„რუსეთმა კამბოლოვის დანიშვნით ცხინვალი პირდაპირ მიაბა მოსკოვს“
რუსეთიდან ცხინვალში მივლინებულმა მარატ კამბოლოვმა ე.წ. არჩევნების შემდეგ ალან გაგლოევის კლანის დაშლა დაიწყო. თანამდებობებს ტოვებენ გავლენიანი ძალოვანი ჩინოვნიკები, რომლებსაც არაოკუპირებულ საქართველოსთან საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდულ სქემებში მონაწილეობას მიაწერდნენ. მათ ადგილს მოსკოვიდან მივლინებული კადრები იკავებენ. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ალექსანდრ ბუკოვი - რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი და საარჩევნო პროცესების სპეციალისტი, რომელიც კამბოლოვის მრჩევლად დაინიშნა, რის შემდეგაც რუსულ და ოსურ არხებზე გამოითქვა ვარაუდი, რომ კრემლი ცხინვალში რუსეთთან შეერთების შესახებ შესაძლო რეფერენდუმისთვის ემზადება და სწორედ ბუკოვმა უნდა უხელმძღვანელოს ამ პროცესს.
გაგლოევის კლანის დაშლა
მარატ კამბოლოვი 18 სექტემბერს ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა, ინაუგურაციის შემდეგ კი ახალი "პრეზიდენტი" მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგა. საკადრო ცვლილებები განსაკუთრებით დე ფაქტო ძალოვან უწყებებს შეეხო. ოპოზიციური ტელეგრამარხები წერენ, რომ კამბოლოვის ამოცანაა გაგლოევის კორუმპირებული და კრიმინალური კლანის სრული დემონტაჟი.
პირველი სამიზნე დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი ერისლავ მამიევი გახდა. კამბოლოვმა ის ზაფხულში, ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში გაათავისუფლა. ოპოზიციური ტელეგრამარხების ცნობით, მამიევი გაგლოევის კლანის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და "პრეზიდენტის" ძმის, ალიკის კრიმინალური დაჯგუფების მფარველი იყო. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი კამბოლოვმა ე.წ. კა-გე-ბეს დაარტყა, სადაც გაგლოევის კლანი ყველაზე ძლიერი იყო და რომელსაც "საქართველოსთან კონტრაბანდული ვაჭრობა" ებარა. ჯერ გაათავისუფლა კა-გე-ბეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გაგლოევის მარჯვენა ხელი ალექსანდრ ტუაევი, ხოლო ოქტომბრის ბოლოს თანამდებობა დატოვა თავად უწყების ხელმძღვანელმა იური კადიიმ. კადიი მოსკოვიდან იყო მივლინებული, თუმცა გაგლოევის კლანს შეუერთდა და მოადგილე ტუაევსა და "მინისტრ" მამიევთან ერთად კონტრაბანდული ნაკადების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
"საქართველოში თამბაქოსა და საწვავის ფართომასშტაბიანი კონტრაბანდის ერა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ძალოვანი სტრუქტურების მფარველობით აყვავდა, დასრულდა", - წერენ ტელეგრამარხები "ბორნვარნონ"-ი და "ჭრებაი ყარგანაღ"-ი. მათი შეფასებით, ტუაევისა და კადიის გათავისუფლებით გაგლოევის კლანმა მთავარი საყრდენები დაკარგა.
კონტრაბანდის თემა გასული წლიდან გააქტიურდა. 2025 წლის მაისში კა-გე-ბეს მაშინდელმა რუსმა ხელმძღვანელმა ოლეგ შირანმა მოადგილე ალექსანდრ ტუაევი გაათავისუფლა და მის წინააღმდეგ შიდამოკვლევა დაიწყო კორუფციისა და "საქართველოსთან კონტრაბანდის" ბრალდებებით. გაგლოევმა საპასუხოდ შირანი თანამდებობიდან მოხსნა და დე ფაქტო შს მინისტრად ერისლავ მამიევი დანიშნა, რომელიც მანამდე "მინისტრის მოადგილე" და ე.წ. კრიმინალური მილიციის უფროსი იყო. ოპოზიციურმა მედიამ სწორედ მაშინ დაიწყო საჯაროდ მხილება, რომ წლებია მამიევი, ტუაევი და "პრეზიდენტის" ძმა ალიკი ერთად აკონტროლებდნენ კონტრაბანდულ სქემებს. რამდენიმე თვეში გაგლოევმა კლანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ტუაევი თანამდებობაზე დააბრუნა. დაინიშნა კა-გე-ბეს ახალი უფროსიც, იური კადიი, რომელიც მალევე შეუერთდა გაგლოევის კლანს. ყოფილი შს მინისტრის, მამიევის სახელს სხვა გახმაურებული ამბავიც უკავშირდება - ბიზნესმენ ალან მარგიევის საქმე. ალიკ გაგლოევის კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ავტომობილების დილერი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს და აწამეს. გატაცებულის ძმამ, მილიციის პოლკოვნიკმა ვიქტორ მარგიევმა, ფეისბუქზე თავდამსხმელები დაასახელა. "მინისტრმა" მას პოსტის წაშლა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მის სახლში სპეცრაზმი გაგზავნა. ძმებმა ვლადიკავკაზში გაქცევით უშველეს თავს. მოგვიანებით მამიევის სპეცრაზმმა ბიზნესმენის შვილს სცემა, ვიქტორ მარგიევი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ძმები მარგიევები მუდმივად გზავნიან კრემლში საჩივრის წერილებს გაგლოევის კლანის თავგასულობის შესახებ.
