"სახლში თითქმის უკვე მისულები იყვნენ და უბედურება მოხდა..." - კახეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები, რომელსაც 6 წლის საბა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"სახლში თითქმის უკვე მისულები იყვნენ და უბედურება მოხდა..." - კახეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები, რომელსაც 6 წლის საბა ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 6 წლის ბავშვის, საბა მუნჯიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად ასევე დაშავდნენ ბავშვის მშობლები და მისი 2 წლის და.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 6 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის კლინიკაში, „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. სამივე დაშავებულს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი და მას ოპერაცია ჩაუტარდება.

ადგილობრივების თქმით, ოჯახი სოფელ კოლაგში ცხოვრობს და ისინი ახალი გადმოსულები არიან.

"ორ-სამი წელი იქნება, რაც ჩვენს სოფელში, კოლაგში ცხოვრობენ, მანამდე მგონი რუსთავში, თუ გარდაბანში ცხოვრობდნენ. საჭესთან ბავშვის მამა, გიორგი მუნჯიშვილი იჯდა. მანქანაში ისხდნენ მისი ოჯახის წევრები - ორი შვილი და მეუღლე. სამწუხაროდ, 6 წლის ბავშვი ადგილზეა გარდაცვლილი...

პირველკლასელებს ცოტა ხნის წინ ნერგები დავარგვევინეთ სკოლის ეზოში და ის ბავშვი დამამახსოვრდა. ბიჭუნა კოლაგის სკოლაში სწავლობდა.

რაც შეეხება ავარიას, როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, მძღოლი ნასვამი იყო. სახლში მოდიოდნენ, უკვე მისულები იყვნენ თითქმის, ჩასახვევთან ახლოს მოხდა ეს მძიმე ამბავი. ბავშვი ადგილზე გარდაცვლილა. დაშავებულები გურჯანის კლინიკაში რომ იყვნენ წუხელ ეგ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე თუ გადაიყვანეს სხვაგან, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია", - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ კოლაგში მერის წარმომადგენელი.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით სოფელ კოლაგის საჯარო სკოლას, სადაც პატარა ბიჭი სწავლობდა.

" საბა მუნჯიშვილი პირველკლასელია, წელს მოვიდა პირველ კლასში, ექვსი წლის არის... სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი. მშვიდი, წყნარი საყვარელი ბავშვი იყო. ძალიან განვიცდით ყველანი მომხდარს და ვუსამძიმრებთ ოჯახს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.