მიუსაფარი ძაღლების დილემა - როგორ უნდა მოგვარდეს თბილისში მომრავლებული უპატრონო ცხოველების პრობლემა ჰუმანური მეთოდებით?! - კვირის პალიტრა

მიუსაფარი ძაღლების დილემა - როგორ უნდა მოგვარდეს თბილისში მომრავლებული უპატრონო ცხოველების პრობლემა ჰუმანური მეთოდებით?!

სად გადის ზღვარი და ვინ არის პასუხისმგებელი ქუჩაში ცხოველების უკონტროლოდ მზარდ პოპულაციაზე? წლებია, ეს საკითხი საზოგადოებაში დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზია. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ ცხოველთა უფლებადამცველები ცხოველთა სამარხების თვითნებურ გახსნასა და დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა, რამდენიმე აქტივისტი კი დააკავეს. პარალელურად, კვლავ მწვავედ დგას კითხვები მუნიციპალური თავშესაფრების საქმიანობის, მათი გამჭვირვალობისა და მიუსაფარი ცხოველების მართვის პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ. რა ხდება სინამდვილეში, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველთა უფლებები, ისე ადამიანების უსაფრთხოება და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, ამ საკითხებზე „Zero Strasys Georgia“-ს თანადამფუძნებელი და ცხოველთა უფლებადამცველი ნათია ჩიქოვანი გვესაუბრება.

- არსებული პრობლემა კარგად რომ გაიაზროს საზოგადოებამ, ჯერ განვმარტოთ, თუ რა ვალდებულებები ჰქონდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და არ გააკეთა, როდესაც სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა დაიწყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოს კანონით ჰქონდა ვალდებულება, რომ თითოეული გასტერილებული მიუსაფარი თუ მიკედლებული ცხოველი ყურზე უნიკალური ნომრით აღერიცხა ზუსტად იმ ონლაინბაზაში, რომელშიც ახლა ჩიპიანი ცხოველები ფიქსირდებიან. კანონით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში შესული არც ერთი ცხოველი არ უნდა გამოვიდეს იქიდან სტერილიზაციის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. კანონითვე გაწერილია, რომ ცხოველს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ჯერ უნდა უმკურნალო და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მხოლოდ შემდეგ ჩაუტარდეს სტერილიზაცია, შეიყვანონ ბაზაში და დააბრუნონ პირვანდელ არეალში. რეალურად კი, ცხოველები ბაზაში არ შეჰყავთ, სათანადო მკურნალობას არ უწევენ და ისინი ან პროცედურის დროს იხოცებიან, ან უბრალოდ აძინებენ და კლავენ.

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ამბობს, რომ ცხოველები გაუქრათ, საუბარია არა მხოლოდ მიკედლულ ცხოველებზე, არამედ იმ ძაღლებზეც, რომლებიც მოქალაქეებმა საკუთარი ეზოებიდან ნებაყოფლობით გაატანეს უფასო სტერილიზაციის პროგრამაზე და უკან აღარ დაუბრუნეს

