"აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ" - ირაკლი ზარქუა ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრაზე

აგენტურას მორიგი მცდელობა აქვს, რომ თავიანთ პატრონებს შესჩივლონ, აბა, რა ვქნათო - მორიგ ჯერზე რაღაც გიჟობებს მოიფიქრებენ, რომელიც იქნება საკუთარი ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის დღეს დაანონსებულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გასაკვირი სულაც არაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქართველ ხალხთან კი არ მიდიან სალაპარაკოდ, არამედ "უცხოელ დამკვეთებთან".

ზარქუა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია "უცხოელი პატრონებისგან იმართება" და ეს შეხვედრა ამის მორიგი ლუსტრაციაა.

"ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. აგენტურა საკუთარ პატრონებთან მიდის ახალი რჩევების მისაღებად, თუ როგორ შეიძლება რომ პატრონებმა გადაარჩინონ. წარმოგიდგენიათ ამ უსამშობლოთა პარტიების რა მკაფიო ლუსტრირება ხდება?! ხალხთან კი არ მიდიან... 5 პარტიის გასამართლება მიდის. ჩვენი ხედვით, ისინი არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იმსახურებენ, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში იყვნენ ჩართული. აქცია დააანონსეს და 300 კაციც ვერ შეკრიბეს, იმიტომ რომ დასაყრდენი არ აქვთ. ის ვინც დასაყრდენი იყო, ისინიც განერიდნენ, რადგან გაიაზრეს, ესენი როგორ ატყუებდნენ. ჩვენ არ გვიკვირს, რომ ეს უსამშობლოთა პარტიები, პირველ რიგში, თავიანთ ამომრჩეველთან კი არა, თავიანთ დამკვეთებთან, პატრონებთან მივიდნენ. ხვდებიან ელჩებს.

ჩვენ ვართ მართლები ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთან, ქართულ ეკლესიასთან და ბუნებრივია, ამიტომ ვართ ასე თამამები და ძლიერები ამ უსამშობლოებთან და მათ აგენტურასთან ბრძოლაში," - განაცხადა ზარქუამ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა