„ოცნებას“ ორი შესაძლო მოდელი აქვს: ყაზახური, სადაც ფორმალური ოპოზიცია არსებობს, მაგრამ კონტროლდება, ან ბელორუსული, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისთვის ადგილი აღარაა“ - კვირის პალიტრა

„ოცნებას“ ორი შესაძლო მოდელი აქვს: ყაზახური, სადაც ფორმალური ოპოზიცია არსებობს, მაგრამ კონტროლდება, ან ბელორუსული, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისთვის ადგილი აღარაა“

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების იდეისა და ოპოზიციური სპექტრის გაუქმებისთვის ემზადება. ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე განმარტავს, რა შეიძლება მოხდეს, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი კანონგარეშედ გამოცხადდება, რა ინსტრუმენტები დარჩება მათ მოქმედებისთვის და რა მასშტაბებს შეიძენს 28 ნოემბრისთვის დაანონსებული აქცია.

- "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს მთლიანად დაიქვემდებაროს პოლიტიკური სისტემა, გააკონტროლოს პოლიტიკური ველი და მხოლოდ ისეთი პარტიები დატოვოს, რომლებიც ან იმდენად სუსტები იქნებიან, რომ პროცესებზე გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენენ, ან ხელისუფლების სრულ კონტროლს დაექვემდებარებიან. ასეთი მოდელი ავტორიტარული მმართველობისთვის უცხო არ არის. მაგალითად, ბელორუსში პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში. იმიტომ, რომ ან ემიგრაციაში არიან, ან უკიდურესად შევიწროებული, ლუკაშენკოს კი საკუთარი პარტიაც არა აქვს. პარლამენტში პოლიტიკური პარტიები არ არიან წარმოდგენილი და საკანონმდებლო ორგანო არსებითად ბიუროკრატიულ სტრუქტურად არის გადაქცეული.

ყაზახეთში კონსოლიდირებული, ღრმად ფესვგადგმული ავტორიტარიზმია, თუმცა პარლამენტში პოლიტიკური პარტიები მაინც არიან. მათ შორისაა სოციალ-დემოკრატიული პარტია და სახალხო პარტია, რომლებიც ფორმალურად მიიჩნევიან ოპოზიციურ ძალებად და რეალურად ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან.

დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სტანდარტი ძალიან მკაცრია და ეს მაშინ არის გამართლებული, როდესაც ესა თუ ის ძალა რეალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და ამ საფრთხის რეალიზებისთვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. მაგალითად, როდესაც პოლიტიკუ­რი ძალა შეიარაღებული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს და აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაარღვევს, ან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოკრატიულ მმართველობას გააუქმებს და აბსოლუტურ, მემკვიდრეობით მონარქიას დაამყარებს. "ოცნებას" ორი შესაძლო მოდელი აქვს: ყაზახური, სადაც ფორმალური ოპოზიცია არსებობს, მაგრამ კონტროლდება, ან ბელორუსული, სადაც დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისთვის ადგილი აღარ რჩება.

- რატომ ცდილობენ ოპოზიციური პარტიე­ბის აკრძალვას, მით უფრო მაშინ, როცა ოპოზიცია ასეთი სუსტია და საზოგადოებრივი მხარ­დაჭერაც ნაკლებად აქვს?

- იმისთვის, რომ ოპოზიცია დღეს ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, "ქართულმა ოცნებამ" უზარმაზარი რესურსი დახარჯა, კოლოსალური თანხები ჩადო პროპაგანდაში, მედიის კონტროლში, საბიუჯეტო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში ხალხის დასაქმებაში. თუ ოპოზიციას აკრძა­ლავენ, ხელისუფლებას აღარ დასჭირდება საარჩევნო "უბნის კაპიტნების" სისტემა, საჯარო მოხელეების მასობრივად მობილიზება და არჩევნებზე იძულებით მიყვანა, კრიმინალური ჯგუფების ჩართვა საარჩევნო უბნებთან... იმავე შედეგს გაცილებით მარტივად და იაფად მიაღწევს.

ამასთან, არის მეორე, მთავარი ფაქტორიც, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს სუსტი და დაქსაქსულია, არჩევნებში მოსახლეობის 45%-მა დაუჭირა მხარი.