. მე ხელზე მაქვს დადოკუმენტებული 50 შემთხვევა თბილისის მასშტაბით და ყოველდღე ახალ-ახალი ქეისები იწერება. როდესაც სააგენტო სტატისტიკაზე საუბრობს, მაგალითად, ამბობს რომ 2025 წელს 360 ძაღლი დააძინეს და 3000 ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ამას შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ახლდეს. ონლაინბაზაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კონკრეტული ჩიპის ნომერი, სიკვდილის მიზეზი და არქივში გადასვლის დეტალები, ევთანაზიის შემთხვევაში კი სამედიცინო დასკვნები. კიდევ ერთი კანონდარღვევაა ის, რომ მოქალაქეებს თავშესაფრებში არ უშვებენ, არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ქალაქის მერი `დაძინებით~ დაემუქრა, არამედ არავის. ამავე კანონით უნდა დაწყებულიყო შინაური ცხოველების გამრავლების მკაცრი კონტროლი: დაწესებულიყო ლიცენზირების სისტემა, რომლის გარეშეც მეპატრონეებს ძაღლების შეჯვარების უფლება არ ექნებოდათ. ამასთან, სავალდებულო უნდა გამხდარიყო თითოეული ნაყარისა და ლეკვის რეგისტრაცია. თუმცა ეს მოთხოვნები პრაქტიკაში არ სრულდება, არც კონტროლი ხორციელდება სათანადოდ და არც დამრღვევები ჯარიმდებიან. შედეგად, ადამიანები ყოველდღიურად ტოვებენ ლეკვებსა და კნუტებს ქუჩაში. პრობლემა ისიც არის, რომ ცხოველების სტერილიზაციისა და სხვა ვეტერინარული მომსახურების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, რაჭაში ერთი ვეტერინარული კლინიკაც კი არ ფუნქციონირებს, ვეტერინარული მომსახურების დეფიციტია სხვა ქალაქებშიც. შესაბამისად, ყველა მეპატრონეს არა აქვს ცხოველის სტერილიზაციის შესაძლებლობა. ამასთან, ცხოველის ქუჩაში მიტოვება დღემდე სათანადოდ არ ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კანონში ამისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ამ ნორმის აღსრულება 2027 წლის 1-ლ იანვრამდე გადავადებულია.

ხელისუფლება იმ საბაზისო მოთხოვნებსაც კი არ ასრულებს, რომლებიც თავად აქვს კანონში გაწერილი. ცხოველების ევთანაზიისთვის ინგლისური მარილის გამოყენება დაუშვებელია და არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ამ მეთოდს არ მიმართავენ. ჩვენ კი არაერთი ცხოველის ლეში ვნახეთ, რომლებსაც გულის არეში ნემსის კვალი აღენიშნებოდათ. ეს ფაქტები აუცილებლად საჭიროებს გამოძიებას. თუმცა კრიმინალურმა პოლიციამ ლეშები ვაშლიჯვრის ლაბორატორიაში მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ მიიტანა. დღემდე უცნობია, სად ინახებოდა ისინი ამ ხნის განმავლობაში, იყო თუ არა მაცივარში მოთავსებული და ემთხვეოდა თუ არა ლაბორატორიაში გადაცემული ნიმუშები იმ ლეშებს, რომლებიც მოქალაქეებმა სამართალდამცველებს ჩააბარეს. თუნდაც დავუშვათ, რომ ლაბორატორიაში ზუსტად ის ნიმუშები მოხვდა, რომლებიც მოქალაქეებმა გადასცეს და ისინი სათანადო პირობებში ინახებოდა, საზოგადოებას მაინც აქვს უნდობლობის საფუძველი. ვაშლიჯვრის ლაბორატორია სახელმწიფო სტრუქტურაა და არ არსებობს გარანტია, რომ მისი დასკვნა ობიექტური იქნება, მით უფრო, როდესაც ვხედავთ ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ: კახა კალაძე მოქალაქეებს, რომლებიც ცხოველების მოწამვლასა და დახოცვაზე საუბრობენ, მატყუარებს უწოდებს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს კი ცხოველების დახოცვისთვის მადლობას უხდის.

- კანონდარღვევად არის შეფასებული ცხოველთა სამარხების თვითნებური გახსნა და ნეშტების ამოყრა.

- ვერავის დაადანაშაულებენ, რადგან ამ სამარხებს არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ჰქონდა. ისინი მოქალაქეებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. მიწის ზედაპირზე ეყარა ლეშები, რომლებსაც ბუზები ეხვეოდნენ. ორმოები ღრმად არ იყო გათხრილი. რა პრეტენზია აქვთ? იმის გამო გვემუქრებიან, რომ ათასობით ადამიანი საკუთარი ხარჯებით ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას? ვასტერილებთ, ვცრით, ჭიებზე ვამუშავებთ და ვაჭმევთ. ამდენი ხნის განმავლობაში სამოქალაქო სექტორი აკეთებდა სახელმწიფოს საქმეს, სანაცვლოდ კი აგრესიულებს და დასაძინებლებს გვეძახიან.

