“ხატის საზურგეზე მაცხოვრის სახე თავისით გამოისახა“ - თურქეთიდან საქართველოში ჩამობრძანებული ხატების იდუმალი ისტორია და სასწაულები - კვირის პალიტრა

“ხატის საზურგეზე მაცხოვრის სახე თავისით გამოისახა“ - თურქეთიდან საქართველოში ჩამობრძანებული ხატების იდუმალი ისტორია და სასწაულები

ცოტა ხნის წინ, საქართველოში თურქეთიდან ორი უძველესი ისტორიული ხატი ჩამოაბრძანეს. განსაკუთრებულ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი ხატის ხის საზურგეზე მაცხოვრის სახე ხელთუქმნელად - ბუნებრივად არის გამოსახული.

სიწმინდეები ამჟამად თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამლოცველოშია დაბრძანებული.

20261101-110010-1793945713.jpg

მამა იაკობ მესტვირიშვილი:

- მამაო, როგორ მოხვდა ეს უძველესი ხატები თქვენთან?

- ხატები თურქეთიდან ქართველმა ემიგრანტმა, დავით ქობალავამ გამოგვიგზავნა. ეს ხატები უდიდესი სიწმინდე, მადლი, ნუგეში და იმედია თითოეული ჩვენთაგანისათვის. როდესაც დავითი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი თურქისგან უძველესი ხატები გამოისყიდა და სურვილი გამოთქვა ჩვენთვის გადმოეცა. ცხადია, დიდი სულიერი სიხარულით მივიღე.

ორივე ხატი ორმხრივია. წინაც და საზურგეზეც წმინდა გამოსახულებებია. ერთ-ერთზე დედა ღვთისმშობელია გამოსახული, საზურგეზე კი - აღსაყდრებული მაცხოვრის ხატია დაწერილი. რაც შეეხება მეორე ხატს, წინა მხარეს სხვადასხვა სულიერ სცენას ვხედავთ, უკან კი მაცხოვრის სახე- თავისით, ბუნებრივად გამოისახა. ის არც დაწერილია და არც ხელით შესრულებული, ხელთუქმნელია.

- ცნობილია თუ არა, რომელ საუკუნეს მიეკუთვნება? შესაძლებელია თუ არა მისი იკონოგრაფიის, შესრულების მანერისა და სხვა ნიშნების მიხედვით დაწერის პერიოდისა და წარმომავლობის ზუსტად განსაზღვრა?

- ხატები, სავარაუდოდ, მე-17 ან მე-18 საუკუნისაა, რადგან სწორედ ამ პერიოდში იწერებოდა ხატები ხეზე. ეს ის პერიოდია, როდესაც თურქეთში სლავები და ბერძნები ცხოვრობდნენ. ოსმალებმა მათ ეკლესიები დაურბიეს, და სწორედ ამგვარად აღმოჩნდა ეს სიწმინდეები უცხოთა ხელში.

20261101-110339-1793945776.jpg

ხატები წამოღებულია დემრედან და კაპადოკიიდან - სავარაუდოდ, მამა პაისის სოფლიდან. დემრე - ისტორიული მირაა, სადაც წმინდა ნიკოლოზი ეპისკოპოსად მსახურობდა და მოღვაწეობდა. რადგან ეს სიწმინდეები თურქების (ოსმალების) ხელში იყო და მათთვის რაიმე სულიერი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთმა ქართველმა გამოისყიდა ჩვენთვის.

გარდა იმისა, რომ ხატები მატერიალურადაც უძვირფასესია, უდიდესი სულიერი დატვირთვა აქვს და დიდი მადლის მატარებელნი არიან. წარმოიდგინეთ რამდენი ხნის მანძილზე იყო ტაძარში დაბრძანრბული, რამდენმა წმინდა ადამიანმა ილოცა მათ წინაშე საუკუნეების განმავლობაში. ვინ იცის, რამდენი ადამიანის სათხოვარი შეისმინა უფალმა ამ ხატების წინაშე ლოცვით და რამდენი მადლი და წყალობა მიუღიათ ადამიანებს მათგან.

- სად არის ხატი ამჟამად დაბრძანებული და შესაძლებელია თუ არა მათი მოლოცვა?

- ხატები დაბრძანებულია თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამლოცველოში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და მოილოცოს.

- ზოგჯერ ხატი მირონდენას იწყებს, ზოგჯერ ცრემლი მოსდის ან სისხლდენა იწყება. როგორ უნდა შევხედოთ მსგავს ნიშნებს ?