მარატ კამბოლოვმა გაგლოევის კლანიდან ასევე გაათავისუფლა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ალბოროვიც. კლანის გავლენიანი ფიგურებიდან მხოლოდ ერთი ინარჩუნებს თანამდებობას - დე ფაქტო გენერალური პროკურორი გრიგორ სობაევი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2028 წლამდე აქვს. "ბორნვარნონის" ცნობით, ის ახლა პანიკაშია და კატეგორიულ უარს ამბობს გადადგომაზე. არხის მტკიცებით, სობაევი მუდმივად ეხმარებოდა "პრეზიდენტ" გაგლოევის ძმის კრიმინალური დაჯგუფების წევრებს სს დევნის თავიდან აცილებაში - "სანამ გამოძიებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, ის თავისი ჩრდილოვანი მფარველებისთვის ძვირფას აქტივად რჩება, ამიტომაც ცდილობს ეს აქტივი ხელიდან არ გაუშვას".

რუსი ჩინოვნიკები და რეფერენდუმის კვალი
გაგლოევის გარემოცვის ჩამოშორების შემდეგ კამბოლოვმა ახალი კადრების დანიშვნა დაიწყო და საკვანძო თანამდებობებზე სულ უფრო მეტი რუსი ჩინოვნიკი გამოჩნდა. კა-გე-ბეს უფროსად დაინიშნა რუსეთიდან მოწვეული პოლკოვნიკი, მოადგილედ კი - ადგილობრივი რუსლან ხაბალოვი, რომელიც მანამდე კამბოლოვის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ახლა ეს თანამდებობა ვაკანტურია. ამ პოსტზე მოიაზრებენ რუს ჩინოვნიკ ალექსანდრ ბუკოვს.
ბუკოვი კამბოლოვის გარემოცვაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად სახელდება. ამჟამად ის კამბოლოვის მრჩეველია. მანამდე თითქმის ათი წელი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2021 წლიდან კი კალუგის ოლქის საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა. რუსულ საინფორმაციო წყაროებსა და ადგილობრივ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ ბუკოვი ცხინვალში ორი მნიშვნელოვანი მიზნით მიავლინეს: ერთია საკადრო ცვლილებების ზედამხედველობა - ტელეგრამარხების ცნობით, კამბოლოვის კარზე ყველა გათავისუფლება-დანიშვნის საკითხს სწორედ ბუკოვი გადაწყვეტს. გარდა ამისა, მისი საარჩევნო გამოცდილების გამო გაჩნდა მოსაზრება, რომ ცხინვალში მისი მივლინება შესაძლოა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის მომზადებას უკავშირდებოდეს. ჯერჯერობით რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა, თუმცა მისი შესაძლო ჩატარების საკითხი ცხინვალში პერიოდულად აქტიურდება.