- თქვენი ძალისხმევის მიუხედავად, ქალაქებში წარმოუდგენლად ბევრი მიუსაფარია ძაღლია.

- სახელმწიფოს 14 წელი ჰქონდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. რა უშლიდა ხელს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის დროულად დაწყებას, მით უმეტეს, ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფილი ბიუჯეტი? პრობლემის მოგვარება მარტივია, უბრალოდ, ნება არ არსებობს. ერთი განვითარებული ქვეყანა არ იტყვის, რომ ცხოველების მასობრივი ევთანაზია გამოსავალია. ძაღლის ბუნებრივი გარემო ქუჩა და ტრასები არ არის, მას პატრონი უნდა ჰყავდეს. ჩვენც გვინდა, რომ ქუჩები მიუსაფარი ცხოველებისგან გაიწმინდოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ჰუმანური გზით და არა ინგლისური მარილით.

- როგორ აფასებთ ძაღლების იმ მეპატრონეების ქმედებას, რომლებსაც კორპუსის ბინაში რამდენიმე დიდი ძაღლი ჰყავთ?

- განვითარებულ ქვეყნებში შინაური ცხოველების ყოლის წესები საცხოვრებელი ფართობისა და ტიპის მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, მნიშვნელოვანია, კერძო სახლში ცხოვრობ თუ ბინაში და რამდენად შეესაბამება საცხოვრებელი პირობები კონკრეტული ჯიშის ძაღლის საჭიროებებს. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს, საქართველოში კი მსგავსი რეგულაციები არ არსებობს. მაგალითად, კავკასიური ნაგაზის სამოთახიან ბინაში ყოლა არც ადამიანისთვის არის კომფორტული და არც თავად ძაღლისთვის, რადგან ცხოველის კეთილდღეობას შესაბამისი სივრცე და რეგულარული სეირნობა სჭირდება. უნდა დავნერგოთ ისეთი რეგულაციები, რომლებიც კორპუსის ბინებში დიდი ძაღლების ყოლას საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით შეზღუდავს, ხოლო ცხოველების დასაშვები რაოდენობა ბინის ფართობის მიხედვით განისაზღვრება. არავის სურს, რომ ძაღლები კორპუსებში ცხოვრობდნენ. პირიქით, ჩვენც გვინდა, რომ ისინი ეზოებში იყვნენ, მაგრამ სახელმწიფომ 14 წლის განმავლობაში ეს პრობლემა კი არ მოაგვარა, არამედ უფრო გაამწვავა.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ გამრავლების წყაროს არ გააკონტროლებ, ქუჩაში ცხოველები კვლავ გაჩნდებიან. მათი დახოცვით ამ პრობლემას ვერასდროს მოაგვარებ. გამოსავალი არსებობს: უნდა ჩატარდეს ცხოველების სტერილიზაცია, აცრა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. პარალელურად, ერთი-ორი წლით უნდა დაწესდეს მორატორიუმი შინაურ პირობებში ცხოველების გამრავლებაზე, ხოლო მოსახლეობაში დაიწყოს საინფორმაციო კამპანია, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, ცხოველები შეიფარონ. ამგვარი თანმიმდევრული პოლიტიკით შესაძლებელია 2 წელიწადში ქუჩაში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. პრობლემის მოგვარება თუ ნამდვილად გვინდა, ამისთვის რესურსიც არსებობს და გზებიც ცნობილია. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჭარბი პოპულაციის პრობლემის ჰუმანურად მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. როდესაც ქუჩები მიუსაფარი ცხოველებისგან გათავისუფლდება და შინაური ცხოველების გამრავლებაც სათანადო კონტროლს დაექვემდებარება, თავშესაფრები შეძლებენ იმ მცირე რაოდენობის ცხოველების მიღებას, რომლებიც უპასუხისმგებლო პატრონების გამო მაინც აღმოჩნდებიან ქუჩაში.

ხათუნა ბახტურიძე