როგორ გახდა იტალიური ფილმის მთავარი პერსონაჟი ქართველი
იტალიური კინოს ქართველი ვარსკვლავი ლუკა ჩიქოვანი და უმშვენიერესი ნუცა ხუბულავა მთავარ როლებს ასრულებენ "ოქროს გლობუსის" ლაურეატი იტალიელი რეჟისორის ემანუელა პიოვანოს ახალ ფილმში "inale Alegro". სურათში ასევე თამაშობენ 80-იანი წლების პოპულარული სერიალის„"რვაფეხას"“მსახიობი ლუიჯი დიბერტი და „ბონდიანას“ ერთ-ერთი ადრეული ფილმის, 1967 წლის "კაზინო როიალის" ვარსკვლავი, ჯეიმზ ბონდის გოგონას როლის შემსრულებელი ბარბარა ბუშე... ნუცა ხუბულავა ფილმში მთავარ, სულიკოს როლს ასრულებს.
- თბილისში დავიბადე 1995 წელს, 10 იანვარს. წერეთლის ქუჩაზე ვიზრდებოდი, იტალიური ეზოს მსგავსი იყო, დიდი სამეზობლო გვყავდა. ოთხი წლის რომ გავხდი, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. შემდეგ სულ მოსკოვსა და თბილისს შორის გვიწევდა სიარული, რაც მამაჩემის სამსახურთან იყო დაკავშირებული. ოთხი წლიდან ფიგურულ სრიალს პროფესიონალურად ვეუფლებოდი. ამიტომაც სკოლის პერიოდი დიდად არ მქონია, 15 წლამდე ჩემს დროს მხოლოდ სპორტი იკავებდა. კერძო გაკვეთილები მქონდა, რადგან სკოლაში სიარულს ვეღარ ვასწრებდი. ფიგურული სრიალით დაახლოებით რვა საათი ვიყავი დღეში დაკავებული. მწვრთნელების მხრივაც ძალიან გამიმართლა - ნინა ჟუკი და ეთერ თუთბერიძე იყვნენ ჩემი ტრენერები... ბევრი რამ ვისწავლე მათგან, მაგრამ 15 წლისას სპორტისთვის თავის დანებება მომიხდა. საქართველოში დავბრუნდი და თბილისის ვალდორფის სკოლაში დავიწყე სწავლა.
ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა და თეატრი. ამიტომაც დიდი სურვილი მქონდა მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი ერთ-ერთი პრესტიჟული და უძველესი უმაღლესი თეატრალური სასწავლებელია მოსკოვში, რომელიც ფუნქციონირებს ევგენი ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან. ამ ინსტიტუტში მიმიღეს და ისე მოხდა, რომ ბიუჯეტშიც ჩამსვეს. ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან მშობლები ამ პროფესიის მისაღებად არ დამაფინანსებდნენ... თეატრალური რომ დავამთავრე, მოსკოვის ორ თეატრში მიმიწვიეს, მაგრამ ევროპაში გადასვლა გადავწყვიტე.
- რამდენად დიდი როლი ითამაშა თქვენმა გამორჩეულმა გარეგნობამ წარმატებაში?
- არ ვფიქრობ, რომ გამორჩეული გარეგნობა მაქვს. ვფიქრობ, სპორტიდან მოდის ჩემი ასეთი დამოკიდებულება. სპორტში არასოდეს იღებ ჯილდოებს და კომპლიმენტებს იმის მიხედვით, როგორი გარეგნობა გაქვს. საქმე უნდა აკეთო, რაღაცას უნდა მიაღწიო. ვიცი, ქარიზმა მაქვს, მაგრამ ჩემი ქარიზმა ჩემს მოქმედებებშია - როცა საქმეში ვდებ ენერგიას, სიყვარულს...
- ევროპაში როგორ აეწყო თქვენი სამსახიობო კარიერა?
- თავიდან მადრიდში გადავედი. შემდეგ ჩემი კარიერა იტალიაში განვითარდა, ახლა ესპანეთსა და იტალიაში ვარ.
ბევრად უფრო რთულია ემიგრაცია, ვიდრე ჩანს. ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. მთლიანად დამოუკიდებელი უნდა იყო. ეს პროფესიაც ისეთია, ხანდახან გაქვს შემოსავალი, ხან უფრო ნაკლები. ყველაფერი უნდა გათვალო. ძალიან მახარებს ის გზა, რაც ავირჩიე და ახლა უფრო ადვილია ყველაფერი.
- გვიამბეთ ფილმებზე.
- ფილმი "Finale Alegro", სადაც მთავარ როლს ვასრულებ, ქუთაისის კინოფესტივალზე წარადგინეს... ძალიან საინტერესო იყო ჩვენი კასტინგი, რადგან ემანუელა პიოვანო სხვა ქვეყნის მსახიობებს ეძებდა და როდესაც მე და ლუკა ჩიქოვანი გაგვიცნო, იმდენად მოვეწონეთ, სცენარის გადაკეთება გადაწყვიტა და ჩემი პერსონაჟი ქართველი გახდა. ძალიან გახარებული ვართ მეც და ლუკაც, რადგან შევძლებთ იტალიას კიდევ უფრო მეტად გავაცნოთ საქართველოს კულტურა ჩვენი ხელოვნებით. მართალია, \ხშირად საქართველოში ყოფნას ვერ ვახერხებთ, მაგრამ ხელოვნებით რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ვემსახურებით. ძალიან მინდოდა საქართველოში ფილმის წარდგენაზე ყოფნა, მაგრამ გადაღება მაქვს ესპანეთში, ამიტომ ჩამოსვლა ვერ მომიხერხდა. ამ ფილმმა იტალიის ბევრი ფესტივალი მოიარა და ყველგან ძალიან თბილად მიიღეს. ახლა კიდევ ერთი პროექტია, რომელიც წარდგენილი იყო რომის ფილმების ფესტივალზე. დაახლოებით ორ თვეში სხვადასხვა პლატფორმაზე გავა. ჯერ იტალიის პუბლიკა ნახავს და ვფიქრობ, შემდეგ საქართველოშიც ჩამოიტანენ.
- არსებობს კადრი, სადაც ასობით ფოტო და ვიდეოკამერა მხოლოდ თქვენკენ არის მომართული...
- სიმართლე გითხრათ, ასეთ მომენტებში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. შენს საქმეს რომ შეასრულებ და მას მოწონებით მიიღებენ, სასიამოვნოა.
- რას იტყვით ლუკა ჩიქოვანზე?
- მე და ლუკა ამ პროექტმა ძალიან დაგვაახლოვა. ის უნიჭიერესი მსახიობი და ულამაზესი ადამიანია.
- როგორია გეგმები?
- უფრო სურვილებს ვიტყოდი... გავაგრძელო ჩემი პროფესიით მუშაობა, შევქმნა ის პროექტები, რომლებიც მაყურებელში რაღაცას შეცვლის და დააფიქრებს, ემოციურ მუხტს მისცემს.