მკვლელი მძღოლები - მევლუდ მელაძის ანალიზი: "მანქანით გადაადგილება სულაც რომ ავკრძალოთ, მაინც გამოძვრება ვიღაც, ვინც დალევს, დაჯდება საჭესთან და რაღაც საშინელებას მოახდენს..."
ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა ისევ საგანგაშოა. გასულ კვირას ზედიზედ არაერთი მძიმე ავტოავარია მოხდა. ქუთაისში მანქანა რიონში გადავარდა, რასაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა; აჭარაში, კერძოდ, ხელვაჩაურში ავტოავარიაში მეთერთმეტეკლასელი მოზარდი დაიღუპა, ხოლო კახეთში - 6 წლის ბიჭი. მისი 2 წლის და და დედა ამჟამად კლინიკაში მკურნალობენ. დაშავდა ბავშვის მამა...
ავარიების მიზეზი ხშირად მთვრალი მძღოლია, ასევე სიჩქარის გადაჭარბება. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ხშირად საუბრობს საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე და ხელისუფლებას მოუწოდებს მკვეთრი რეაგირებისკენ...
- ბატონო მევლუდ, ავტოავარიები ისევ დიდი პრობლემაა, დღე არ გადის უმძიმესი ტრაგედიების გარეშე. მიზეზი ხშირად გადაჭარბებული სიჩქარე და მთვრალი მძღოლია. ამ დღეებში დაიღუპა ბავშვი, დაშავდნენ მისი ოჯახის წევრებიც. ითქვა, რომ მძღოლი მთვრალი იყო. ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს?
- ერთ წინადადებაში, ერთ სიტყვაშიც შემიძლია ჩავატიო ამ კითხვის პასუხი: ეს არის განათლება, ანუ ხალხს სიღრმისეულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სატელევიზიო გადაცემებით, სოცქსელებით, ყველა გზით, რომ საჭესთან მთვრალი მძღოლი დამნაშავეა! განათლება უნდა დაიწყოს ბაღიდან, სკოლიდან, თუ რას ნიშნავს საგზაო უსაფრთხოება, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას. ერთ წამში, ერთი რომელიმე კანონის ცვლილებით ან ერთი მოქმედებით, როგორიც არ უნდა იყოს ის, ვერაფერს აღმოფხვრი.
კამერები დააყენეს ყველგან, მართვის მოწმობებს ართმევენ, ჯარიმები გაიზარდა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენს მოქალაქეებს გაცნობიერებული არა აქვთ საფრთხე, რას რა შეიძლება მოჰყვეს, რომ სხვას რაც დაემართა, შეიძლება მასაც დაემართოს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია განათლება, რადგან საგზაო გადაადგილების მონაწილე ვართ აბსოლუტურად ყველა, გვინდა თუ არა, როგორც კი სახლიდან გამოვალთ, მისი ნაწილი ვხდებით. ამიტომ საჭიროა განათლება ყველა დონეზე, როგორც ქვეითად მოსიარულის, ასევე ყველა სახის ტრანსპორტის მძღოლის. ამ მიმართულებას უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო, რათა შეინარჩუნოს თავისი მოქალაქეები. სახელმწიფოსთვის ხომ ეკონომიკურადაც წამგებიანია ამდენი ტრავმიანობა, დაშავებული და დაღუპული ადამიანი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფინანსურად რომ დაითვალოს სახელმწიფომ, ნამდვილად უღირს ფულის დახარჯვა ამ მიმართულებით განათლებაში. თუ დღესვე დავიწყებთ მასობრივად ხალხის ამ სფეროში განათლებას, ამისთვის გამოვიყენებთ სხვადასხვა საშუალებას, თუ საზოგადოებას სათანადოდ მივაწოდებთ ინფორმაციას, 10 წელიწადში რაღაც შედეგი გვექნება, ხოლო 15 წელიწადში - სერიოზული შედეგი იქნება. სხვაგვარად არაფერი გვეშველება, რაც არ უნდა ვქნათ, სულ რომ მანქანით გადაადგილება ავკრძალოთ, მაინც გამოძვრება ვიღაც, ვინც დალევს, დაჯდება საჭესთან და რაღაც საშინელებას მოახდენს, იმიტომ, რომ არა აქვს გაცნობიერებული რისკი. ნასვამი მძღოლი საჭესთან ჩვეულებრივი მკვლელია. ის არაფრით განსხვავდება იმ ადამიანისგან, ვისაც ხელში იარაღი უჭირავს და ისვრის.
- სისტემატურად ვაშუქებთ ამ ტრაგედიებს, მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველდღე იგივე ხდება, რატომ?
