ქართველი სიძე, სამეფო გვირგვინები და ქართული ხანჯლები ვენაში - რა დეტალებს ავრცელებს უცხოური პრესა ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე?! - კვირის პალიტრა

ქართველი სიძე, სამეფო გვირგვინები და ქართული ხანჯლები ვენაში - რა დეტალებს ავრცელებს უცხოური პრესა ლიხტენშტეინის პრინცესას ქორწილზე?!

ლიხტენშტეინის სამეფო ოჯახში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღე აღინიშნა. პრინცესა მარია-იმაკულატა ფონ უნდ ცუ ლიხტენშტაინი 31 ოქტომბერს ვენაში ქართველ ზურაბ ძიძიგურზე დაქორწინდა. წყვილის ქორწილის შესახებ ინფორმაცია თავად პრინცესამ გერმანულ გამოცემა BUNTE.de-ს დაუდასტურა და საზეიმო ცერემონიის ამსახველი ფოტოებიც გააზიარა.

2-1793865444.webp

ქორწილი განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ მასში ერთმანეთს ლიხტენშტეინის სამთავრო ოჯახის ევროპული ტრადიციები და სიძის ქართული კულტურა შეერწყა.

პრინცესა მარია-იმაკულატა, რომელიც 34 წლისაა, პრინც გუნდაკარისა და პრინცესა მარი ფონ უნდ ცუ ლიხტენშტაინის ქალიშვილია. წყვილის საქორწინო ცერემონია ვენის წმინდა პეტრეს ეკლესიაში ბერძნულ-მართლმადიდებლური წესით გაიმართა. რიტუალის დროს პატარძალსა და სიძეს საქორწინო გვირგვინები ედგათ, რომლებიც მათ პატარძლის და-ძმამ - პრინცესა ქრისტინემ და პრინცმა ხუანმა - გადასცეს. მოგვიანებით ახალდაქორწინებულები კათოლიკური წესითაც აკურთხეს.

3-1793865207.webp

განსაკუთრებული სანახაობა ეკლესიიდან გამოსვლის დროს გაიმართა. წყვილის მეგობრებმა და მეჯვარეებმა ქართული ტრადიციის შესაბამისად საპატიო დერეფანი შექმნეს. ისინი ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი და ხელში ტრადიციული ხანჯლები ეჭირათ.

ცერემონიის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებულები ვენის ქუჩებში ფაეტონით გაემგზავრნენ. მათი მარშრუტი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Imperial-ში დასრულდა, სადაც საქორწინო წვეულება გაიმართა. საზეიმო მიღებას დაახლოებით 80 სტუმარი ესწრებოდა.

საღამოს მუსიკალური ნაწილი თავად სიძემ განსაკუთრებულად გააფორმა. ზურაბ ძიძიგური პროფესიით ტენორია და სტუმრების წინაშე მეგობრებთან ერთად საოპერო არიების შესრულებით წარდგა. მოგვიანებით წყვილმა ქართული ტრადიციული საქორწინო ცეკვა შეასრულა, საღამო კი ვენის კლასიკური ვალსით გაგრძელდა.

ქორწილს ლიხტენშტეინის სამთავრო ოჯახის წევრებთან ერთად ევროპის არისტოკრატიული წრეების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ პრინცესას მშობლები, მისი ძმა პრინცი იოჰან-ვენცელი მეუღლესთან, პრინცესა ფელიციტასთან ერთად, და-ძმა - პრინცესა მარგარიტა და პრინცი გაბრიელი.

საფრანგეთიდან ქორწილში პარიზის გრაფი და გრაფინია შვილებთან ერთად ჩავიდნენ. გერმანულ არისტოკრატიას პრინცესა დარია ტურნ უნდ ტაქსისი წარმოადგენდა. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი შეიხი აბდულა ალ-ბადი და ვენაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

4-1793865374.webp

როგორ გაიცნეს ერთმანეთი მარია-იმაკულატამ და ზურაბ ძიძიგურმა?

წყვილის სიყვარულის ისტორიაც არანაკლებ საინტერესოა. გამოცემა მათ გაცნობის ამბავს პრინცესა ევგენიასა და ჯეკ ბრუკსბენკის ისტორიას ადარებს. მარია-იმაკულატა და ზურაბ ძიძიგური ერთმანეთს სათხილამურო დასვენების დროს შეხვდნენ, თუმცა მათი გაცნობის ადგილი ვერბიე კი არა, საქართველო იყო.

პატარძალს საერთაშორისო განათლება აქვს მიღებული დიპლომატიის, საკონსულტაციო საქმიანობისა და ინვესტიციების მიმართულებით. ამ სფეროებში მუშაობს და უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს.

ზურაბ ძიძიგური პროფესიონალი ტენორია და თბილისში გასტრონომიული კონცეფციის — „Muse“-ის დამფუძნებელი. მისი პროექტი ტრადიციულ გასტრონომიას ხელოვნებასთან აერთიანებს.

წყარო