“თენგიზ აბულაძე ამის შემდეგ აღარ მელაპარაკებოდა...“ - 57 წელი ქართულ კინოში და ისტორიები, რომლებიც კადრს მიღმა დარჩა
მისი კინოსადმი სიყვარული ბავშვობიდან იწყება, სენაკში იზრდებოდა და ორშაბათობით ახალი ფილმის ნახვას ვერავინ დაასწრებდა... სამუშაოდ კინოსტუდიაში მივიდა. ძირითადი პროფესიით კინოოპერატორია, თუმცა წლების მანძილზე კინოწარმოების არაერთი მიმართულება შეისწავლა და გადაღებების დროს რამდენიმე საქმე შეთავსებითაც შეუსრულებია. ეს პიროვნება გახლავთ მარლენ მაისურაძე, რომლის ბიოგრაფიაში 50-ზე მეტი ფილმია. ის დღესაც მუშაობს და უკვე 57 წელია მშობლიური სტუდიის ერთგულია. ბატონ მარლენს კინოსტუდიის იმ ოთახში ვესაუბრე, სადაც მის მიერ რესტავრირებული ძველი კინოკამერები დგას.

ფოტო: მარლენ მაისურაძე
- სენაკის კინოთეატრში ერთ დღეს „მაია წყნეთელი“ გადიოდა და ფილმი ისე მომეწონა, რომ კიდევ ორ სეანსს დავესწარი, ზედიზედ სამჯერ ვნახე. ლეილა აბაშიძე ჩემი საყვარელი მსახიობი გახდა. წლების მერე, უკვე კინოსტუდიის თანამშრომელი ვარ და მე-6 პავილიონში იღებენ ფილმს „მოლოდინი“, სადაც ლეილა აბაშიძე მონაწილეობს. მაშინ გამნათებლის პოზიციაზე ვმუშაობდი. მსახიობი კინოსტუდიაში ნანახი მყავდა, მაგრამ არა უშუალოდ გადასაღებ მოედანზე. ისე მოხდა, რომ ქალბატონმა ლეილამ მე მომმართა: თუ შეიძლება, ჩაი მომიტანეთო. „დავალება“ სიამოვნებით შევასრულე, ჩაი სამსახიობო ოთახში შევუტანე.
კინოსტუდიაში საოპერატორო საქმეს მასწავლიდნენ გივი რაჭველიშვილი, გია კუსრაშვილი, ლომერ ახვლედიანი... სამი წელი ვსწავლობდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორად ფაკულტეტზე და დავამთავრე სპეციალობით - ავტორ-ოპერატორი. მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორთვიანი კურსი.

ფოტო: კამერების აღდგენა
როგორ მოხვდა კინოსტუდიაში
- ჯარი მოვიარე და რადგან კინოსტუდიაში მუშაობა ძალიან მინდოდა, დირექტორის სახელზე თხოვნა დავწერე და წერილი სენაკიდან ფოსტით გავაგზავნე. ერთი თვის შემდეგ მომივიდა დადებითი პასუხი და ამ წერილით მივედი კადრების განყოფილებაში. სხვათა შორის, იქ დამხვდა ნიკო ნიკოლაძე, ასეთი სახელისა და გვარის კაცი, ცოტა უხეშად მელაპარაკა, თბილისში ჩაწერილი არა ხარ და მუშაობას ვერ დაიწყებო...
მაინც მივდიოდი ხოლმე კინოსტუდიაში და ერთ დღესაც, ბატალური სცენების დამდგმელი რეჟისორი გივი სავანელი ფარიკაობის შესწავლის მსურველთათვის სიას ადგენდა (განცხადება იყო გამოკრული), მეც ჩავეწერე. მებრძოლები სჭირდებოდათ ფილმისთვის „დიდოსტატის მარჯვენა“. დავიწყეთ მეცადინეობა, სამი თვე ვსწავლობდით ფარიკაობას. გადაღებებზე ყაზბეგში წავედით. თერგის გაღმა, სოფელ გორისციხეში მოაწყეს დიდი მოედანი უშველებელი დეკორაციით, დაიწყო გადაღება და მიდის გაცხარებული ბრძოლა. ორ-ორი ვიბრძვით, ერთი „მოკვდება“ და მე სხვასთან ვაგრძელებ ბრძოლას. გადავედი ახალ პოზიციაზე, ვიცი, რომ ჩემი პარტნიორია კობა. ვხედავ, ის „მკვდარია“, ხმამაღლა ვეძახი: კობა, ადექი, მე მოვედი!.. მივხვდი, რომ აღარ ადგებოდა და უცებ შევუერთდი სხვა მებრძოლებს.