- ერთი გადაცემა მაინც მითხარით ამ თემებზე, საგზაო უსაფრთხოებაზე სად ყოფილა ბოლო წლებში. შეიძლება სპეციალისტი მოიყვანონ და კონკრეტულ თემაზე ასაუბრონ მაშინ, როცა სახელმწიფოს სურს გამოიტანოს კონკრეტული თემა. მე და ამ დარგის სხვა სპეციალისტს რომ პატარა კომენტარს ჩამოართმევენ, არ არის საკმარისი. მასობრივად უნდა იყოს გადაცემები საგზაო უსაფრთხოებაზე. მოთხოვნა უნდა წარმოქმნას სახელმწიფომ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს სჭირდება ყველაზე მეტად ეს თუნდაც ეკონომიკურად. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის, საგზაო შემთხვევებითა და სიკვდილიანობით ვჯობნით აფრიკის ისეთ ქვეყნებსაც კი, სადაც ღვედის გაკეთებაც კი ჯერ არ შემოუღიათ.
- მთვრალი მძღოლი მხოლოდ ქართველების პრობლემაა, თუ სხვა ქვეყნებშიც არის აქტუალური ეს საკითხი?
- მძღოლის სიმთვრალის პრობლემა მთელ მსოფლიოშია, უგუნურ ადამიანს რა დალევს, მაგრამ სოციუმი, სადაც ასეთები ცხოვრობენ, არ აძლევს მას გასაქანს, ვიღაც ყოველთვის იქნება მის გვერდით, ვინც ეტყვის, ნასვამი საჭესთან არ უნდა დაჯდეო. მძღოლის სიმთვრალის პრობლემა ნაკლებად არის განვითარებულ ქვეყნებში. ამაზე მიდის მუშაობა ყველგან. ნასვამ მძღოლს ართმევენ მართვის მოწმობას, უწესებენ სახდელებსა და ძალიან მკაცრ სასჯელს. მართვის მოწმობის დასაბრუნებლად მან ფსიქოლოგიური ტესტირება უნდა გაიაროს.
- ჩვენთან ჩამოართმევენ მართვის მოწმობას და უბრალოდ უბრუნდება ვადის გასვლის შემდეგ. სხვა ბარიერები რომ დაწესდეს, უფრო ავიცილებთ მსგავს ფაქტებს?
- რა თქმა უნდა! მოწმობის ჩამორთმევის შემდეგ უნდა იყოს ლაბირინთი, რომლის გავლისთვისაც ძალიან ბევრი უნდა იშრომოს და, ალბათ, უფრო დაფიქრდება ყველა მძღოლი..
- კვლავ პრობლემაა სიჩქარის გადაჭარბება, ასევე არასრულწლოვანი საჭესთან, შედეგად იღუპებიან ახალგაზრდები. გამოდის, მშობლებმაც ვერ გაითავისეს ეს რისკები?
- დიახ, ვერ გაითავისეს. ხშირად მშობლებს უხარიათ კიდეც, მათი მოზარდი შვილი რომ მანქანას დააქროლებს. მოწინავე ქვეყნებში ამისგან გამოწვეულ შედეგებს ვიდეომასალებით აჩვენებენ, შემდეგ ფსიქოლოგები მუშაობენ, რომ სიღრმისეულად გაითავისონ ადამიანებმა, რა შეიძლება მოჰყვეს საჭესთან ნასვამ ჯდომას.
- ნასვამი მძღოლი უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს თუ არა? ასევე საინტერესოა, როცა ასეთი ფაქტები შუქდება მედიით, უნდა იყოს თუ არა ხაზგასმა იმაზე, რომ საჭესთან მთვრალი მძღოლი იჯდა?
- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მძღოლს მაშინ, როცა მისი მიზეზით ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მით უმეტეს მკაცრია სასჯელი, თუკი ის ნასვამი იყო. მერე მოდის გააზრება იმისა, თუ რა ჩაიდინა. როგორ უნდა იცხოვროს მერე ასეთმა ადამიანმა, არ ვიცი. ასეთი ფაქტები კი უნდა გაშუქდეს დეტალურად, რათა მიხვდნენ ჩვენი მოქალაქეები, რამხელა პრობლემა დაატყდა დამნაშავე მძღოლს - ეს ყველას უნდა ვაჩვენოთ, იქნებ სხვები დაფიქრდნენ. ამის მერე ერთი ადამიანიც თუ გადაიფიქრებს ნასვამი საჭესთან დაჯდომას, ესეც საქმეა. საჭიროა რაც შეიძლება მეტად ინფორმირება, რათა გააანალიზონ, რამხელა ტკივილი, ტრაგედიაა ეს.
- ითქვა, რომ მანქანებში მოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს, რათა დაქოქვამდე მძღოლის სიფხიზლე შემოწმდეს.
- შეუძლებელია ამის გაკეთება. ვიმეორებ - მთავარია, დავიწყოთ განათლება.
- ვიცით, რომ წლებია თქვენი შემუშავებული კანონპროექტი დევს თაროზე, მუდმივად საუბრობთ განათლებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, ალბათ, გისაუბრიათ ამ საკითხზე, მათი პასუხი რა არის?
- რომ მქონდეს პასუხი, კარგი იქნებოდა, მაგრამ არა მაქვს.