - უმძიმესი, რომ სიტყვების გარდა ვერაფერს შევთავაზებდი, ამიტომ გაჩუმება ვამჯობინეო, - უთქვამს მოგვიანებით...

abashidze1-1793688705.jpg

ირაკლი აბაშიძის მამა - ბესარიონ აბაშიძე ხელმოკლე იმერელი აზნაური ყოფილა, ხონიდან, დედა კი, ელისაბედი (ლიზა) - მოდებაძის ქალი, კაცხიდან. მამა დაბრმავებულა და ოჯახის მთელი ტვირთი დედას დააწვა მხრებზე. უმძიმესი წლები გადაიტანეს - რევოლუციის შემდგომი პერიოდი. 14 შვილი ეყოლათ, მაგრამ გაჭირვებით ზრდიდნენ, ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ და, საბოლოოდ, 7 თუ 8 გაიზარდა. ბატონი ირაკლის უფროსი შვილიც კი, ქალბატონი ირინე მხოლოდ ხუთ მამიდასა და ერთ ბიძას მოესწრო, თურმე.

ვფიქრობ, ალბათ, სწორედ ოჯახის ამგვარი მდგომარეობა აფერხებდა ირაკლი აბაშიძეს, საყვარელი ქალისთვის გრძნობა რომ გაემჟღავნებინა. ის ქალიშვილი - ნელი ჟორდანია და მისი ტყუპისცალი კი მართლაც ძალიან ლამაზი და თვალსაჩინო ვერელი გოგონები იყვნენ. მაგრამ თავად ქალბატონი ნელის შვილებთან მონათხრობით, იმ პერიოდში ირაკლი აბაშიძეც თავისი პოეზიით უკვე ძალიან პოპულარული, თანაც - წარმოსადეგი მამაკაცი ყოფილა. ერთხელაც დები, ასევე ლამაზ მეგობარ ნაზიკოსთან ერთად, ქუჩაში მიდიოდნენ და ირაკლი აბაშიძეს პირისპირ შეჩეხებიან. ირაკლი სწორედ ნელისთან მისულა და უთქვამს, ამა და ამ რიცხვში (თარიღი დაუსახელებია) პოეზიის საღამო მაქვს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში და თქვენს იქ მობრძანებას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვსო. ანუ ჩანს, ეს უკვე ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდა კაცს არათუ შენიშნული ჰყავდა მომავალი მეუღლე, არამედ - იცნობდა კიდეც. ტყუპი გოგონები საღამოზე მართლაც წასულან, მერე ირაკლისთან საერთო ახლობლებიც აღმოუჩენიათ და დაწყებულა გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, დიდ დროს ატარებდნენ ერთად... ასე გავიდა ხანი და გამჟღავნდა სიყვარულიც.

დიდი სამამულო ომის შემდეგ საზოგადოებაში, თურმე, ძალიან მიღებული იყვნენ გენერლები. ირაკლი აბაშიძესაც ჰყოლია რამდენიმე მეგობარი გენერალი და ნელის მამასთან, დავით ჟორდანიასთან ქალიშვილის ხელის სათხოვნელად სწორედ იმ გენერლებთან ერთად მისულა. სუფრასთან კარგად რომ მოულხენიათ, ბატონ ირაკლის მხოლოდ მაშინ უთხოვია დავითისთვის ქალიშვილის ხელი. დავითს გასცინებია: ირაკლი, მეგონა, პორტარტურის ასაღებად მოხვედით. ნელი თუ გინდოდა, გეთქვა, შე კაი კაცო, ეს გენერალიტეტი რომ დამაყენე შინო!

განაგრძეთ კითხვა