„ჩემი ცხოვრება სავსე იყო ღალატით, დაშორებებით და სასიყვარულო დრამებით“ - ფანი არდანი - კვირის პალიტრა

„ჩემი ცხოვრება სავსე იყო ღალატით, დაშორებებით და სასიყვარულო დრამებით“ - ფანი არდანი

ფანი არდანი: „ქორწინება შეთანხმებაა, რომელსაც გრძნობებთან საერთო არაფერი აქვს“

ფანი მარგერიტ ჟიუდიტ არდანი 1949 წლის 22 მარტს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მას ოთხი ძმა და ორი და ჰყავდა. მამა მონაკოს პრინც რენიე III-ის სამსახურში მსახურობდა. ის განათლებული და დამოუკიდებელი პიროვნება იყო.

a33f88b81314a1a12114b27d379e6956-1743589763-1743712438-1793870256.jpg

ფანი პრესტიჟულ სამონასტრო სკოლაში სწავლობდა, სადაც პრინცესა კაროლინაც იღებდა განათლებას. სწორედ აქ, 13 წლის ასაკში, პირველად გამოჩნდა სცენაზე - სასკოლო წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა ფანი ძალიან მორცხვი იყო, საკუთარ თავსაც ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდა და დროის უმეტეს ნაწილს წიგნების კითხვაში ატარებდა. როგორც მოგვიანებით თავად აღიარებდა, მსახიობობა მისთვის გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთგვარი გზა იყო. მას ყოველთვის სურდა, საკუთარი თავშეკავება დაეძლია და საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.

მსახიობობაზე ოცნება 16 წლის ასაკში დაიწყო. მშობლები მის გადაწყვეტილებას არ იზიარებდნენ და ერთი პირობა წაუყენეს: თავდაპირველად სერიოზული აკადემიური განათლება უნდა მიეღო. თუ სწავლის დასრულების შემდეგ მსახიობობის სურვილი კვლავ ექნებოდა, ისინი მის არჩევანს მხარს დაუჭერდნენ.

ფანიმ ყველაზე მოკლე სასწავლო კურსი შეარჩია და პროვანსის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ჩააბარა.

„ეს არასოდეს მინანია“, - ამბობდა მოგვიანებით.

bbde366e1bbc7f4ea8b0c099ad5c111e-1743589812-1793870306.jpg

დიპლომის მიღების შემდეგ ფანი პარიზში გაემგზავრა და მსახიობობის შესასწავლად კერძო სკოლაში ჩაირიცხა. სწავლის პარალელურად სხვადასხვა სამუშაოსაც ასრულებდა - მუშაობდა დამლაგებლად, ოფიციანტად და მდივნად. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები საკმაოდ შეძლებულები იყვნენ, ფანის საკუთარი შემოსავლის მიღება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა.

სცენას 1974 წელს დაუბრუნდა. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი ტელესერიალში „ქალი ზღვასთან“ იყო. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ის, რასაც ფანი მოგვიანებით საკუთარი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს სასწაულად მოიხსენიებდა.

პირველი სერიალის გადაღებების პერიოდში ფანიმ უკვე მიიპყრო ფრანგული კინოს ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის, რეჟისორ ფრანსუა ტრიუფოს ყურადღება. ტრიუფო მისით დაინტერესდა და ერთი ნახვით შეუყვარდა.

„მომნუსხა მისმა დიდმა პირმა, უზარმაზარმა შავმა თვალებმა და სამკუთხა სახემ“, - ამბობდა რეჟისორი.

ფრანგული კინოს გენიოსს ლამაზი ქალები უყვარდა. მას მიაჩნდა, რომ „კინო ხელოვნებაა, რომელიც ლამაზ ქალებს ლამაზი რაღაცების კეთების საშუალებას აძლევს“. ტრიუფოს ფილმებში ამ „ლამაზ რაღაცებს“ ეპოქის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავები აკეთებდნენ - ჟანა მორო, კატრინ დენევი, იზაბელ აჯანი, ფრანსუაზ დორლეაკი და სხვები.

