რამდენ ჯარისკაცს კარგავენ ყოველდღიურად ფრონტზე უკრაინა და რუსეთი და რა კომპენსაციას იღებენ დაღუპულების ოჯახები?!
რა კომპენსაციას იღებენ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები...
რუსეთ-უკრაინის 1 200 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე დღე-ღამის ბრძოლებში რუსეთის საოკუპაციო ძალებს 30 ათასზე მეტი დანაკარგი აქვთ პირად შემადგენლობაში, როგორც დაუბრუნებელი დანაკარგის - დაღუპულების, ისე - დაჭრილებისა და დეზერტირების სახით.
უკრაინის ყოველდღიური საბრძოლო დანაკარგი სამი-ოთხჯერ ნაკლებია (თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინის არმია ძირითადად თავდაცვაში იმყოფება), თუმცა ეს ციფრიც ძალზე კრიტიკულია აგრესორ რუსეთზე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ბევრად პატარა უკრაინისთვის.
თუკი ომის დაწყების პირველ ეტაპზე უკრაინის მოქალაქეები რიგებშიც კი დგებოდნენ, რომ ქვეყნის დამცველების სიაში ჩაწერილიყვნენ და რუსი ოკუპანტები იარაღით ხელში შეეჩერებინათ, დღეს ასე აღარ არის - ბევრი პატრიოტი ომმა შეიწირა, ბევრი ჯანმრთელი უკრაინელი მამაკაცი კი საზღვარგარეთ „გაძვრა“ (მათ შორის - ჩვენს საქართველოშიც), რათა ფრონტისგან თავი აერიდებინა.
დღეს უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის საბრძოლო დანაკარგების შევსების ყველაზე რეალურ საშუალებას... უცხოელი დაქირავებულები წარმოადგენენ, განსაკუთრებით კი - ლათინური ამერიკიდან.
რუსეთს ეს პრობლემა ძალიან მწვავედ ჯერ არ უდგას, რადგან მის ომის ეკონომიკას ჯერ კიდევ შეუძლია რუსეთის არმიაში კონტრაქტის ხელმომწერი რიგითისთვის ყოველთვიურად 210 ათასი რუსული რუბლის (2 600 დოლარის ექვივალენტი) გადახდა (მით უმეტეს, რომ პირი, რომელი ხელს აწერს მინიმუმ 1-წლიან კონტრაქტს, იღებს როგორც ფედერალურ, ისე - რეგიონულ და მუნიციპალურ ერთჯერად 800,000-დან 4,500,000 რუბლამდე ბონუსს), თუმცა ბოლო თვეებში გამოჩნდა ანაზღაურების შემცირების ტენდეციაც.
რუსეთის მიყრუებულ სოფლებში, შინნახადი არყით წლობით „გაჟღენთილი“ ასი ათასობით რუსი „მუჟიკისთვის“ 210 ათასი რუბლის ერთბაშად დანახვა აქამდე წარმოუდგენლად მოჩანდა, ამიტომაც ისინი თავადვე ეწერებიან უკრაინაში საბრძოლველად, ხშირად - ცოლების ძალდატანებითაც, რომლებსაც მოსწყინდათ ლოთი ქმრების ყოველდღიური დანახვა და თუკი ისინი ომში დაიღუპებიან, შეიძლება, კიდეც გაუხარდეთ, რადგან მისი ოჯახისთვის გათვალისწინებული ფედერალური ერთჯერადი კომპენსაციების ჯამური მინიმალური ოდენობა, დაახლოებით, 14.2 მილიონ რუბლს შეადგენს!
ეს კი 174 ათას დოლარზე მეტია, რაც „უსაქმური“ ქმრის სანაცვლოდ მისი ცოლისა და შვილების შემდგომ ცხოვრებას უზრუნველყოფს -თუმცა, ეს 14,2 მილიონი რუბლი არ გადაეცემა ერთ ადამიანს, არამედ თანაბრად ნაწილდება დაღუპულის ოჯახის ყველა უფლებამოსილ წევრზე (მეუღლე, მშობლები, არასრულწლოვანი შვილები). თუ სამხედრომ დაღუპვამდე მიიღო 3 მილიონი რუბლი მძიმე ჭრილობისთვის, საპრეზიდენტო 5-მილიონიანი განკარგულებიდან მის ოჯახს მხოლოდ სხვაობა - 2 მილიონი რუბლი ჩაერიცხება. თანხის მისაღებად ოჯახმა უნდა დაამტკიცოს, რომ სამხედრო სწორედ საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. რუსული მედიისა და უფლებადამცველების ცნობით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაღუპულებს აფორმებენ „უგზო-უკვლოდ დაკარგულებად“, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ან დროში გააჭიანუროს ამ მილიონების გადახდა.
რუსეთის საოკუპაციო არმიას უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ნახევარ მილიონზე მეტი სამხედრო დაეღუპა და კრემლს უკვე უჭირს მათი ოჯახებისთვის ამხელა კომპენსაციის გადახდა...
რამდენადაც ძნელად წარმოსადგენი უნდა იყოს, უკრაინა სამშობლოს დამცველი მებრძოლის დაღუპვის შემდეგ მის ოჯახს... ზუსტად ორჯერ მეტ კომპენსაციას უხდის, ვიდრე პუტინი - თავის დამპყრობლებს...
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში (მათ შორის, უცხოურ ლეგიონში) მომსახურე სამხედროს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპვისას, მისი ოჯახისთვის კანონით დადგენილი ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია შეადგენს 15 მილიონ გრივნას (დაახლოებით, $345,000 აშშ დოლარი).
მთლიანი თანხა ერთბაშად არ გაიცემა. თავდაპირველად, ოჯახი იღებს საერთო თანხის 1/5-ს - 3 მილიონ გრივნას, ხოლო დარჩენილი 12 მილიონი გრივნა თანაბარ ნაწილებად ნაწილდება მომდევნო 80 თვეზე (თვეში, დაახლოებით,150,000 გრივნა).
15 მილიონი გრივნა არის სახელმწიფოსგან მისაღები მაქსიმალური ჯამური თანხა. თუ სამხედრო მანამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და ოჯახი ამ პერიოდში ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას იღებდა, საბოლოო გადახდისას, უკვე გაცემული თანხები გამოაკლდება საერთო ლიმიტს.
თანხა თანაბრად ნაწილდება პირველი რიგის ნათესავებზე - მშობლებზე, ოფიციალურ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებზე.
აღნიშნული კომპენსაცია სრულად ვრცელდება უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებსაც ოფიციალური კონტრაქტი ჰქონდათ გაფორმებული. ოჯახის წევრებს საბუთების წარდგენა შესაბამისი უკრაინული ბანკების მეშვეობით შეუძლიათ.