„ხის თოფიანი რუსი მანეკები“ უკრაინული დრონების ოპერატორების მოსატყუებლად... - კვირის პალიტრა

„ხის თოფიანი რუსი მანეკები“ უკრაინული დრონების ოპერატორების მოსატყუებლად...

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონის სიახლოვეს, რუსეთის მიერ კონტროლირებად საავტომობილო ტრასებზე ბოლო დღეებში ძალზე უცნაურ „პერსონაჟებს“ აფიქსირებენ ავტომობილებით მოძრავი მგზავრები...

ძველ „ჟიგულებზე, რომლებსაც ძარა ნახევრად გადაჭრილი აქვთ, დაყენებულია ტყვიამფრქვევის მსგავსი მოწყობილობა, რომელზეც „ჩაფრენილია“ კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი ფიგურა, რაც ერთი შეხედვით ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ მობილური საზენიტო ჯგუფი მზადაა მოწინააღმდეგის კამიკაძე-დრონის მოსაგერიებლად, თუმცა უფრო ახლოდ დაკვირვების შემდეგ კი ნათელი ხდება, რომ არც ის „ტყვიამფრქვევია“ ნამდვილი და არც კამუფლირებულფორმიანია... ადამიანი, ის მხოლოდ მანეკენია...

მანეკენებისა თუ ფიტულებისთვის სამხედრო ფორმის ჩაცმა, „ხელში“ ხის თოფის დაკავება და „გამოშიგნულ“ „ჟიგულზე“ ამხედრება რუს ოკუპანტებს იმიტომ დასჭირდათ, რომ ვეღარ აუდიან უკრაინული კამიკაძე-დრონების მასიურ შეტევების მოგერიებას ნამდვილი მობილური საზენიტო ჯგუფებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალ ტრასებზე,მათ შორის დონის როსტოვიდან ოკუპირებულ მარიუპოლსა და მელიტოპოლზე გამავალ და ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან საავტომობილო გზაზეც...

დრონების ოპერატორების მოტყუება მანეკენებით ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ რეალურად საკმაოდ გათვლილი ტაქტიკაა. ის ეფუძნება დრონის მართვის სპეციფიკას, დროის დეფიციტსა და ვიზუალურ ილუზიას.

2-manekeni-1794151095.png
ეს დაშლილი „ჟიგული“ მასზე სკოტჩით მიბმული სარეცხის ჯოხით თუ მართლაც მოატყუებს უკრაინული დრონის ოპერატორს,მაშინ...

დრონების ოპერატორები რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გამო ტყუვდებიან:

პირველი- დროის კრიტიკული დეფიციტი (წამების საკითხი) ანუ კამიკაძე FPV-დრონებს ბატარეის ძალიან მცირე რესურსი აქვთ (ხშირად 10-15 წუთი). როდესაც დრონი სამიზნეს პოულობს, ოპერატორს გადაწყვეტილების მისაღებად, სამიზნის დასათვალიერებლად და დასარტყმელად ხშირად მხოლოდ რამდენიმე წამი რჩება. მას არ აქვს იმის ფუფუნება, დიდხანს დააკვირდეს, მოძრაობს თუ არა ობიექტი.

მეორე- დრონის კამერის დაბალი გარჩევადობა და დაბრკოლებები ანუ FPV დრონებიდან ვიდეო სიგნალი ოპერატორის სათვალეში ხშირად დაბალი ხარისხით (ანალოგური სიგნალით) გადაიცემა, რათა დაყოვნება მინიმალური იყოს,ეკრანზე გამოსახულება ხშირად დამარცვლილია (პიქსელებიანია),ტყის მასივებთან, გზებთან ან სანგრებთან რადიოსიგნალი ხშირად წყდება და ციმციმებს.ასეთ გარემოში კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, იარაღიანი ფიგურა ეკრანზე ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ნამდვილი ჯარისკაცი.

მესამე- თერმული მახასიათებლების გაყალბება (თბოვიზორების მოტყუება) ანუ თანამედროვე დრონებს ღამით ან ნისლში თბოვიზორებიანი (ინფრაწითელი) კამერებით მართავენ, რომლებიც სხეულის სითბოს აფიქსირებენ. რუსმა სამხედროებმა ამის საპასუხოდაც იპოვეს გამოსავალი-მანეკენების შიგნით ათავსებენ ქიმიურ ან ელექტრო გამათბობლებს (მაგალითად, ჯიბის გამათბობლებს) და თბოვიზორის ეკრანზე ეს ყალბი სამიზნე ზუსტად ისე ანათებს (გამოსცემს სითბოს), როგორც ცოცხალი ადამიანი.

მეოთხე- ბუნებრივი პოზების იმიტაცია ანუ მანეკენებს ტრასებზე ან სანგრებში უბრალოდ კი არ დგამენ, არამედ აძლევენ ბუნებრივ პოზებს:სხედან ჩასაფრებულში, ხეზე მიყრდნობილები,უჭირავთ ნამდვილი ან ყალბი იარაღი, რომელიც პირდაპირ ჰაერისკენაა მიმართული (თითქოს დრონს უმიზნებენ) და ოპერატორიც ამის დანახვაზე მყისიერად რეაგირებს – მას ურჩევნია პირველმა დაარტყას „საშიშ“ ობიექტს, ვიდრე გარისკოს და ძვირადღირებული დრონი ჩამოუგდონ.

მეხუთე- ფსიქოლოგიური ფაქტორი ანუ დრონის ოპერატორები მუდმივ ნადირობის პროცესში არიან. როდესაც ისინი ხედავენ გზის პირას მარტო მდგომ ან ჩამომჯდარ ფიგურას, მათ უჩნდებათ აზრი, რომ ეს არის ადვილი, „ჩამორჩენილი“ სამიზნე. ადრენალინისა და სწრაფი მოქმედების ფონზე, ოპერატორის ტვინი მას ავტომატურად აღიქვამს ფორმიან ადამიანად,ე.ი. სამიზნედ.

რუს ოკუპანტებს თუკი ეს „მასკარადი“ გამოუვათ,მაშინ უკრაინული მხარე დაკარგავს ძვირადღირებულ დრონს და საბრძოლო მასალას, ხოლო რუსული მხარე ინარჩუნებს ცოცხალ ძალას და პარალელურად აფიქსირებს, თუ საიდან იმართებოდა დრონი (რაც მათ კონტრდარტყმის საშუალებას აძლევს).

ანალოგიური, „ხის თოფიანი სამხედროფორმიანი მანეკენების“ ტაქტიკის გამოყენება უკრაინის დამცველებსაც შეუძლიათ და დიდი ხანია კიდევაც იყენებენ...