რატომ უჩივლა ბერა ივანიშვილმა სასამართლოში "ტვ პირველსა" და "ფორმულას"?! - კვირის პალიტრა

რატომ უჩივლა ბერა ივანიშვილმა სასამართლოში "ტვ პირველსა" და "ფორმულას"?!

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, სიცრუეზეა დაფუძნებული, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, აღნიშნული ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.

„ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცილისმწამებლური, დიფამაციური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხენი არიან ტელეკომპანია შპს „ტვ პირველი“ და შპს „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომელიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს და მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი ვრცელია, მაგრამ ჩვენ, ამ შემთხვევაში, გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელიც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერებისა და მსგავსი საფუძვლების გარეშე და პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს და ა.შ. კამპანია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბოლო პერიოდის განმავლობაში, გარკვეულწილად სინქრონულად, ხმაშეწყობილად ვრცელდება სხვადასხვა ტელევიზიების, პოლიტიკოსების, საჯარო ფიგურების მხრიდან და ამას არანაირად არ აქვს გამართლება, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს, პირველ რიგში, პატივი, ღირსება და მისი რეპუტაცია. მოგეხსენებათ, რომ მოსარჩელე არის მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მას არანაირი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ მაინც სამწუხაროდ ადგილი აქვს ასეთ დიფამაციურ განცხადებებს და მისი უფლებაა, ყველას უფლებაა და ერთადერთი სწორი გზაა მას დაუპირისპირდეს სამოქალაქო სამართლებრივად და იმ ადამიანებმა, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად გაავრცელეს ასეთი ტიპის ცილისმწამებლური განცხადებები, აგონ პასუხი სამოქალაქო სამართლებრივი წესით“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

"ინტერპრესნიუსი"