- ასეთ მოვლენებს ეკლესია სიფრთხილით უდგებს და უპირობოდ რაიმე კონკრეტული დიაგნოზის დასმა არ ხდება. ეს არ არის დოგმატური საკითხი, არამედ საეკლესიო გამოცდილებაა. თუმცა, საეკლესიო გადმოცდილრბიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში მირონდენა მადლის, ნუგეშისა და იმედის მანიშნებელია. ასეთი მოვლენებით ზეციური სამყარო გვანუგეშებს. ადამიანები მიდიან ასეთ ადგილებში, ლოცულობენ და ღვთის ამ უდუდეს წყალობას ეზიარებიან.

როდესაც ხატს ცრემლი მოსდის ან სისხლდენა იწყება, უფრო განსაცდელის მომასწავებელია და გამაფრთხილებელი ხასიათისაა. მიუხედავად ყველაფრისა, ეკლესია ყოველ კონკრეტულ შემთხვევას უდიდესი სიფრთხილით ეკიდება.

- საზოგადოებაში ხატებთან დაკავშირებული სასწაულები და უჩვეულო მოვლენები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რატომ არის ადამიანი ასეთი მგრძნობიარე უჩეულო ნიშნების მიმართ? ეხმარება თუ არა ეს მოვლენები მას ჭეშმარიტების შეცნობასა და სარწმუნოების განმტკიცებაში?

- ადამიანს ყოველთვის იზიდავდა მიღმიერ სამყაროსთან კავშირი და აინტერესებდა შეცნობა იმისა, რაც მისთვის უცხო და შეუცნობელია. ალბათ ამიტომაც იზიდავს ადამიანს ასეთი უჩვეულო მოვლენები. არის მომენტები, როცა ადამიანი ასეთ შემთხვევებში რწმენაში მტკიცდება. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრჯერ ყოფილა, რომ ადამიანები ამ სასწაულებსაც უგულებელყოფენ, გულთან არ მიაქვთ და არაფრად მიაჩნიათ. ზოგჯერ ასეთი რამ სასჯელადაც შეიძლება იქცეს, ვინაიდან ვისაც მეტი მიეცა, მას მეტივე მოეთხოვება. თანამედროვე ადამიანი ხშირად ეძებს განსაკუთრებულ დასტურს, სასწაულს - ეძლევა კიდეც, მაგრამ მაინც არ მიდის ღმერთთან.

- სად გადის ზღვარი მადლიერებით მიღებასა და სასწაულის მუდმივ ძიებას შორის?

- ეკლესია გვასწავლის, რომ ადამიანმა სასწაულები არ უნდა ეძიოს და თავისი სულიერი ცხოვრება უჩვეულო ნიშნებზე არ უნდა ააგოს. მან უნდა ეძიოს სასუფეველი ღვთისა, რაც გულისხმობს: ლოცვას, მარხვას, აღსარებას, კეთილ საქმეებს და საკუთარ სულზე ზრუნვას. თითოეული ადამიანი ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ცხოვრებას უნდა ცდილობდეს. თუმცა, უფალი ამ გზითაც გვანუგეშებს ხოლმე და თვითონ გვიგზავნის ასეთ მადლს განსამტკიცებლად და რწმენაში გასაძლიერებლად. ისევე როგორც მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულების საზურგეზე გამოსახვაა. ასეთი გამოვლინებებიც გვიხილავს. ეს ყველაფერი მადლიერებით, თავდაბლობითა და მორჩილებით უნდა მივიღოთ.

20261101-105847-1793945750.jpg

- მამაო, თანამედროვე ადამიანი თითქოს მუდმივად ეძებს რაიმე განსაკუთრებულ დასტურებას - ნიშანს, პასუხს, სასწაულს. თქვენი აზრით, რატომ გაძლიერდა ეს მოთხოვნილება? შეიძლება ეს სულიერი შიმშილის, დაუცველობისა და ღმერთთან დაკარგული კავშირის ძიების გამოხატულება იყოს?

- ყველაზე დიდი სასწაული მაინც ყოველკვირეული ევქარისტია და ზოგადად ადამიანის სიცოცხლეა. ნებისმიერი ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი ნუგეში და იმედი ქრისტესთან მყოფობაა. ეს შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს ზიარებით აქვს მიღებული. ადამიანის სულიერი შიმშილი და დაუცველობის განცდა მხოლოდ და მხოლოდ ზიარების მადლით ივსება. რამდენი სასწაულიც არ უნდა იხილოს ადამიანმა, ზიარების მადლს ვერაფერი გადაწონის. უფალი სწორედ ამისთვის მოვიდა და დააარსა ეკლესია, რომ მარადის ჩვენთან ყოფილიყო და ადამიანს სულიერი შიმშილი არ განეცადა.

