ძალიან გაძვირებული ცხოვრება ანუ  რატომ  წააგო სინამდვილეში ტრამპმა?! - კვირის პალიტრა

ძალიან გაძვირებული ცხოვრება ანუ  რატომ  წააგო სინამდვილეში ტრამპმა?!

წინასწარი კვლევები მიუთითებდა, რომ რესპუბლიკურ პარტიას 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ძალიან გაუჭირდებოდა და მარცხის ნიშნებიც იკვეთებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, დემოკრატებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის, რომ რესპუბლიკელებმა წააგეს ისეთი შტატებიც კი, რომლებიც წლების განმავლობაში მათ ტრადიციულ საყრდენად, ე.წ. წითელ შტატებად მიიჩნეოდა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:

- ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები მოქმედი პრეზიდენტისთვის ყოველთვის უდიდესი გამოწვევა და სერიოზული პრობლემაა. ეს აიხსნება იმით, რომ ამომრჩეველს ეძლევა პირდაპირი შესაძლებლობა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მიმდინარე ადმინისტრაციის პოლიტიკურ კურსზე. შესაბამისად, ბოლო პერიოდში პრაქტიკულად ვერც ერთმა პრეზიდენტმა - იქნებოდა დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, ვერ შეძლო შუალედურ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ელექტორატი ამ არჩევნებს ყოველთვის იყენებს პროტესტისა და უკმაყოფილების სადემონსტრაციოდ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ორი განსაკუთრებით საინტერესო საკითხი გამოიკვეთა: პირველი - თუ რამდენად ეფექტიანად მოახერხებენ დემოკრატები გამარჯვების გამოყენებას; მეორე - რამდენად სწრაფად და რეალურად შეიცვალა საზოგადოებრივი აზრი შეერთებულ შტატებში, მათ შორის იმ შტატებშიც, სადაც დონალდ ტრამპმა წინა არჩევნებში გაიმარჯვა.

მთავარი სწორედ ამ ცვლილების მასშტაბია. ეს გახლავთ სრულიად მკაფიო და გასაგები გზავნილი, რომელიც ამერიკელმა ელექტორატმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაუგზავნა. რაც შეეხება რესპუბლიკელთა მარცხის მიზეზებს, ამაზე შეიძლება ბევრი სპეკულირება, თუმცა, როგორც ბოლო სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ელექტორატმა (მათ შორის რესპუბლიკელთა ნაწილმაც) ხმა დემოკრატებს მისცა, ცხოვრების მკვეთრი გაძვირება გახდა. ეს გამოწვეული იყო მთელი რიგი მიზეზებით, მათ შორის ირანში და ჰორმუზის სრუტის ირგვლივ განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენებით - ანუ გეოპოლიტიკამ გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ ელექტორატმა გადაწყვეტილება მაინც შიდაეკონომიკურ საკითხებზე დაყრდნობით მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილების მასშტაბი. მთელი რიგი შტატები, რომლებიც ტრადიციულად რესპუბლიკელთა საყრდენად ითვლებოდა, უეცრად გადაიხარა და ხმა დემოკრატიულ კანდიდატებს მისცა. ამ მხრივ ტეხასის შტატი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.

- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა: როდესაც კონგრესი სრულფასოვნად ამუშავდება, რა ტიპის პროცესებს უნდა ველოდოთ? რამდენად შეიძლება ამერიკა ჩაეფლოს პოლიტიკურ კრიზისსა და დაპირისპირებაში ტრამპის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის? როგორ აისახება ეს ამერიკის შიდა პოლიტიკასა და შემდგომ უკვე საგარეო კურსზე? დარჩება თუ არა ვაშინგტონს საკმარისი დრო და რესურსი საგარეო-პოლიტიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევებისთვის - მაგალითად, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ან ევროპის უსაფრთხოების ახალი სტანდარტების შემუშავებისთვის, რასაც გვპირდებოდნენ აქამდე?

- აშშ-ის პოლიტიკური სისტემა აგებულია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის დამაბალანსებელი მექანიზმების იდეაზე. ამერიკულ მოდელში მოქმედებს ეგრეთ წოდებული "შეკავებისა და წონასწორობის" (Checks and Balances) სისტემა, რომლის მეშვეობითაც საკანონმდებლო ხელისუფლების უმთავრესი ფუნქცია სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია, რათა არ დაუშვას პრეზიდენტის ავტოკრატად ან "იმპერატორად" გარდაქმნა.

