რას მოუტანს ხელისუფლებას პარტიების აკრძალვა და დაემორჩილება თუ არა თბილისი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?!
ამ კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის პროცესს გააგრძელებს და როდის და როგორ დასრულდება, ძნელი სათქმელია. ამასობაში ევროკავშირმა გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში მდგომარეობა უფრო გაუარესებულია. თუმცა ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. რა პროცესებია მოსალოდნელი, პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრებით.
- ახალი ბევრი არაფერია. მე მგონია, თვითონ ევროკავშირშიც არ არიან მთლად ჩამოყალიბებული, როგორ უნდა მოიქცნენ, რადგან ორი ვარიანტი აქვთ: საერთოდ ჩამოგვაშორონ ყველაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტომატურად აღმოვჩნდებით რუსეთის გავლენის სფეროში და მეორე, არ ჩამოგვაშორონ, მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ ამ რეჟიმს? ჩემი აზრით, ევროკავშირი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და აკვირდება, როგორ განვითარდება საქართველოში ვითარება. მანამდე გარკვეული კონტაქტები, ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა გაფართოების კონტექსტში საქართველო, ცხადია, აღარ იქნება. რაც შეეხება დაკავშირებადობას, მართალი გითხრათ, ბოლომდე არც მესმის, რას გულისხმობს ეს ტერმინი. ალბათ, ძირითადად ტრანზიტზეა საუბარი. შესაძლოა იგულისხმება იმ ტიპის ურთიერთობები, როგორიც სომხეთთან ვითარდება. ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ეკონომიკური თანამშრომლობა მაინც იქნება. არა მგონია, ევროკავშირი გაქრეს საქართველოდან და არაფერში იყოს წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, დაკავშირებადობის შესახებაც პოლიტიკური მოთხოვნები იქნება. ცხადია, არა ისეთი მასშტაბის, როგორიც გაფართოების პროცესში იქნებოდა, მაგრამ მაინც იქნება.
- "ოცნება" არაფრის შეცვლას არ აპირებს და დასავლეთს რა ბერკეტები რჩება?
- ევროკავშირს ნამდვილად აქვს ბერკეტები და შეუძლია ეფექტიანად იმოქმედოს. გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას აქამდე. თუმცა, ჩემი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ინერციის ფაქტორი. როდესაც რაღაც უკვე აწყობილი გაქვს, არსებობს ბიუროკრატიული სტრუქტურები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ. ამ ყველაფრის გადაწყობა, მით უმეტეს, სწრაფად, მარტივი არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხელისუფლების კურსის ასეთი მკვეთრი შემობრუნება სწრაფად მოხდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირში ვერ გაითვალისწინეს, რა მასშტაბის ცვლილებასთან ჰქონდათ საქმე. "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ამბობენ, რომ ივანიშვილს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია, კურსი მკვეთრად შეიცვალა ბოლო პერიოდში. ჩემი აზრით, სწორედ ამ მკვეთრი შემობრუნების გამო უცებ ვერ ჩამოყალიბდნენ, თორემ სინამდვილეში ეფექტური ბერკეტები აქვთ. შეუძლიათ ისე იმუშაონ, ბიძინა იძულებული შეიქნეს, ანგარიში გაუწიოს. თუმცა ივანიშვილი ჯერ ევროკავშირს უყურებს როგორც "ჩმორებს", რომლებსაც არაფრის თავი არა აქვთ და მხოლოდ სიტყვიერად აკრიტიკებენ. ჩემი აზრით, ძალიან ცუდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ მოჰყოლია შესაბამისი შედეგები. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რამდენად კარგი ან ცუდი იყო კონკრეტული რეზოლუციის შინაარსი. მთავარი ის არის, ხელისუფლებას ეუბნებოდნენ, ეს გააკეთე, ის გააკეთეო, მაგრამ როდესაც არაფერი შესრულდა ერთხელ, მეორედ და მესამედაც, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლებას უქმნის განცდას, რომ ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირება შეიძლება ყოველგვარი შედეგის გარეშე.
