“ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება არა უძილობის, არამედ მუდმივი დაბუჟებისა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო“ - ნინო ხაჟომია მძიმე დიაგნოზზე, ფიზიკურ ტკივილებსა და ემოციურ ტრავმებზე
ძუძუს კიბო მხოლოდ დიაგნოზი და ხანგრძლივი მკურნალობა არ არის - ეს არის მძიმე გამოცდა, რომელიც ცვლის ადამიანის სხეულს, ფსიქოლოგიას, ურთიერთობებსა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებას. მკურნალობის დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულდა: რჩება ფიზიკური ტკივილი, ემოციური ტრავმა, საზოგადოების დამოკიდებულება და ყოველდღიური გამოწვევები, რომელთა შესახებაც ხშირად არ საუბრობენ. ნინო ჯხაჟომია, რომელმაც ეს გზა თავად გაიარა, “გვანცას პოდკასტში“ გულწრფელად ჰყვება ამ დაავადებასთან ბრძოლის ყველაზე რთულ მხარეებზე - მარტოობაზე, ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, სხეულის ცვლილებებთან შეგუებასა და იმ ცხოვრებაზე, რომელიც კიბოს შემდეგ იწყება.
დიაგნოზის დასმის შემდეგ
როდესაც ქალებს ვუსმენ, ირკვევა, რომ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტების ოჯახების 30 პროცენტი ინგრევა. დღემდე მიკვირს, როგორ გადიან ამ რთულ გზას მარტოხელა დედები, რადგან ამ განსაცდელის მარტო გადატანა წარმოუდგენლად რთულია. ჩემს გვერდით შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, ამ თემაზე ასე თავისუფლად ვერ ვისაუბრებდი. ამ პროცესში ადამიანს მუდმივი ფიზიკური და მენტალური თანადგომა და დახმარება სჭირდება. მკურნალობის პერიოდში ფიზიკურად თითქმის არაფრის გაკეთება შემეძლო. მკურნალობის დასასრულს, როდესაც ბოლო გადასხმები მქონდა დარჩენილი, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, რომ პროცესის გაგრძელება აღარ მინდოდა. ვფიქრობდი, კიბოს მომკლავდა თუ ქიმიოთერაპია, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. თუმცა შემდეგ გავაცნობიერე, რომ ქიმიოთერაპიას თავისი დაგროვებითი ციკლი აქვს და მისი შეწყვეტა არ იქნებოდა რეკომენდებული. მომავალში შესაძლო რეციდივის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით ყველაფერში საკუთარ თავს დავადანაშაულებდი, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი ტრაგედია იქნებოდა. საბოლოოდ, მკურნალობის სრული კურსი დავასრულე.
“მკერდის ქონა არ ნიშნავს სექსუალორობას…”
მახსოვს, ერთ-ერთი TikTok-ერის კომენტარი: „ქალი ძუძუს გარეშე იგივეა, რაც მაცივარი ლუდის გარეშეო“. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც 50 წლის ზრდასრულ ქალს, შემიძლია ასეთ ადამიანს შესაფერისი, მწვავე პასუხი გავცე, ყურადღებას იმ ქალებზე ვამახვილებ, რომლებისთვისაც მსგავსი დამოკიდებულება დამატებითი ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა. ძალიან ბევრ ქალს აწუხებს ეს ტრავმა. მე მკერდი მთლიანად მაქვს მოკვეთილი - არც კუნთი მაქვს დარჩენილი და არც ძუძუსთავები. ამგვარი რადიკალური ოპერაციის მიზანია, არ დარჩეს ადგილი, სადაც კიბო შესაძლოა ხელახლა განვითარდეს. აღნიშნული ჩარევა ძუძუს კიბოს რეციდივის რისკს 20-25 პროცენტით ამცირებს, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ახლა როგორ ვარ?
კიბო და მის შემდეგ არსებული ცხოვრება გამოცდილებაა, რომელიც ჩემი წინანდელი ცხოვრებისგან სრულიად განსხვავდება. სამწუხაროდ, სოციუმი და ოჯახი ხშირად მოითხოვს, რომ დაავადებამდე არსებულ ცხოვრების წესს დავუბრუნდეთ და ისეთივე ადამიანები ვიყოთ, როგორებიც ადრე ვიყავით, თუმცა ეს შეუძლებელია. კიბო მთლიანად ცვლის ადამიანის მსოფლმხედველობას. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურები გარეგნულად, ყოველი დღე მუდმივი ბრძოლაა იმისთვის, რომ ფეხზე მყარად დავდგე. ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება არა უძილობის, არამედ მუდმივი დაბუჟებისა და მასთან დაკავშირებული დისკომფორტის გამო. გაღვიძებიდან დაახლოებით ერთი საათი მჭირდება, რომ სხეული „ავაწყო“ და