"უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი დაიღუპა ავარიის დროს" - რას ჰყვება რიონჰესთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდის ახლობელი?
უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა დღეს ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში. რიონჰესთან ავტომობილი მდინარე რიონში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. მდინარეში გადავარდნილ ავტომობილს მაშველები ორ საათზე მეტხანს ეძებდნენ, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. სამწუხაროდ, გაირკვა, რომ ორივე ახალგაზრდა გარდაიცვალა. დაღუპულები ქუთაისში მაცხოვრებლები არიან - მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი. მათი ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა მიმდინარეობს.
უმძიმესია მომხდარით გამოწვეული ტკივილი. ყველა განიცდის მომხდარს და გლოვაა ქუთაისში.
“ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი. ეს უბედურება როგორ დატრიალდა არ ვიცი, გეტყვით იმას, რომ უსაყვარლესი, ყველასგან გამორჩეული ბიჭი, მათე ობოლაძე დაიღუპა ავარიის დროს. ძალიან თბილი და ტკბილი ბიჭი, ყველას რომ უყვარდა. არ ვიცი, რა ვთქვა, შოკირებული ვარ ან მისმა დედამ როგორ უნდა გაუძლოს ამ უსაშველო ტკივილს. გული გამეყინა. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მართლა ყველასგან რომ გამოირჩეოდა ბავშვობიდან ისეთი იყო. ჩემს თვალწინ გაიზარდა და დავაჟკაცდა. ჩემი შვილის თანაკლასელი და საუკეთესო მეგობარია. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ. ჩვენი უსაყვარლესი მათუნა არ გვყავს... სტუდენტი იყო, წერეთლის უნივერსიტეტში სწავლობდა, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა, 20 წლის ბიჭი აღარ არის, ეს მწარე რეალობაა,”- გვითხრა მათეს მეგობრის დედამ და საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო.
დადებითად ახასიათებენ ავარიისას დაღუპულ მეორე ახალგაზრდას, ბერდია ხაბულიანსაც.
“შოკში ვარ, ჩვენი ბერდო აღარ გვყავს. როგორი გაზრდილი შვილი. ეს არ უნდა მომხდარიყო”, - ამბობს მისი ახლობელი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა არის სახიფათო.
“ცოდვა მადლის გაკითხვაა იქ, ისეთი მდგომარეობაა. არც მოაჯირები არის, არც გზა ვარგა, ქვები ცვივა და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვწვალობთ სანიაღვრე სისტემის გაწმენდას, გზის გასუფთავებას ხედვა რომ იყოს, მოსახლეობამ რომ არ გაწმინდოს მძღოლი შემხვედრს ვერ შეხედავს და გარდაუვალია საფრთხის აცილება... უპატრონო ქვეყანა ვართ, არაერთხელ მიმართა მოსახლეობამ მერიას ჯებირებზე. საკუთარი ძალებით ვწვალობთ რამე გაკეთდეს, ასე როგორ შეიძლება ასე უყურადღებობა. მოსახლეობა ვითხოვთ წლებია მოაჯირებს და არ აკეთებენ, არის სახიფათო გზა”, - წერს სოციალურ ქსელში იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ერთ-ერთი ქალბატონი და ითხოვს ხელისუფლებამ სასწრაფოდ საჭირო ზომები მიიღოს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
“კვირის პალიტრა” უსამძიმრებს გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის წევრებს ამ შემზარავი ტრაგედიის გამო.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)