რატომ ყიდის რუსეთი ოქროს რეკორდული ტემპით?!
რუსეთის ოქროს რეზერვი ზედიზედ მეორე კვარტალია, რეკორდულად იყიდება, რაც ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა კრემლის რეკორდული სამხედრო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად წელს დაიწყო. ოქროს რეზერვის შემცირებით რუსეთის ბანკი მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკად იქცა.
ამის შესახებ მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council-WGC) მონაცემებში წერია, რასაც The Moscow Times ავრცელებს.
საერთო ჯამში, მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა მესამე კვარტალში 321.2 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით მეტია. თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან გამონაკლისთაგანია, რომელმაც თავისი რეზერვიდან 18.66 ტონა ოქროს ზოდები გაყიდა. ამით მან სხვა გამყიდველებს მნიშვნელოვნად გაუსწრო.
შედარებისთვის: ყირგიზეთის ცენტრალურმა ბანკმა 0.95 ტონა, ხოლო გერმანიის, სინგაპურისა და მექსიკის ცენტრალურმა ბანკებმა, შესაბამისად, 0.19 ტონა, 0.08 ტონა და 0.02 ტონა ოქრო გაყიდეს.
WGC-ის სტატისტიკით, ოქროს უმსხვილესი მყიდველი ჩინეთის სახალხო ბანკია, რომელმაც თავის რეზერვს 63.14 ტონა დაამატა. მნიშვნელოვანი შესყიდვები, ასევე, პოლონეთის (+40.45 ტონა), უზბეკეთისა (+14.45 ტონა ) და ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკებმა (+13.52 ტონა) განახორციელეს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი ოქროს 10 თვეა, ყიდის. ეს “სარკისებური” გაყიდვებია ფინასნთა სამინისტროს ოპერაციების ფარგლებში, რომელიც ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ძვირფას ლითონს იყენებს. წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 7.3 ტრლნ რუბლს (89.24 მლრდ დოლარს) მიაღწია, ხოლო უკრიანის ომის დაწყებიდან 22 ტრლნ რუბლს (269 მლრდ დოლარს) გადააჭარბა.
WGC-ის მონაცემებით, რუსეთის ბანკის ოქროს რეზერვი წინა კვარტალში 21.77 ტონით შემცირდა. თავად რეგულატორის საკუთარი სტატისტიკით, ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვში ოქროს შემცველობა დეკემბრიდან სექტემბრის პერიოდში 2 მლნ ტროას უნციით, ანუ 62 ტონით შემცირდა.
რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვიდან ძვირფასი ლითონის ამჟამინდლეი გაყიდვა ყველაზე მასშტაბურია 1998 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო ობლიგაციების პირამიდა ჩამოიშალა, რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა და ქვეყანა ფინანსურ კრიზისში მოექცა. მაშინ ცენტრალურმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში 3.8 მლნ ტროას უნცია, ანუ 118 ტონა ოქრო გაყიდა. 1998 წლის განმავლობაში ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგი 1.6 მლნ უნციით, ანუ, დაახლოებით, 50 ტონით შემცირდა, რაც მიმდინარე წლის გადინებაზე ნაკლებია.
შემდგომში, 1990-იანი წლების ბოლოდან კრემლის მიერ ოქროს დაგროვების შედეგად მარაგი ხუთჯერ გაიზარდა და 2022 წლის დასაწყისისთვის, ანუ უკრაინის ომამდე 74 მლნ ტროას უნცია, ანუ 2.3 ათასი ტონა შეადგინა, რითიც რუსეთი სიდიდით მეხუთე ქვეყანა გახდა მსოფლიოში.