ხელისუფლებაში კარგად ესმით, ხვალ რომ ველზე ერთი სერიოზული, კონსოლიდირებული ოპოზიციური ძალა გამოჩნდეს, ეს 45% მომენტალურად გარდაიქმნება მათ­თვის გამანადგურებელ შედეგად. სწორედ ამ რისკის პრევენციას ცდილობენ პარტიების აკრძალვით...

- რა შეიძლება მოხდეს, როცა საზოგადოება­ში ხელისუფლებით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება...

- ე.წ. ორთქლის გამოშვების ფუნქციის მქონე პოლიტიკურ პარტიებს შექმნიან. ამის მაგალითი უკვე ვნახეთ, როდესაც პლასტმასის ბოთლების აკრძალვის ინიციატივას დიმიტრი ხუნდაძე დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ "ხალხის ძალა" ამ კანონმდებლობას არ ეთანხმებოდა. მსგავსი სცენარის დაგეგმვა იმ პოლიტტექნოლოგებისთვის, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ჰყავს, რთული არ იქნება. დღეს ხალხის უდიდესი უმრავლესობა ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" საუკეთესო ხელისუფლება არ არის და მასზე უკეთესს ვიმსახურებთ, მაგრამ ამგვარი განწყობების პროტესტად ორგანიზება და მობილიზება ვერ ხერხდება. საზოგადოების უკმაყოფილება, თუ ის ორგანიზებული არ არის, ხელისუფლებას პრობლემებს ვერ შეუქმნის.

- მაშინ რა ბერკეტები რჩება ოპოზიციას სამართლებრივი და ინსტიტუციური პოლიტიკური სივრცის მიღმა?

- საქართველოს ისტორია იმ ეტაპზე გადადის, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება დისიდენტურ სივრცეში ხდება საჭირო. აკრძალული პარტიებისთვის ალტერნატიული გზებია სხვა პოლიტი­კური პარტიებისთვის თავის შეფარება, ახალი კონფიგურაციის გაერთიანება და განსხვავებული ფორმით პოლიტიკურ ველზე დაბრუნება. მაგრამ შეიძლება ხელისუფლებამ ის ახალი პარტიებიც აკრძალოს და ოპოზიცია ერთგვარ პროცედურულ ბრძოლაში ჩართოს. მეორე გზა დისიდენტური საქმიანობაა. პარტიების აკრძალვით უკმაყოფილო ადამიანები არსად გაქრებიან, უბრალოდ, თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვის სხვა გზებს მოძებნიან, ამან კი შესაძლოა საზოგადოებაში რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააძლიეროს, პოლარიზაცია გააღრმაოს და ვითარება მეტად დაძაბოს.

- როგორ ფიქრობთ, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მასობრივად გამოვა ხალხი?

- ოპოზიციამ არ უნდა შექმნას ცრუ მოლოდინი, თითქოს ერთი აქცია ცვლილებებისთვის საკმარისი იქნება. მიტინგის მიღმა ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი - ყველა სოციალურ ჯგუფთან, ყველა სოფელსა და ქალაქში... მიტინგი ამ სამუშაოს დასაწყისი კი არა, მისი საბოლოო შედეგი, ერთგვარი სახურავი უნდა იყოს. ოპოზიცია ხშირად პირიქით მოქმედებს: საქმეს ბოლოდან იწყებს, ჯერ სახურავს აშენებს, მაგრამ მის ქვეშ არაფერი აქვს გაკეთებული. საბოლოოდ რჩება სახურავი, რომელსაც არანაირი დანიშნულება არა აქვს. ჯერ კიდევ 4 ოქტომბრის აქციაზე ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყვებოდა, რადგან მანამდე საზოგადოებასთან მუშაობა არ ჩატარებულა. ერთადერთი, რაც გვახსოვს, ის იყო, რომ პაატა ბურჭულაძე დროშაშემოხვეული დადიოდა ტელეკამერების წინ. პოლიტიკური პროცესი ასე როგორ უნდა შეექმნათ?! ამიტომ 28 ნოემბრის აქციისგან განსაკუთრებულს არაფერს მოველი.

უნდა დასრულდეს მოლოდინი, რომ ქვეყნის ბედი მხოლოდ სპონტანური მიტინგებით გადაწყდება. ეს ეპოქა წავიდა, მატარებელი უკვე დიდი ხანია დაიძრა, მაგრამ რატომღაც ჩვენს ოპოზიციონერებს ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ის დეპოში დგას და შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩასხდნენ.

ხათუნა ბახტურიძე