- ამ ვითარებაში ივანიშვილის გამოჩენა და ისრაელის ელჩთან შეხვედრა რას ნიშნავს?
- ისრაელი ძალას წარმოადგენს, ივანიშვილი კი მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ვიცი, რომ მას ისრაელის ძლიერებაზე ძალიან მაღალი წარმოდგენა აქვს. გავიხსენოთ, როგორ უპასუხა ხელისუფლებამ ისრაელს, როცა ირანის შესახებ მკვეთრი განცხადებები გააკეთა. ხომ არ უპასუხეს ისე, როგორც ევროკავშირს ან ჰერჩინსკის ელაპარაკებიან? არა, თავი შეიკავეს. იმიტომ, რომ იციან, ისრაელთან ხუმრობა არ გავა. ისრაელს სჩვევია მოტაცებაც და კონტრტერორისტული ოპერაციებიც. როდესაც საქმე ძლიერ სახელმწიფოს ეხება, ივანიშვილი მას ანგარიშს უწევს. გარდა ამისა, ის ძალიან დიდ პატივს სცემს ებრაელ ხალხს, მიაჩნია, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და სჯერა იმ კონსპირაციის, რომ "მსოფლიოს 25 ოჯახი მართავს", საიდანაც, მისი აზრით, 20 მაინც ებრაულია. ამიტომ "ჩამოვიდა ზეციდან" და მათ თავად დაელაპარაკა. ევროკავშირს კი ისე არ დაელაპარაკება, სანამ "კლანჭებს არ აგრძნობინებენ". მათ ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლიათ, მაგრამ დეტალებზე რომ ვილაპარაკო, აგენტობას დამაბრალებენ, ამიტომ ჯობს, თვითონ იმოქმედონ.
სხვათა შორის, ოპოზიციასაც ძალიან არასწორი მიდგომა ჰქონდა. ევროპარლამენტის რეზოლუციებს არასერიოზულად უყურებდნენ, რადგან ინერციით ფიქრობდნენ, რომ როგორც სააკაშვილის დროს მუშაობდა ეს ხელისუფლების წინააღმდეგ, ახლაც ისე იმუშავებდა. ასე კი არ მოხდა. კარგა ხანს ვერ მიხვდნენ და მგონი, ახლაც ვერ ხვდებიან, რომ ეს მექანიზმი ივანიშვილის წინააღმდეგ აღარ მუშაობს. პირიქით, სახელისუფლებო პროპაგანდა ამას თავის სასარგებლოდ იყენებს და ხალხს ეუბნება, ნახეთ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, უნდათ ბიძინა ჩამოაგდონ და ისევ ის დასვანო.
- ოპოზიციური პარტიების აკრძალვით პროცესები როგორ განვითარდება?
- პარტიების შესაძლო გაუქმება ირაციონალური სიგიჟეა. გასაგებია, რომ ივანიშვილს პოლიტიკური ველის მოსუფთავება უნდა, მაგრამ პარტიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ნულის ტოლია. მსგავსი ნაბიჯი ევროკავშირისა და აშშ-ის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს, რასაც ხელისუფლება უფრთხის. იციან, ტრამპმა თუ გადაწყვიტა, მორჩება მათი პარპაში. დასავლეთში კი ვერ გაიგეს, რომ ამ კაცთან დიპლომატიური ენა არ მუშაობს... თუ პარტიებს გააუქმებენ, ამას მოჰყვება დასავლეთის რეაქცია და სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტრასბურგი ასეთ პრეცედენტზე უკან არ დაიხევს. მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, ყველა პარტია ერთად აკრძალულიყო. მგონი მხოლოდ ჰიტლერმა თუ სტალინმა გააკეთეს მსგავსი რამ. თუმცა მთავარი ის კი არ არის, რას იტყვის სასამართლო, არამედ ის, თუ რამდენად დაემორჩილება მას ივანიშვილი. თუ არ დაემორჩილება, ეს ევროპასთან კავშირის სრულ გაწყვეტას ნიშნავს - ე.წ. დაკავშირებადობაც კი აღარ იარსებებს. არადა, აქამდე ხელისუფლება, მაგალითად, კობახიძე, მუდმივად იშველიებდა არგუმენტად - აი, სტრასბურგმა თქვა, რომ მართლები ვართო. ახლა თუ საპირისპიროს იტყვის, რას იზამენ?
