"ფეხებს მოვამტვრევთ": ირანი სომხეთს "ზანგეზურის დერეფნის" გამო ემუქრება?!
„ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის,“ ანუ TRIPP-ის პროექტი ირანისთვის „წითელ ხაზად“ რჩება. ამის შესახებ ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ალი აქბარ-ველაიათიმ სომხეთი პირდაპირ გააფრთხილა, რასაც გაზეთი, Ettelaat ავრცელებს.
მისი თქმით, ირანი ამ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება და სომხეთმა ისლამური რესპუბლიკის პოზიცია იცის.
„მე პირდაპირ ვუთხარი სომხეთის ელჩს: თუ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირანისთვის ამ „წითელი ხაზის“ გადალახვას შეეცდებიან, ჩვენ მათ ფეხებს მოვამტვრევთ,“ - ამბობს ველაიათი.
მას გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის პოზიცია მოჰყავს, რომელიც რუსეთისა და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრებზე ამბობდა, რომ ირანი „ზანგეზურის დერეფნის“ შექმნას ეწინააღმდეგება. ველაიათი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ალი ხამენეის მიმართულებები საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით „ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის წითელი ხაზია.“
ის აკრიტიკებს სომხეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ოქტომბრის ბოლოს “ტრამპის მარშრუტის” პროექტზე აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ალი აქბარ-ველაიათის პოზიციაზე ოფიციალურ ერევანს პირდაპირი განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანმა 5 ნოემბერს მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებს „ზანგეზურის დერეფნის“ პერსპექტივები წარუდგინა. მეტიც, მისი თქმით, სომხეთმა TRIPP-ის პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მისი სრული გამოყენება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს.
„პროექტზე საუბრისას ვგულისხმობთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურას და, პირველ რიგში, რკინიგზას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს. მხარეები, ასევე, დაინტერესებული არიან მომავალში გაზსადენის, ნავთობსადენისა და სხვა შესაძლო ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნით,” - ამბობს მირზოიანი.
დიპლომატი განმარტავს, რომ პროექტის განხორციელება სომხეთს საშუალებას მისცემს, სარკინიგზო კავშირი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაამყაროს. კერძოდ, ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით ერთმანეთს ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი დაუკავშირდება. ასევე, ერევანი სარკინიგზო ვაჭრობის განხორციელებას ბაქოსთან შეძლებს და მესამე ქვეყნების საქონელზე წვდომას მიიღებს, ხოლო თავის პროდუქციას ამ ქვეყნების ბაზრებზე გაყიდის.
“იგივე შესაძლებლობები ექნება აზერბაიჯანსაც: ის ნახიჩევანთან ქვეყნის ძირითადი ტერიტორიის დაკავშირებას, ასევე, სომხეთთან და მესამე ქვეყნებთან კომუნიკაციების დამყარებას შეძლებს, რაც სომხეთს უზარმაზარ ეკონომიკურ პერსპექტივას გაუხსნის,” - ამბობს მირზოიანი.