"სველ გზაზე მანქანა მოცურდა, რამდენჯერმე დატრიალდა და..." - 5 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც მეთერთმეტეკლასელი გიორგი ძნელაძე იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"სველ გზაზე მანქანა მოცურდა, რამდენჯერმე დატრიალდა და..." - 5 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც მეთერთმეტეკლასელი გიორგი ძნელაძე იმსხვერპლა

სამწუხაროდ, საქართველოში მომრავლდა მძიმე ავარიები. კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ხელვაჩაურში, მაჭახელას ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდა. როგორც ირკვევა, საჭესთან არასრულწლოვანი იჯდა.

5 ნოემბერს, ავტომანქანა, რომელშიც თანასოფლელი ახალგაზრდები ისხდნენ, გზაში რამდენჯერმე მოსრიალდა და შემდეგ გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ჩხუტუნეთის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ძნელაძის მდგომარეობა. დაშავებული ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს - გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა.

“გლოვა ჩხუტუნეთში, ჩვენს პატარა სოფელში ყველა ყველას იცნობს და ყველა გლოვობს გიორგის. წვიმიანი დღე იყო. მანქანაში მეგობრები ისხდნენ ერთად, გარდაცვლილია გიორგი ძნელაძე, სკოლის მოსწავლე. ეტყობა სველ გზაზე მოუცურდა მძღოლს მანქანა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა. როგორც ამბობენ, მანქანა რამდენჯერმე დატრიალდა და მერე გადაბრუნდა. ბავშვები დაიმტვრნენ და საუბედუროდ, გიორგი კლინიკაში გარდაიცვალა. სხვები ნორმალურად არიან, უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ...

სულ ოთხნი იყვნენ მანქანაში, მეგობრები, მეზობლები, ერთად გაზრდილები. საჭესთან ვინც იჯდა, ის ბიჭი გიორგის თანაკლასელია. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, გლოვაა, ყველა ტირის და განიცდის. ძალიან კეთილი, თბილი, კარგი ბავშვი იყო გიორგი. ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-11 კლასელია. ჩვენი მთელი სოფელი დამწუხრებულია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთლიანად სოფელს”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ჩხუტუნეთში, მამუკა თურმანიძე.

სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას ადგილობრივები გლოვობენ. სოციალურ ქსელში ბევრი ტკივილიანი და ემოციური სტატუსი დევს.

"დღეს სიტყვებს ვერ ვპოულობ. დაგვეღუპა ჩვენი მეთერთმეტეკლასელი - ბიჭი, რომელიც ჩვენ თვალწინ, ჩვენს ხელში გაიზარდა. ჩვენი პატარა ბიჭი, რომელიც დღეს უკვე დიდი ბიჭი უნდა ყოფილიყო და თავისი ცხოვრების გზაზე უნდა წასულიყო. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ აღარ შეგვხვდები გიო სკოლაში, აღარ მოგვესალმები და აღარ და ვეღარ დაგინახავთ იმ ნაცნობი თვალებით.…ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის ყველაზე მძიმეა, როცა მის თვალწინ გაზრდილ მოსწავლეს ემშვიდობები. ეს ტკივილი სიტყვებით ვერ აიხსნება. შენი ადგილი ყოველთვის დარჩება ჩვენს გულში და ჩვენს მოგონებებში. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული, ჩვენო ბიჭო. ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, შენს ოჯახს კი მისცეს ძალა ამ უდიდესი ტკივილის გასაძლებად. მშვიდობით, ჩვენო მოსწავლევ, გიო, ჩვენო მოუშუშებელო ტკივილო. როგორი ბედნიერი იყავი... წარსულში რატომ გვალაპარაკებ, ღმერთო, რატომ? რატოომ?” - წერს მომხდარით შეძრული გიორგი ძნელაძის პედაგოგი.

ჩვენ დავუკავშირდით, ასევე, ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის დირექტორს.

“უბედური შემთხვევა იყო, ძალიან განვიცდით ყველანი, არ ვიცი, რა ვთქვა, განადგურებულები ვართ. ანგელოზი ბავშვი იყო გიორგი, მე-11 კლასელი. დანარჩენებს, მადლობა ღმერთს, მცირე დაზიანებები აქვთ. სხვას ვერაფერს გეტყვით”, - თქვა მან.

სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ საჭესთან მყოფი ბავშვიც მათი სკოლის მოსწავლეა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული გიორგი ძნელაძის ოჯახს.