ფოტო: გურამ დოჩანაშვილთან ერთად
პატარ-პატარა ამბები
- ფარიკაობის სცენებში ვმონაწილეობდი ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩერმენი“, იქ გამნათებლადაც ვიყავი. როცა „ქართულ ფილმთან“ არსებული ოპერატორის ასისტენტის კურსები დავამთავრე, მინდოდა გადავსულიყავი ანიმაციის სტუდიაში ოპერატორად - ადგილი იყო, მაგრამ განათების საამქროს ხელმძღვანელმა იური ციციშვილმა (ციციკა) არ გამიშვა. დავწერე განცხადება და წამოვედი კინოსტუდიიდან. ერთი წელი რუსეთში ვიყავი...
როცა დავბრუნდი, გადაღების ტექნიკის საამქროში მივედი, სადაც ურიკის და სინქრონული კამერების მექანიკოსად მიმიღეს. მაშინ ვიმუშავე ლომერ ახვლედიანთან მოკლემეტრაჟიან ფილმზე „გამინაწილე სითბო“. მას მანამდეც ვიცნობდი, სამონტაჟო კადრები გვჭირდებოდა ფილმისთვის „ქვევრი“ („დასიომკა“) და ერთად წავედით პანტიანში, მაგრამ მოკლემეტრაჟიან ფილმზე მუშაობისას უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს.

ფოტო: “ნატვრის ხე“ - გადაღების წინ
„ნატვრის ხის“ გადაღებების დროს სიღნაღში, სასტუმროში ვცხოვრობდით. სხვადასხვა სოფელში ვიღებდით ამა თუ იმ ეპიზოდს. კვებისთვის დღიურ თანხას გვაძლევდნენ - ან სასადილოში მივდიოდით, ან პროდუქტს ვყიდულობდით. საოპერატორო ჯგუფში თანამშრომელი გვყავდა, რომელმაც საჭმლის კეთება იცოდა, მეც ცოტა მეხერხებოდა და სამზარეულოში სადილს რომ მოვამზადებდით, ყველა ჩვენთან მოდიოდა, მათ შორის თენგიზ აბულაძეც. ზაფხულია და გავაკეთე კიტრი-პომიდვრის სალათა, სუნელებით და აჯიკით შეზავებული. დავპატიჟე თენგიზი, გასინჯა და ...უიმე, რა ცხარეაო, თქვა. ლომერმა ჩემ სალათს დაარქვა „ცხაკაიევსკი“ (სენაკს ადრე „ცხაკაია“ ერქვა). ერთხელ კიდევ, „დონ კიხოტის“ გადაღებებზე ხორციანი ბორში გავაკეთე და გურამ დოჩანაშვილს გავუმასპინძლდი, ძალიან მოეწონა. კახი კავსაძე მიპატიჟებაზე ჯერ უარს ამბობდა ხოლმე და მერე მხოლოდ ერთ კოვზს აიღებდა. არ უნდა მოემატა წონაში, თავისი დიეტა ჰქონდა.
რატომ გაანაწყენა თენგიზ აბულაძე
- თენგიზ აბულაძემ როცა დაიწყო მუშაობა „მონანიებაზე“, მე უკვე დაკავებული ვიყავი ელდარ შენგელაიასთან „ცისფერ მთებზე“. ერთ დღეს თენგიზი შემხვდა კინოსტუდიის ადმინისტრაციული შენობის დერეფანში და მომიყვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ტრილოგიის მესამე ფილმის - „მონანიების“ გადაღება... ვიცოდი, რომ გადაღებული მასალა გაუფუჭდა - ფირი ეკრანზე ციმციმებდა და ამიტომ დამდგმელი ოპერატორი გაუშვა. მეორე ოპერატორმა გააგრძელა გადაღება და ისიც არ მოეწონა. თენგიზმა მთხოვა, რომ კამერასთან მემუშავა. უარი ვუთხარი: ჯერ „ცისფერი მთები“ არ დამიმთავრებია და თან, უკვე შეთანხმებული ვარ შემდეგ ფილმზე სხვა რეჟისორთან-მეთქი. გავიდა გარკვეული პერიოდი, აბულაძეს ისევ პრობლემები შექმნია და მეორე ოპერატორიც დაუთხოვია. ლომერის რეკომენდაციით მოსკოვიდან ჩამოიყვანა მიშა აგრანოვიჩი, ლომერს იმ დროს არ ეცალა. თენგიზი სამონტაჟო საამქროში შემხვდა და კიდევ ერთხელ მთხოვა თანამშრომლობა. რა უნდა მექნა? მეორედაც უარი რომ ვუთხარი, აღარ მელაპარაკებოდა.

