ოკეანის გარეშე დარჩენილი ტრამპი და ამომრჩევლის „ლურჯი ტალღა“
ტრამპს, ალბათ, ჯერ "გუგლის" უარი არ ჰქონდა გადახარშული ოკეანისთვის მისი სახელის დარქმევაზე, ახლა კი ამერიკელმა ამომრჩეველმა შეახსენა, რომ პოლიტიკურ ოკეანეში დემოკრატების "ლურჯი ტალღა" ჯერ კიდევ მძლავრობს. თუ ტექნოლოგიური გიგანტის "გუგლისადმი" მიმართვა ბევრისთვის უბრალოდ ინტერნეტკურიოზი იყო, მისივე ამომრჩევლის უარი უკვე სერიოზული პოლიტიკური სიგნალია. 2026 წლის შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქმედი ადმინისტრაციით უკმაყოფილება იზრდება, რასაც ტრამპის მიერ პირადად მხარდაჭერილი კანდიდატების მარცხი და რესპუბლიკელი ამომრჩევლების საარჩევნო ურნებთან დაფიქსირებული თუ არდაფიქსირებული ქცევა მკაფიოდ ადასტურებს. შუალედური არჩევნების შედეგად, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება (თეთრი სახლი) რჩება რესპუბლიკელების, ხოლო საკანონმდებლო (კონგრესი - ორივე პალატა) - დემოკრატების ხელში. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატებს გაუჩნდათ ძლიერი ბერკეტი, დაბლოკონ პრეზიდენტის დღის წესრიგი. ამის გამო ადმინისტრაციაზე კონტროლის გამკაცრებაა მოსალოდნელი და ეს შეეხება როგორც საშინაო საქმეებს, ისე საგარეო პოლიტიკას, პენტაგონის ბიუჯეტსა და ირანთან მიმდინარე კონფლიქტს.
დღეს ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, რას იზამენ ტრამპი და მისი გარემოცვა და როგორი იქნება მათი პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის და ირანის საკითხებში, რაზეც გვესაუბრება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია:
- ეს არა მხოლოდ დემოკრატების გამარჯვება, ტრამპის პოლიტიკაზე უარის თქმაა იმ ამომრჩევლების მიერ, რომლებმაც ორი წლის წინ მას დაუჭირეს მხარი. ამ უკმაყოფილებამ წარმოშვა ე.წ. დემოკრატიული ტალღა. მართალია, ახალი კონგრესის შეკრებამდე ტრამპს აქვს დრო, ფორსირებულად მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ შემდეგ ის ბევრი კანონის გატანას ვეღარ შეძლებს. ის "ვეტოს პრეზიდენტი" გახდება, რაც პროცესებს გააჭიანურებს და ბევრ ინიციატივას უფუნქციოს გახდის. მეტი თავისუფლება მას მხოლოდ საგარეო პოლიტიკაში შეუნარჩუნდება აღმასრულებელი ბრძანებების ხარჯზე, თუმცა კონგრესს ბიუჯეტის შემცირებით მისი შეზღუდვა მაინც შეუძლია.
მომდევნო ორი წელი ტრამპისთვის ერთგვარ "მილევად რეჟიმში" ჩაივლის. შიდა პოლიტიკაში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება, რადგან ტრადიციულად რესპუბლიკურ შტატებშიც კი ოპონენტებმა გაიმარჯვეს. ეს მძიმე მარცხი სერიოზული გზავნილია რესპუბლიკური პარტიისთვის. საინტერესოა, შეეცდებიან თუ არა ლიდერები ტრამპისგან გამიჯვნას და დაიბრუნებენ თუ არა გავლენას ზომიერი რესპუბლიკელები. მეორე მხრივ, არც დემოკრატიული პარტიაა ერთგვაროვანი - მათ რიგებშიც არიან უკიდურესად მემარცხენე რადიკალები.
ფაქტია, ამერიკელმა ხალხმა ცვლილებას დაუჭირა მხარი. ახლა მთავარია დავაკვირდეთ: ეს ტრამპიზმის სრული დემონტაჟისკენ მიმართული გრძელვადიანი "ტალღაა" თუ ერთჯერადი რეაქცია? ამერიკელ ამომრჩეველს ახასიათებს ხელისუფლების შტოების დაბალანსებისკენ სწრაფვა (მაგალითად, რესპუბლიკელი პრეზიდენტის პირობებში კონგრესის ოპოზიციისთვის გადაბარება). უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ეს ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური ტალღაა, თუ უბრალოდ ძალაუფლების ტრადიციული დაბალანსება.
- ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი რა გახდა, ტრამპის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა?
- პროცესებზე გავლენა ბევრმა ფაქტორმა მოახდინა. მათ შორის არის ირანთან უშედეგო ომი, რამაც ნავთობზე ფასების მატება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ბევრ შტატში იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ორი წლის წინ ტრამპს მისცეს ხმა, ახლა განსხვავებულ კურსს დაუჭირეს მხარი. საგარეო ფაქტორებმა პირდაპირ იმოქმედა შიდა პოლიტიკაზე და ტრამპისადმი უკმაყოფილება წარმოშვა. მიუხედავად მისი ცდებისა, კამპანია პერსონალურად მასთან გაეიგივებინათ, გამოჩნდა, რომ მისი რეიტინგი დაეცა.
ტრამპს მძიმედ დაარტყა რუსეთ-უკრაინის მიმართ მისმა ტრანსაქციულმა მიდგომამ. რესპუბლიკურ პარტიაშიც კი ბევრი კონგრესმენი არ იზიარებს რუსეთისადმი სიმპათიებს. ტრამპის შემრიგებლური პოლიტიკა პუტინის მიმართ ბევრისთვის მიუღებელია და არც საზოგადოებას მოსწონს. კვლევები ადასტურებს, რომ ხალხი მყარად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი ამომრჩევლის დაკვეთა პირდაპირ მოქმედებს პოლიტიკოსებზე, მათ შორის რესპუბლიკელებზეც. მართალია, ტრამპს რჩება ვეტოს უფლება, მაგრამ ამ პირობებში ძალიან გაუჭირდება პუტინთან რაიმე გარიგების გაფორმება. ახალი კონგრესი, დემოკრატების უმრავლესობის ფონზე, ამას არ დაუშვებს.
ასეთია დღევანდელი მოცემულობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მოლოდინის მიუხედავად მოხდა და რაც საქართველოსთვისაც ძალიან საყურადღებოა, გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის სხვაობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, ტრამპს არჩევნების შედეგები არ გაუპროტესტებია. ეს ფაქტი ჩვენთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსასვლელად უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ 50%-იანი მხარდაჭერა. იმისათვის, რომ დამარცხებულ მხარეს კითხვები არ დარჩეს გაყალბების შესახებ, ხშირად 60, 70 ან 80%-ით გამარჯვებაა საჭირო. ამერიკაში სწორედ ეს მოხდა: უპირატესობა იმდენად თვალსაჩინო იყო, კითხვები არავის დაუსვამს და ტრამპმა დამარცხება მიიღო. ეს იყო ხალხის მკაფიო გზავნილი, რომ ცვლილებები სურს და ცვლილებების ეპოქა დადგა. საბოლოო ჯამში, ტრამპს მოუწევს ამ ყველაფრის მიღება და ახალ რეალობაზე მორგება.
- დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთ-უკრაინის ომის ბედი და ირანის მიმართულებაა და რა შეიძლება შეიცვალოს?
- მართალია, საგარეო პოლიტიკაში ტრამპს გარკვეული ბერკეტები უნარჩუნდება და მოვლენების პროგნოზირება რთულია, მაგრამ თუკი ის თუნდაც ისრაელთან ერთად კონფრონტაციულ კურსს გააგრძელებს, ძალიან გაუჭირდება. მას გადაწყვეტილებების მისაღებად მხოლოდ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, კონგრესის მიერ შესაბამისი ფინანსური ასიგნებების დამტკიცება მარტივი არ იქნება. გარდა ამისა, ამერიკელ ხალხს მობეზრდა ეს უშედეგო ომი.
ძალიან ბევრი კითხვაა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მისი პოლიტიკის შესახებაც. ტრამპმა ამ სფეროში სერიოზული დაძაბულობა შემოიტანა და საკუთარ მოკავშირეებსაც კი დაემუქრა. ეს ბევრ ამერიკელს არ მოსწონს, რადგან შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ნატოსა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დასაყრდენი. აქედან გამომდინარე, მას მოუწევს მოკავშირეებთან უფრო ზომიერი პოზიციებით ურთიერთობა.