კამბოლოვის გუნდში მნიშვნელოვანი კადრია ასევე დე ფაქტო ვიცე-პრემიერად დანიშნული ეკატერინა ტოლსტიკოვა, რომელიც რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილე იყო. ის კამბოლოვის მოადგილეც იყო კურჩატოვის ინსტიტუტში; წარმოშობით ცხინვალიდანაა, თუმცა რუსულ სახელმწიფო სისტემაში ხანგრძლივი კარიერა აქვს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშნულ სოსლან მარგიევსაც, რომელიც 20 წელზე მეტია რუსეთის სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
"მოსკოვს მთელი საქართველო უნდა და არა მხოლოდ ცხინვალი"
პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ შეცვალა მართვის სისტემა. აღიარა ცხინვალი და ამით რეალურად აღიარა კლანები და მათ შორის ბრძოლა. მთავარი იყო ყოფილიყო პრორუსული პოლიტიკა და გაგლოევი გაიმარჯვებდა თუ თიბილოვი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. იქ იყო ღრმა კორუფცია, ვერ ინაწილებდნენ რუსეთიდან ჩასულ ფულს და მუდმივი დაპირისპირება იყო. ამასობაში დაიწყო ომი უკრაინაში, შეიცვალა ვითარება სამხრეთ კავკასიაში, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთისგან დისტანცირდებიან, საქართველოსთან კი მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს. რუსეთს კავკასიაში გავლენის შესანარჩუნებლად ახალი ბერკეტები სჭირდება. ამიტომ დაიწყო შემდეგი ეტაპი. მოსკოვმა ჩათვალა, რომ ცხინვალში პროცესები თვითდინებაზე აღარ უნდა მიუშვას. ივანიშვილიც არ იქნება მუდმივად და მისი წასვლის შემდეგ როგორ უნდა მოახერხოს საქართველოს დაბმა, ამიტომ მას სჭირდება ცხინვალსა და სოხუმში უშუალოდ ფედერალური მმართველობა. ამიტომ დანიშნა ცხინვალში მაღალი დონის რუსი ჩინოვნიკი კამბოლოვი და მმართველობითი სისტემა შეცვალა. ცხინვალი უკვე პუტინის ადმინისტრაციას ემორჩილება და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს. კამბოლოვის დანიშვნა სწორედ ამ ცვლილების მთავარი ნიშანია. ის რუსეთის მოქალაქეა, მისი გარემოცვაც ძირითადად რუსი ჩინოვნიკებით დაკომპლექტდა. მოსკოვი ადგილობრივ კლანურ, მაფიოზურ მმართველობას აღარ ენდობა და რუსეთიდან გადასხეს დესანტი. მოსკოვი ცდილობს უშუალოდ გააკონტროლოს სიტუაცია. ამასთან, რუსეთს სჭირდება ჰქონდეს მეტი ბერკეტი თბილისთან სავაჭროდ. ჩემთვის ცხინვალში დანიშნულ ჩინოვნიკებზე მეტად მნიშვნელოვანია თბილისში გიორგი ზურაბაშვილის ორ თანამდებობაზე დანიშვნა. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველია. ჟენევის მოლაპარაკებებიდან ჩაიხსნა პრინციპული და მკაფიოდ ანტირუსული განწყობის დიპლომატი ლაშა დარსალია და დაინიშნა ზურაბაშვილი. არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბაშვილი იქნება მომლაპარაკებელი რუსულ მხარესთან კამბოლოვის სახით. კამბოლოვი არ არის ოსური მხარე, ის რუსი ჩინოვნიკია. კამბოლოვი შესაძლოა ყოველგვარი ჟენევის მეთვალყურეობის გარეშეც შეხვდეს ზურაბაშვილს. რუსეთმა კამბოლოვის დანიშვნით ცხინვალი პირდაპირ მიაბა მოსკოვს. საოკუპაციო პოლიტიკა ანექსიურით შეიცვალა. არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის ფორმატი შესუსტდეს და 4-5 შეხვედრის შემდეგ დაიხუროს კიდეც. ასევე შესაძლებელია განხორციელდეს რაღაც პროექტები, მაგალითად, გაიხსნას გამშვები პუნქტი ცხინვალზე, როკის გვირაბით, როგორც ლარსის ალტერნატივა.
- საარჩევნო პროცესების სპეციალისტის ალექსანდრ ბუკოვის დანიშვნას უკავშირებენ რუსეთთან შეერთების შესახებ შესაძლო რეფერენდუმის მომზადებას. რამდენად რეალურია ეს ვერსია.
- არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, დღეს რუსეთს ამ ტიპის რეფერენდუმის ჩატარება არ სჭირდება. ეს ხომ საქართველოსთან საქმეს გააფუჭებს. რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მითვისება ნამდვილად უნდა, მაგრამ მას მთელი საქართველო სჭირდება და არა მხოლოდ ცხინვალი. ამიტომ პირდაპირი, ფორმალური ანექსია ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია. რუსეთი არაფორმალურ ანექსიას მიმართავს და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. კამბოლოვის დანიშვნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია. რეფერენდუმის თემა შეიძლება გაააქტიურონ და საქართველოსთან სავაჭროდ გამოიყენონ, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მოსკოვს ახლა უფრო მეტად სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება და საკუთარი გავლენის გაძლიერება. თუ რეფერენდუმზე დაიწყებენ საუბარს, თბილისს გაუჭირდება საკუთარ მოსახლეობას აუხსნას, რა ხდება. ეს კი პროცესს გაართულებს. რუსეთს ახლა სხვა ამოცანები აქვს: საქართველოს უფრო მეტად მიბმა, ევროკავშირსა და ნატოს ქვეყნებთან დისტანცირება და 2026 წლის არჩევნების შემდეგ მისთვის სასურველი პოლიტიკური ვითარების შენარჩუნება. ამასთან შედარებით ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარება მეორეხარისხოვანი საკითხია.
ეკატერინე ბასილაია