უფალი ბრძანებს: „მოვედით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენოთ თქვენ... ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკდეთ და განგიღოთ თქვენ.“

შეუძლებელია, რომ დედამიწაზე ადამიანი სულიერ შიმშილსა და დაუცველობას განიცდიდეს, თუ ის ღმერთთან ახლოსაა. ღმერთთან სიახლოვე ყოველთვის ანიჭებს ადამიანს დაცულობის განცდას - მან იცის, რომ უფალს უყვარს, რომ უფალშია და უფლის მადლით ძლიერია. როგორ განსაცდელშიც არ უნდა ჩავარდეს, თუ ის ქრისტიანულად ცხოვრობს, ლოცულობს და ეზიარება, მას სულ აქვს ეს განცდა: რომ დაცულია, რომ უფალი მასთანაა, დაიფარავს და შეეწევა.

- მამაო, ხატის საზურგეზე მაცხოვრის გამოსახულება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს ეს ხატი და ყოფილა თუ არა მასთან დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ან მორწმუნეთა გამოცდილება, რომლის გაზიარებაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა?

20261101-105532-1793945734.jpg

- ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ფაქტია - ის ხელთუქმნელია: არც დახატულია და არც ხელით არის შესრულებული, არამედ ფიცარზე ბუნებრივად იკვეთება მაცხოვრის სახე. ეს ხატები ტაძრის ხატებია და დიდი ალბათობით, კანკელის თავზე იყო დაბრძანებული.

პირადად ჩვენთვის უდიდესი პატივისცემა, სულიერი სიხარული და მადლიერებაა, რომ ეს სიწმინდე ჩვენთანაა დაბრძანებული. რაც შეეხება შემთხვევებს: სამლოცველოში გადმობრძანების დღიდანვე იგრძნობა უდიდესი სიმშვიდე, ნუგეში და წყალობა. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მოსულან (წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სამლოცველოში) და შევთხოვეთ მათთვის წყალობა. უფლის წყალობით, დღეს ეს ადამიანები სრულიად ჯანმრთელნი არიან, ან გამივიდნენ განსაცდელისგან. მართალია, ჩვენ ხორციელი ადამიანები ვართ და ხორციელი შეწევნაც გვჭირდება, მაგრამ უპირველესად სულიერი წყალობა და დახმარება უნდა ვითხივოთ, შენდეგ ჩვენი ხორციელი საჭიროებისთვის ვევედროთ.

ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიხსნას გონება, განგვიწმინდოს სული და გავთავისუფლდეთ ცოდვებისგან. როდესაც ხატზე გამოსახულ წმინდანებს (იქნება ეს წმინდა ნიკოლოზი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თუ მაცხოვარი) მივმართავთ, უნდა ვთხოვოთ შეწევნა, რომ შევძლოთ საკუთარ თავში ცოდვების დანახვა, მათი დამარცხება და სიკეთის კეთება. ღვთის მადლის გარეშე არცერთ ადამიანს არ შესწევს რომელიმე ცოდვის დამარცხების ძალა. მხოლოდ ამის შემდეგ ვითხოვოთ,რაც მატერიალურად გვაწუხებს.

- მამაო, როდესაც ადამიანს ხატის შესახებ უჩვეულო ამბავი ესმის და მის მიმართ ინტერესი უჩნდება, როგორ შეიძლება ეს ინტერესი უფრო ღრმა სულიერი ძიების დასაწყისად იქცეს? რა არის მთავარი, რაც ადამიანს ამგვარი ამბებიდან უნდა დარჩეს?

- ადამიანმა უნდა დაიწყოს ქრისტეს ძიება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ‘ გაიაზროს, რა აშორებს ღმერთთან და დაიწყოს ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რადგან ქრისტეს გარეშე ყველაფერს აზრი ეკარგება.

ხშირად ადამიანები ტაძარში არ მისვლისა და ზიარებისგან თავის შეკავებისთვის ათას მიზეზს ეძებენ, მაგრამ ეს ყველაფერი სიცრუე და აბსურდული მიზეზებია. ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ ღმერთთან მყოფობა არის ჩვენი სიცოცხლის, ბედნიერებისა და სიხარულის მთავარი მიზანი. ეს პატარა ნიშნები, სასწაულები და ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები სწორედ იმისთვის გვეძლევა, რომ მადლმა მოგვცეს ბიძგი - არასოდეს დავშორდეთ ღმერთს.

ქრისტესთან მყოფობა და მისი მცნებებით ცხოვრება არის ყველაფერი. ამ განღმრთობის პროცესში უმნიშვნელოვანესია ადამიანის ნება, რომლითაც ის მანკიერ, უარყოფით თვისებებს მოიკვეთს და ღმერთისკენ გადადგამს ნაბიჯს. თითოეული ჩვენი ფიქრი, სიტყვა და საქმე სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს - იყოს მხოლოდ ქრისტესთვის, მხოლოდ ქრისტესთან და მხოლოდ ქრისტეში!

შორენა მერკვილაძე

(სპეციალურად საიტისთვის)