რა თქმა უნდა, ტრამპის ხასიათი და ფუნდამენტური მიდგომები არ შეიცვლება. ის კვლავაც შეეცდება თავისი ხაზის გატარებას, თუმცა ყველაფერს ერთპიროვნულად ვერ წყვეტს. იქნება ეს საერთაშორისო სტრუქტურები, მაგალითად, გაერო თუ მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა, მაგალითად, "გუგლი", რომელმაც მას გარკვეულ საკითხებზე უარი უთხრა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბევრი აქტორია ჩართული. სხვა ქვეყანაში ბევრ მმართველისთვის მსგავსი წინააღმდეგობის გაწევა, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ ინსტიტუტებს ძალუძთ ეფექტიანი წინააღმდეგობა გაუწიონ მმართველი ძალის ავტორიტარულ ინსტინქტებს.
- რუსეთთან მისი გარიგება ჩაიშალა?
- ახალი კონგრესის პირობებში ტრამპს ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს, დემოკრატები ახლა მზარდი ძალაა - პოლიტიკაში მოვიდა ახალი ხალხი ახალი იდეებით. კონგრესის მხარდაჭერის გარეშე მას გაუჭირდება დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ეს მოცემულობა ძალიან ცუდი გზავნილია პუტინისა და რუსეთისთვის. ისინი იმიტომ ჩქარობდნენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში მოესწროთ ომის დასრულება, უკრაინის საკითხის მოგვარება და საკუთარი გავლენის სფეროების უზრუნველყოფა. თუმცა შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში მათი გეგმა ნაკლებად რეალისტურია. რაც შეეხება თავად ტრამპს, ალბათ, დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ის ხასიათს ან მიდგომებს შეიცვლის.
საინტერესოა, რას გამოიწვევს ეს რყევები თავად რესპუბლიკურ პარტიაში. არაერთი სენატორი თუ კონგრესმენი მხარს უჭერდა მას არა იმიტომ, რომ იზიარებდნენ მის პოლიტიკას, არამედ იმიტომ, რომ ის წარმატებული იყო და უმრავლესობას ფლობდა. ახლა კი, როცა დაინახეს, რომ ვითარება შეიცვალა, შესაძლოა მათ ტრამპისგან დისტანცირება დაიწყონ. ამ სიაში მოიაზრებიან ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უკვე საკუთარ კანდიდატურაზე ფიქრობს, მარკო რუბიო და სხვა ლიდერები. სავარაუდოდ, ისინი მეტ ავტონომიურობას აირჩევენ. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ შეაფასებს ამომრჩეველი მომდევნო ორ წელს და რა მდგომარეობაში შეხვდება ქვეყანა ტრამპის ერის დასრულებას. მომდევნო ორი წელი დაკვირვების პერიოდი იქნება. პარალელურად, ორივე პარტიაში დაიწყება შიდა კონკურენცია მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატების გამოსავლენად.
- საერთაშორისო წესრიგზე რა გავლენა ექნება?
- სიმართლე რომ ვთქვათ, საერთაშორისო წესრიგი მხოლოდ ტრამპს არ შეურყევია. ის მანამდეც იყო შესუსტებული რუსეთის აგრესიით, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების ქმედებებით, ტრამპიზმი კი ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომი იყო.
საერთაშორისო სისტემა და ე.წ. წესებზე დაფუძნებული წესრიგი იცვლება. გლობალიზაციის ზრდასთან ერთად მომძლავრდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებსაც მანამდე მსოფლიო პოლიტიკაში დიდი გავლენა არ ჰქონდათ. დღეს მათ უკვე აქვთ პრეტენზიებიც. თუ დავაკვირდებით, გაეროს რეფორმირებას სწორედ ისინი ითხოვენ და სვამენ ლოგიკურ კითხვას, რატომ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ ხუთ სახელმწიფოს და რატომ არ არიან სხვებიც თანაბრად წარმოდგენილნი? ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი აქტორი და სახელმწიფო უკმაყოფილოა არსებული საერთაშორისო წესრიგით და მისი რევიზია ტრამპის ფაქტორის გარეშეც მიმდინარეობს. ეს საერთაშორისო სისტემისთვის ხანგრძლივი და ტურბულენტური პერიოდია. ჯერ უცნობია, საბოლოოდ რა დარჩება ამ წესრიგისგან. ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ცდილობს არსებული წესრიგის შენარჩუნებას, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოებია. თუმცა, ვინაიდან დანარჩენი აქტორების უმრავლესობა ცვლილებების მომხრეა, რთული სათქმელია, საბოლოოდ რა შედეგამდე მივალთ.
რუსა მაჩაიძე