ზოგიერთი იურისტი მიმტკიცებდა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სტრასბურგის განსჯადი არ არისო. მაგრამ როცა საჩივარი კონვენციის დარღვევაზე შედის, სტრასბურგი თავად გადაწყვეტს განსჯადობას. დარწმუნებული ვარ, საქმეს მიიღებენ.
მეორე მხრივ, ივანიშვილი სტრასბურგს რომ დაემორჩილოს, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. დიფ სთეითმა დაამარცხა. ამით მომხრეებში დაკარგავს სახეს - დაინახავენ, რომ ბატონი ბიძინა ყოვლისშემძლე არ ყოფილა. ყველა ვარიანტში ცუდი არჩევანის წინაშე დგება.
- დავუშვათ, ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ აიკრძალა. სტრასბურგისთვის ექნება ამას ისეთივე ეფექტი?
- პარტიის აკრძალვა მყარად უნდა იყოს დასაბუთებული. ამათ კი რა დასაბუთება აქვთ: "ლელოს" აკრძალვის მოტივი ის არის, თითქოს კავშირი აქვთ ტერორისტებთან. ვინ არის ტერორისტი? ელისაშვილი! აქ შეიძლება ეს სისულელე ტერორიზმად გაასაღო და ვიღაცებმა სერიოზულადაც მიიჩნიონ, მაგრამ ევროპაში ვერ გაყიდი.
აქ კიდევ ის საკითხია, რომ ხელისუფლების მომხრეებს, რომლებიც პარტიების აკრძალვას მხარს უჭერენ, სულ სხვა მოლოდინი აქვთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმეს რომ დაელაპარაკოთ, დაინახავთ, მათ ჰგონიათ, აკრძალვა ნიშნავს "მორჩა, დამთავრდა, აღარ უნდა იყვნენ". მაგრამ წარმოიდგინეთ რეალობა - თითქოს აკრძალეს პარტია, მერე გამოდის ის ოპოზიციონერი ტელევიზიით, მაინც აგინებს ბიძინას, აწყობს მიტინგებს და აქციებს. ხელისუფლების მომხრე იტყვის, თუ აკრძალეს, ეს რატომღა ლაპარაკობს, გააჩუმეთო. ანუ, რა უნდა ქნან? პოლიტიკური საქმიანობა როგორ უნდა აკრძალონ? გამოვა ადამიანი გასაპროტესტებლად და ყველას ხომ ვერ დაიჭერენ? საბოლოო ჯამში, ასეთი "აკრძალვა" ხელისუფლების ამომრჩეველშიც გამოიწვევს უკმაყოფილებას და ბიძინა ივანიშვილს სისუსტედ ჩაეთვლება, რომ მან პრაქტიკულად ვერ აკრძალა ისინი.
თუ მართლა სერიოზული დიქტატურა გინდა, ამისთვის ტერორია აუცილებელი. რეპრესიები უნდა გაატარო, ისე, როგორც სტალინი და პინოჩეტი აკეთებდნენ. ალიევის ან პუტინის დონეც კი არ კმარა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უფრო მანიპულაციაა და საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანება. ჩემი აზრით, ამ ზღვრამდე ჯერ არ არიან მისული და ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, ვინ იცის, რა იქნება.
რუსა მაჩაიძე