თითქმის ყველა დივა, რომელიც მის ფილმებში მონაწილეობდა, რეჟისორის საყვარელიც ხდებოდა. და არა მხოლოდ ისინი. ტრიუფო ერთ-ერთი საკუთარი ფილმის პერსონაჟის რჩევითაც ხელმძღვანელობდა: „ქალების არ უნდა გეშინოდეს - ისინი მომწამვლელები არ არიან“.

df0f5110d8b7576ae6892483787c3041-1743589862-1793870701.jpg

ფანი არდანსა და ფრანსუა ტრიუფოს ბევრი რამ აერთიანებდათ: ანარქისტული სული, ლიტერატურისა და კინოსადმი ინტელექტუალური ვნება და აბსოლუტური თავისუფლების სიყვარული. სწორედ ამ უკანასკნელის გამო გადაწყვიტეს, ერთად არ ეცხოვრათ. ფანი რეჟისორის მეზობლად დასახლდა. ისინი ერთმანეთს გადაღებებზე ხვდებოდნენ, რესტორნებში ვახშმობდნენ, რამდენიმე საათს განმარტოებით ატარებდნენ და შემდეგ ისევ საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ.

ფანი არდანის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმმა „მეზობელი ქალი“ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და მსახიობი ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავად აქცია. ფილმს უდიდესი წარმატება ხვდა წილად - მხოლოდ პარიზში ის მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

ამ პერიოდში რეჟისორის წარმოსახვაში უკვე ახალი ფილმის იდეა იბადებოდა.

„დეტექტიური ჟანრის გმირს ჰგავხარ!“ - უთხრა მან ფანის.

ასე შეიქმნა 1983 წელს მათი მეორე ერთობლივი ნამუშევარი - შავ-თეთრი დეტექტიური კომედია „მხიარული კვირა“, რომელიც film noir-ის ესთეტიკით იყო გადაწყვეტილი.

e786bcfcdeb974ce4937649e1421f2da-1743589888-1793870724.jpg

იმავე წელს ფანი დაორსულდა. ეს ამბავი ტრიუფოსთვის ენით აღუწერელი ბედნიერება აღმოჩნდა. მან უარი თქვა ნიუ-იორკში მნიშვნელოვან ვიზიტზე და ნორმანდიის სანაპიროზე ვილა იქირავა. წყვილმა ერთად ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი გაატარა: ხანგრძლივი სეირნობები, აუჩქარებელი საუბრები, მყუდრო ვახშმები პატარა რესტორნებში...

წლების შემდეგ ფანი იმ ორ თვეს თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ პერიოდად იხსენებდა.

თუმცა იდილია მოულოდნელად დასრულდა - ტრიუფოს ინსულტი დაემართა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

10-1743590921-1793870826.jpg

ოპერაციის შემდეგ სახლში იგი ყოფილმა მეუღლემ წაიყვანა.

ამ დროს ფანიც საავადმყოფოში იმყოფებოდა - მას ქალიშვილი, ჟოზეფინა, შეეძინა.

ოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო. ტრიუფოს არ სურდა, ფანის იგი უმწეო, დაუძლურებულ და მომაკვდავ მდგომარეობაში ენახა. ამიტომ კატეგორიულად მოითხოვა, რომ კვლავ ცალ-ცალკე ეცხოვრათ და ფანის საკუთარი კინოკარიერა გაეგრძელებინა.

1984 წლის ოქტომბერში ფრანსუა ტრიუფო გარდაიცვალა. მათი ქალიშვილი ამ დროს მხოლოდ ერთი წლის იყო. ფანის რეჟისორის გარდაცვალების ამბავი გადაღებებზე შეატყობინეს. მან მუშაობა არ შეწყვიტა.

ტრიუფოს გარდაცვალების შემდეგ ფანი მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. ორი წლის განმავლობაში ადამიანებთან თითქმის საერთოდ არ საუბრობდა. თუმცა კინოს არ ჩამოშორებია. ტრიუფოს შემდეგ მასთან თანამშრომლობაზე ევროპის უდიდესი რეჟისორები ოცნებობდნენ. ფანის კი უკვე შეეძლო, მხოლოდ ის როლები შეერჩია, რომლებიც თავად აინტერესებდა.

858c27a9a6d504791ac99725d1c7b5d6-1743589837-1793870746.jpg

„ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ სინამდვილეში ნამდვილი მსახიობი არ ვიყავი. პროფესიონალს ნებისმიერი როლის შესრულება უნდა შეეძლოს, მაგრამ მე ვერასოდეს განვასახიერებ ქალს, რომლის განცდებიც ჩემთვის უცხოა“, - აღიარებდა ფანი.