დინა და მისი მოხუცები
სოფელ კურდღელაურში ერთი არაჩვეულებრივი ქალი დინა ნაწიფაშვილი ცხოვრობს, დინა რომელიც დაუნანებლად ეხმარება გაჭირვებულებს. სამყარო, რომელიც სავსეა ბოროტებითა და სიკეთით, ასეთებსაც გზავნის, რათა ადამიანებმა გადარჩენა შეძლონ. სულის გადარჩენაზე ვამბობ, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამაზე არც ვფიქრობთ. სულ ახლახან დინას ლიდერ ქალთა საზოგადოების ჯილდო გადასცეს.
- არც ის ვიცი, რატომ დამასახელეს წარმატებულ ქალად, რადგან მე მატერიალურს არაფერს ვაწარმოებ. უბრალოდ, ვაკეთებ იმავეს, რასაც ბავშვობაშიც ვაკეთებდი: თუ განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი ვნახე, მასზე ფიქრი მანამდე არ მომასვენებს, სანამ რამით არ შევეწევი. ჩემი თაობის ბავშვობა საყოველთაო გაჭირვებას დაემთხვა. ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებოდით, ყოველთვის არ გვქონდა იმდენი ფული, რომ სხვასაც დავხმარებოდით. ამის გამო სამუშაოდ გავრბოდი ხოლმე - ხან ვენახში მიმუშავია, ხანაც თოხსა და ბარზე, რომ მცირედი გასამრჯელო ამეღო. გადამიხდიდნენ თუ არა, მაშინვე ვინმე გაჭირვებულთან გავრბოდი, ჩემი გამომუშავებული წამლის ან საჭმლის ფულით. მივცემდი და ვიყავი გახარებული! კეთილი მშობლები მყავდა. ამიტომ ჩემი დედმამიშვილებიც ისე გაიზარდნენ, სხვების დახმარება არ უჭირთ. მეუღლეც ასეთი შემხვდა და შვილებიც ასე გავზარდე. ორი მყავს, უფროსი უფრო უთქმელია და არ მეუბნება ვისთვის რას გაიღებს. უმცროსი 12 წლისაა და პირწავარდნილი დედაა. "საიდუმლოდ" მეტყვის ხოლმე, ამას და ამას დახმარება სჭირდება და რაიმე გამატანე, ოღონდაც არავის უთხრაო. ადრე ჩემი და მეუღლის ხელფასით ვეხმარებოდი ადამიანებს. ახლა დახმარება იმდენს სჭირდება, ვერაფერს გავხდები ხალხის თანადგომის გარეშე. ამიტომ დღეს თუ რაიმე სიკეთეს ვაკეთებ, დალოცვა სწორედ იმ ხალხს ეკუთვნის, რომლებიც რომ ნახავენ, ვინმესთვის ვითხოვ, არც დაფიქრდებიან, ისე უთქმელად გაუწოდებენ ხელს.
- გენდობიან და იმიტომ.
- ნდობაზე ერთ ამბავს მოვყვები: არც ისე დიდი ხნის წინ მარკეტში ვმუშაობდი და იქ შემოვიდა ერთი გასაცოდავებული, უსახლკარო, ნასვამი ქალი. რაც შემეძლომივეცი და ძალიან მოვეფერე, რადგან გულით შემეცოდა. როგორც ჩანს, ამ მოფერებამ უკან დააბრუნა და ძალიან შემეჩვია. ჩემი მარიამი-მეთქი, ასე ვიხსენებ დღესაც. შინაც დამყავდა და ვუმასპინძლდებოდი. მაშინ ბევრმა მითხრა, სახლში ნუ მიიყვან, ლოთობს და რაიმე არ გავნოსო, მაგრამ ვერ დავიჯერე. განა შეიძლება, ადამიანი სახლში არ მიიყვანო? მით უფრო, რომ დასაძინებელიც არსად ჰქონდა. ერთმა ქრისტიანმა ფერმაში დაუთმო ფართობი, მაგრამ იქ ზამთარში ისე ციოდა, ძალიან ავად გახდა. ამით დამძიმებულმა ერთ დღეს მის შესახებ ვიდეოს გადაღება და სოციალურ ქსელში გატანა გადავწყვიტე. წარმოიდგენეთ, იმდენი თანხა მოუგროვდა, რომ სახლი ვუყიდეთ. შვიდი თვე ისე იცხოვრა იმ სახლში, სასმელი არ დაულევია. თუმცა ბოლოს სულ სიკვდილზე ლაპარაკობდა და მითხრა, იქნებ ჩემი შვილი მაჩვენოო. ერთადერთი შვილი ჰყავდა, ცხადია, სხვები ზრდიან და მათ დავუკავშირდი. უარი არ უთქვამთ, აჩვენეს დედას შვილი, სულ რამდენიმე ხანში კი ჩემი მარიამი ავტოავარიაში დაიღუპა. ამ ამბავმა იმდენად ცუდად გამხადა, რომ კარგა ხანს ვერ მოვედი გონზე.
რამდენჯერ მიფიქრია უპატრონოდ დარჩენილ მოხუცებზე, ნეტავ სახლში წამაყვანინა-მეთქი, მაგრამ მაგის შესაძლებლობა არასოდეს მქონია. არც ახლა მაქვს, მაგრამ როდესაც პოლიციიდან დამირეკეს, მოხუცი ქალი გვყავს და არც ერთმა თავშესაფარმა არ მიიღოო, ვუთხარი, მომიყვანეთ-მეთქი. ასე მომიყვანეს ნუნუ ბებო, დღესაც სულ რომ წასასვლელად იწევს და წასასვლელი არსად აქვს. მის გარდა, კიდევ ოთხ მოხუცს ვუვლი. მართალია, განსაკუთრებულ პირობებს ვერ ვთავაზობ, მაგრამ სითბოს, საკვებს და სიყვარულს არც ერთს არ ვაკლებთ. ისეც მომხდარა, როდესაც შინ არ ვყოფილვარ, ჩემს მეუღლეს მოუმზადებიაა მათთვის საჭმელი.
ამას წინათ ახალგაზრდა ქალი მესტუმრა ქმარ-შვილით და ჩემი მოხუცები გაალამაზა ვარცხნილობითა და მანიკიურით. უნდა გენახათ, მეც როგორი ბედნიერი ვიყავი და ისიც რა კმაყოფილი წავიდა... ერთმა ახალგაზრდა ქალმა წამლის ფული გადმომირიცხა ავადმყოფისთვის. ანგარიშზე ვერ დამისვა, ამიტომ სქრინი გამომიგზავნა. რომ დავხედე, გავოცდი, ანგარიშზე მხოლოდ 22 ლარი ჰქონდა და მაინც სხვას დაეხმარა. მითხრა, მე არა მიშავს, ავად არა ვარო. კეთილ ხალხს რა დალევს. მათი წყალობით შვება და იმედი გვექნება. ამაზე უკეთესი წამალი არ არსებობს.