რატომ დააკავეს ბარსელონა-მოდლინის ავიარეისზე საქართველოს 29 წლის მოქალაქე?! - დაზარალებული 16 წლის პოლონელია
ბარსელონიდან მოდლინის მიმართულებით მიმავალ ავიარეისზე პოლიციამ საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავა, რომელსაც არასრულწლოვანი მგზავრის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ინციდენტი 30 ოქტომბერს, ბარსელონიდან ვარშავა-მოდლინის აეროპორტის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა პოლიციას აცნობეს, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მჯდომ პირთან მიმართებაში სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. როგორც კი თვითმფრინავი მოდლინში დაეშვა, ბორტზე მესაზღვრეები და პოლიციელები ავიდნენ და აგრესორი გაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაზარალებული პოლონეთის არასრულწლოვანი, 16 წლის მოქალაქეა, რომელიც ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ინტერპრესნიუსი"