"ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი... ძალას მაინც პოულობ, რადგან შენს შვილს სჭირდები...“ - ჯორჯინა უზკატეგუი
ესპანელი ჟურნალისტის პოდკასტში (En Consciencia con Joss Montiel) სტუმრობისას ილია თოფურიას ყოფილმა ცოლმა ჯორჯინა უზკატეგუიმ, ვრცლად ისაუბრა ბევრ თემაზე - დედობაზე, ქალის მიზნებსა და წარმატებებზე.
- მთელი ცხოვრება დედობაზე ვოცნებობდი. ბავშვობის უამრავი ფოტო მაქვს, სადაც ჩემს წარმოსახვით პატარასთან ერთად ვარ. სულ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პირველი ქალიშვილი ჯორჯინა იქნებოდა... ჯერ კიდევ დაორსულებამდე და, ფაქტობრივად, ჩემი შვილის მამის გაცნობამდე ორი წლით ადრე ვთქვი: „მინდა, დედობისთვის მოვემზადო. მინდა ორგანიზმი გავწმინდო და მოვამზადო, რათა ბავშვს საუკეთესო პირობები შევუქმნა“. ეს სურვილი ყოველთვის მქონდა. ამისთვის ბევრი ვემზადებოდი.

რაც შეეხება დედობამდე პერიოდს, ყოველთვის მიყვარდა სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. უძრავი ქონების სფეროში ვმუშაობდი, შემდეგ კი იმ კომპანიაში, რომელიც დღეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია. ჩვენ სახლების განახლებითა და წყლის სისტემებთან დაკავშირებული საქმიანობით ვართ დაკავებული. ფინანსების სფეროშიც ვმუშაობდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიყავი ჩართული პროექტში, რომლის მიზანიც ბრენდის გლობალურ ბაზარზე გაყვანა იყო. ყოველთვის მიზიდავდა გამოწვევები — რაღაცის ნულიდან შექმნა და მისი წარმატებამდე მიყვანა. ვფიქრობ, ამ მიდგომას ჩემს ქალიშვილთან ურთიერთობაშიც ვიყენებ. მომწონს, სანამ მასთან რაიმეს დანერგვას გადავწყვეტ, ჯერ თავად შევისწავლო საკითხი და კარგად მოვემზადო. მაგალითად, ამ ეტაპზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ აღვზარდო ემოციურად თავისუფალი, თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც თვითკმარობის განცდა ექნება. ამასთანავე, როგორ შევინარჩუნო ბალანსი: მე მისი მეგობარი კი არა, დედა ვარ, მაგრამ მინდა, თავისუფალი ადამიანი გაიზარდოს.
... ვფიქრობ, დედობამდე ყველაფერს უფრო მსუბუქად და ინდივიდუალურად უყურებ. დედობის შემდეგ კი ყველაფერს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები. ჩემი აზრით, დედობა ცხოვრებაში წინ გწევს. ეს არის ის, რაც ღმერთმა ქალისთვის მოამზადა, რათა მან შეიგრძნოს მართლაც შეუდარებელი სიყვარული. ამასთანავე, დედობა გაძლევს ისეთ ძალას, რომელიც მანამდე შესაძლოა არც კი იცოდი, რომ გქონდა. არ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ხარ — ძალას მაინც პოულობ, რადგან შენს შვილს სჭირდები.