ფოტო: რეზო ჩხეიძესთან ერთად - “რაიკომის მდივანი!
ეპიზოდები გადაღებებიდან
- სპეციალურად ფილმისთვის „მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი) კინოსტუდიამ შეიძინა დასავლეთგერმანული წარმოების კინოკამერა „Arriflex BL 2“, რომელიც მე და ჩემმა თანაშემწემ პირველებმა ავითვისეთ. გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როცა ერთ დღეს კამერა დაზიანდა, საამქროში აკუმულატორი არასწორად დატენეს. კინოკამერა მოსკოვში წაიღო ერთ-ერთმა ასისტენტმა, აღდგენას 2 კვირა დასჭირდა. ფილმის ერთ ეპიზოდს მოსკოვში, კრემლის ყრილობათა სასახლის დარბაზში ვიღებდით. ტრიბუნასთან სიტყვით გამოდის გიორგი თორელი - თემურ ჩხეიძის გმირი. ამ ფილმზე თემურის დუბლიორი ვიყავი იმ სცენებში, სადაც ის ცხენზე უნდა იჯდეს. ახალციხეში ვიღებდით ეპიზოდს მესაზღვრეებთან, 5 ცხენოსნიდან ერთ-ერთი თემურია, საერთო ხედიდან მიღებდნენ. მერე თემური მაინც დასვეს გაჩერებულ ცხენზე, მისი საუბარი ახლო ხედიდან უნდა გადაეღოთ.
ფილმ „ნატვრის ხის“ გადაღებებზე, ერთ საღამოს მხატვარმა და კოსტიუმერმა მომარგეს ტანსაცმელი და მიმიყვანეს აბულაძესთან - მეცხვარე იქნებაო, თენგიზი დაეთანხმა. პატარა ეპიზოდია. ჩხუბის შემდეგ გედია მიწაზე გდია და ვედროდან წყალს ვასხამ... იყო ასეთი ფაქტიც. ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება მეორე დღესაც გავაგრძელეთ, იგივე სცენას სხვა ხედით ვიღებდით. შევხედე გედიას, სხვა შარვალი აცვია და ეს ხმამაღლა ვთქვი. აბულაძე გაბრაზდა, რა თქმა უნდა, ჩემზე - არა.

ფოტო: კრემლის ყრილობათა სასახლეში
„ცისფერ მთებზე“ მუშაობისას მეორე ოპერატორი ვიყავი. იმ ეპიზოდში, რედაქციაში სტუმრად რომ მოდიან ცნობილი მსახიობები, ლია ელიავა და ოთარ კობერიძე სააქტო დარბაზში ცეკვავდნენ. ჭერი როცა ჩამოინგრევა და ყველა გარბის, ერთ კადრშია გადაღებული. ოპერატორი რამდენიმე ხედით იღებდა, მე ფოკუსი გადამყავდა. სულ 4 დუბლი გადავიღეთ, ახლა ეკრანზე ვუყურებთ მთელი ჯგუფი. ერთი დუბლი გაჩხაპნილი აღმოჩნდა და ელდარმა იმას დაადო ხელი: ეს მომწონს, გინდა თუ არა, ყველაზე კარგიაო. არადა, ოთხივე თითქმის ერთნაირი იყო. წუნდებულ ფირს „ოტკ“ მაინც არ მიიღებდა... რეჟისორებს ასეთი თვისება აქვთ - ხანდახან რაღაცას ამოიჩემებენ ხოლმე.
თემურ ბაბლუანის სადებიუტო ფილმის - „ბეღურების გადაფრენა“, ოპერატორი იყო ვიქტორ (ვიწია) ანდრიევსკი, მაგრამ ოპერაცია გაიკეთა და ვეღარ გააგრძელა მუშაობა, ფილმი მე დავასრულე. შემდეგ, ერთად ვიმუშავეთ თემურ ბაბლუანთან ფილმზე „ძმა“.

ფოტო: ლომერ ახვლედიანის მიერ გადაღებული კადრი
ფოტოისტორია
- ერთი ფოტო ძალიან მოგეწონათ და მისი გადაღების ამბავს მოგიყვებით. ვიღებთ „სამანიშვილის დედინაცვალს“, სოფელ დილიკაურში (ზესტაფონის რაიონია) მოწყობილი გვაქვს „სამანიშვილის“ ეზო. დილაა, დავაყენეთ კამერა და ყველაფერი, რაც საჭიროა. ველოდებით, სანამ მსახიობები და რეჟისორები მოემზადებიან. დამდგმელი ოპერატორი ლომერ ახვლედიანი დგას კამერასთან, მე ცოტა წინ წავედი. უცებ მესმის სტვენა, მოვიხედე... ლომერს კამერა ჩართული ჰქონია და კინოფირზე გადამიღო. პოზირება არ მიყვარს და ბუნებრივად, ასეთი კადრი გამოვიდა. ფოტო იმ მასალიდან დავბეჭდეთ...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)