აქამდე დონალდ ტრამპს ძალიან უმართლებდა, რადგან კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, რაც მას, ფაქტობრივად, სრულ კარტ-ბლანშს აძლევდა საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად. ახლა სიტუაცია მკვეთრად იცვლება: დემოკრატიული კონგრესი გაცილებით აქტიურად გამოიყენებს საკანონმდებლო და საზედამხედველო ბერკეტებს აღმასრულებელი ხელისუფლების გასაკონტროლებლად და მიიღებს მთელ რიგ კანონებს, რომლებიც შეზღუდავს პრეზიდენტის შიდაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას - აქ კონგრესს შედარებით ნაკლები პირდაპირი ბერკეტი აქვს, თუმცა ფუნდამენტური გარანტიები მაინც არსებობს. მაგალითად, ნატოდან აშშ-ის შესაძლო გამოსვლის საფრთხე ახლა, პრაქტიკულად, ნულამდე დადის. ნატო არის ალიანსი, რომელშიც ამერიკის წევრობა საკანონმდებლო დონეზეა დადასტურებული და სანამ კონგრესი ამას არ გააუქმებს, ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ მიიღებს რადიკალურ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას.

იგივე ითქმის დაფინანსებაზეც. შესაძლოა ვიხილოთ იმ საერთაშორისო სააგენტოებისა თუ პროგრამების დაფინანსების აღდგენა ან გაზრდა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს მნიშვნელოვნად შეიკვეცა. საზოგადოდ, უახლოეს პერიოდში ჩვენ მოწმენი გავხდებით სერიოზული დაპირისპირებისა დემოკრატიულ კონგრესსა და რესპუბლიკურ ადმინისტრაციას შორის, განსაკუთრებით საბიუჯეტო საკითხებზე.

- რაც შეეხება უშუალოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებას, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომს, მოსალოდნელია არსებითი ცვლილება?

- ამ მიმართულებით უნდა ველოდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. დემოკრატიულ პარტიას აქვს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავდება რესპუბლიკელთა მიდგომებისგან. უკრაინის საკითხი არ წარმოადგენს უთანხმოების საგანს ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრში - ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ჯანსაღ, ინსტიტუციურ ფლანგებს შორის. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციის ნებისმიერი ნაბიჯი და ინიციატივა, რომელიც უკრაინას უკავშირდება, მოექცევა გაცილებით მკაცრი საპარლამენტო კონტროლის, გადამოწმებისა და ზედამხედველობის ქვეშ. დაიწყება საპარლამენტო გამოძიებები, მათ შორის უშუალოდ ტრამპთან, მის ოჯახსა და განსაკუთრებით მის სავარაუდო რუსულ კონტაქტებთან დაკავშირებით.

- რამდენად რეალურია ეს სცენარი, რა შეიძლება მისცეს ამ პროცესმა დემოკრატიულ პარტიას და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე? იმპიჩმენტამდე პროცესის მიყვანა, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა...

- წინა ადმინისტრაციის დროს დემოკრატებმა მოახერხეს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, თუმცა ამას არ მოჰყოლია მისი გადაყენება, რადგან სენატში შესაბამისი ხმები არ არსებობდა. ახლაც,

ელექტორალური თვალსაზრისით, დემოკრატებს აქვთ შესაძლებლობა, გამოაცხადონ იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ ეს უშედეგო იქნება, რადგან სენატში საბოლოო გადაყენებისთვის საკმარისი ხმები მაინც არ ექნებათ.

არა მგონია, დემოკრატიულმა კონგრესმა ამაზე ხელმეორედ დახარჯოს დრო და პოლიტიკური რესურსი, რადგან ამ სტრატეგიის მცდარობა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც აშკარად გამოჩნდა. შესაბამისად, უფრო მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი საპარლამენტო გამოძიებების ინიცირება. ამ პროცესში საზოგადოება მიიღებს გაცილებით მეტ ობიექტურ ინფორმაციას როგორც რუსეთთან შესაძლო ფარული კავშირების, ისე სხვა საგარეო-პოლიტიკური კომუნიკაციების შესახებ. დემოკრატებისთვის ეს პრიორიტეტულია, ხოლო ამ საკითხებზე სიმართლის დადგენა ამერიკელი საზოგადოების ინტერესებშიც პირდაპირ შედის.

- ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა: რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთან მიმართებით? აქამდე ვხედავდით, რომ ტრამპს არ აინტერესებდა საქართველო - ელჩიც კი არ დაუნიშნავს ამდენი ხნის განმავლობაში. მეორე მხრივ, ვიცით დემოკრატების მკაფიო დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ. მოსალოდნელია თუ არა რაიმე ცვლილება ამ არჩევნების შემდეგ?

