„ანდროპოვი“ სამგზავრო თვითმფრინავების ცრუ დანაღმვებით ევროპის თავზე ფრენების პარალიზებას ცდილობს,რუსული აეროპორტების ჩაკეტვის საპასუხოდ... - კვირის პალიტრა

„ანდროპოვი“ სამგზავრო თვითმფრინავების ცრუ დანაღმვებით ევროპის თავზე ფრენების პარალიზებას ცდილობს,რუსული აეროპორტების ჩაკეტვის საპასუხოდ...

„მოგესალმებით, მე ვარ მიხაილ ანდროპოვი, ერთ-ერთი ლიდერი იმ ჯგუფისა, რომელიც პასუხისმგებელია გასული კვირის განმავლობაში ევროპაში თვითმფრინავების დანაღმვის მუქარებზე“- სწორედ ასეთი მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები მიიღეს ევროპულმა ტელეკომპანიებმა და საინფორმაციო სააგენტოებმა მას,შემდეგ, რაც ევროპის საჰაერო სივრცეში სამგზავრო თვითმფრინავების დანაღმვის მასშტაბური ცრუ შეტყობინებების ტალღა დაფიქსირდა, რამაც ათეულობით რეისის გადამისამართება, ავარიული დაშვება და მკაცრი საგანგებო პროტოკოლების ამოქმედება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების შემოწმების შედეგად არცერთ ბორტზე რეალური ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩენილა, ამ კოორდინირებულმა კამპანიამ სერიოზული ქაოსი შექმნა ევროპის ავიაციაში.

თავდასხმების სერია რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხოლოდ ერთ დღეს (ხუთშაბათს) მუქარა 27-ზე მეტ თვითმფრინავს შეეხო, ხოლო მომდევნო დღეს საფრთხის წინაშე კიდევ, სულ მცირე, 18 რეისი აღმოჩნდა. პროცესში ჩართული იყო ავიარეისები ირლანდიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ბულგარეთის მიმართულებებით.

მუქარის სიმძიმიდან გამომდინარე, რამდენიმე სამგზავრო ლაინერს (მათ შორის ბრიუსელი-სოფიასა და პრაღა-ბუქარესტის რეისებს) უსაფრთხოების მიზნით ცაში სამხედრო გამანადგურებლები (მათ შორის უნგრეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები) აცილებდნენ. ნატო-მ (NATO) საჰაერო პატრულირებაც კი შეუკვეთა უნგრეთ-რუმინეთის საზღვართან.

საბედნიეროდ, არცერთი ეს სამგზავრო თვითმფრინავი არ აღმოჩნდა დანაღმული და ეს მუქარებიც ცრუ აღმოჩნდა, რაზეც იგივე „მიხაილ ანდროპოვი“ ევროპულ უწყებებს უწოდებს „არაკომპეტენტურ სულელებს“ და აცხადებს, რომ მათ წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტი მასობრივი პანიკის დასათესად.

„მიხაილ ანდროპოვი“ რომ რეალური პიროვნება არ არის, გასაგებია და ისიც,რომ სამგზავრო თვითმფრინავების ცრუ დანაღმვის ინფორმაციის გამავრცელებელმა ამ ჰაკერულმა ჯგუფმა სახელად სწორედ „ანდროპოვი“ აირჩია,არც ეს არის შემთხვევითი-გვარი „ანდროპოვი“ ემთხვევა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ყოფილი გენერალური მდივნისა და „კე-გე-ბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელის, იური ანდროპოვის გვარს. გარდა ამისა, ჰაკერების მიერ გაგზავნილი ელფოსტის სათაური „გზავნილი დასავლეთს“ ასოცირდება იური ანდროპოვის ცნობილ ბიოგრაფიულ წიგნთან - „ახალი გამოწვევა დასავლეთისთვის“.

ავიაციის უსაფრთხოების სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის მიზანიც ევროპის სატრანსპორტო სისტემის პარალიზება, ფინანსური ზარალის მიყენება და უსაფრთხოების სამსახურების რეაგირების მექანიზმების გამოცდაა. სამხედრო და უსაფრთხოების ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ მასშტაბიდან გამომდინარე, ეს შესაძლოა იყოს ორგანიზებული ჰიბრიდული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ავიაციის საიმედოობის შერყევას. ამ დროისთვის ევროპული სამართალდამცავი უწყებები კოორდინირებულად აგრძელებენ გამოძიებას დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის.

დაველოდოთ, რამდენად სწრაფად და ზუსტად გამოავლენენ „მიხაილ ანდროპოვს“ ევროკავშირის სპეცსამსახურები, მაგრამ ერთი რამ ისედაც ნათელია-ევროპის თავზე საჰაერო მიმოსვლის პარალიზების მცდელობა სამგზავრო თვითმფრინავების ცრუ დანაღმვის მუქარით,სხვა არაფერია, თუ არა „შურისძიება“ იმისთვის,რომ უკრაინული კამიკაძე-დრონების სისტემატური შეტევების გამო ფაქტობრივად ყოველდღიურად იკეტება რუსეთის ფედერაციის ევროპული და ცენტრალური ნაწილის ათობით აეროპორტი...