- კარგად გვახსოვს, როგორი ილუზიები და იმედი ჰქონდა "ქართულ ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ყაველაშვილი მის ზარს, ალბათ, დღესაც ელის... საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ურთიერთობები ხან იანვარში, ხან მაისში დალაგდებოდა, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა. რატომ? იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" აირჩია ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავება. ამ პირობებში, ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში არანაირი პოზიტიური ცვლილება არ არის მოსალოდნელი, ვიდრე თვითონ "ქართული ოცნება" არ მოეგება გონს. რაც შეეხება დემოკრატებს, მათთვის ფუნდამენტურია ადამიანის უფლებები და პრიორიტეტულია გლობალური დემოკრატიული დღის წესრიგი. შესაბამისად, კანონზომიერია, რომ წნეხი "ქართულ ოცნებაზე" გაცილებით გაიზრდება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია საკადრო ფაქტორიც: "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ჯო უილსონმა შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია კონგრესში, ხოლო დემოკრატების მხარეს - ჯინ შაჰინმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭი აღარ ეყარა. შესაბამისად, დემოკრატებს მოუწევთ ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ახალი პოლიტიკოსებისთვის საქართველოს საკითხი - ის დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რაც ჩვენთან ხდება, განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდეს.

დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე რუსეთის ფედერაციის სერიოზული წნეხი სრულიად აშკარაა. დაწყებულია ფაქტობრივი ანექსიური პროცესები ცხინვალის რეგიონში, ასევე ვიხილეთ ქართული კომპანიების დასანქცირება. ეს ყველაფერი ადასტურებს უმარტივეს ჭეშმარიტებას: რაც უფრო მეტს დაუთმობს ქართული სახელმწიფო რუსეთს, მით უფრო გაიზრდება კრემლის მადა.

რაც უფრო ღრმად გავებმებით რუსულ ხაფანგებში - იქნება ეს "ნეიტრალიტეტი", "გეორგიევსკის ტრაქტატი 2" თუ "რუსული კონფედერაციის" იდეა, მით უფრო მეტი ეროვნული ინტერესის დათმობა მოუწევს საქართველოს, რადგან რუსეთის ფედერაციის ერთადერთი და საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. მათ არ აინტერესებთ არც დათმობები და არც დიპლომატია.

ამ ხნის განმავლობაში "ქართული ოცნება" ან მიამიტურ შეცდომებს უშვებდა (როდესაც ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობას "დაალაგებდნენ"), ან მოქმედებდა მიზანმიმართული მავნებლობით. ამაზე საბოლოო დასკვნა ქართველმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, თუმცა ორივე შემთხვევაში ფაქტია: "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა იყო სრულიად არაადეკვატური, ყველა გათვლა აღმოჩნდა მცდარი, ხოლო ამ შეცდომების საფასურს დღეს ქართველი საზოგადოება იხდის.

- ევროკომისიის ანგარიშს გაეცნობოდით.

- ევროკავშირის პოზიცია საქართველოს შესახებ არის უაღრესად თანმიმდევრული, მკაფიო და უცვლელი. მათ მოგვანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, გაფორმებულია მთელი რიგი შეთანხმებები, რომლებიც უდიდესი სიკეთის მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ მოცემულობაში სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ცდილობს შეაცდინოს საზოგადოება, თითქოს პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბრალეულობა ამაში ნულოვანია - პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება "ქართულ ოცნებას", რომელმაც მიიღო რუსული კანონი, მიაყოლა ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო პაკეტები და რომლის მაღალჩინოსნებიც აგრძელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და მაქსიმალურად ცდილობს არ გავრცელდეს სასანქციო რეჟიმი რიგით მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ ევროპასთან ინტეგრირება. თუმცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ბრიუსელშიც კი ჩადის ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად.

- გულისხმობთ ირაკლი კობახიძის გამოსვლას "Euronews"-ის ფორუმზე?

- დიახ, ის შეეცადა ანტიდასავლური რიტორიკის ტირაჟირებას. როგორც ჩანს, ეგონათ, ბრიუსელშიც ისეთივე უპირობო, არაკრიტიკული გარემო დახვდებოდათ, როგორიც ადგილობრივ პროპაგანდისტულ მედიაშია. თუმცა დახვდათ მომზადებული ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას თვალნათლივ აჩვენა საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურობა. როდესაც კობახიძეს ან ხელისუფლებას საქართველოში უსვამენ კრიტიკულ კითხვას, ისინი პასუხის ნაცვლად თავდასხმასა და შეურაცხყოფაზე გადადიან. ბრიუსელში კი, სადაც კობახიძეს არ ჰქონდა აგრესიული შეტევის საშუალება, ის სრულიად უარგუმენტო და უმწეო ჩანდა. ამანაც აჩვენა, რომ მათი "ძალაუფლების მითი" აგებულია მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებზე, ცივილიზებულ დისკუსიაში მათ არ გააჩნიათ არც არგუმენტები, არც ზრდილობა და არც სათანადო ინტელექტუალური რესურსი.