რა უნდა ვიცოდეთ რძის ან რძის პროდუქტების შეძენისას
ჩვენს სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების მრავალფეროვნებაა.
მათი ნაწილი ქართული წარმოებისაა, თუმცა ხშირად ნახავთ პროდუქციას, რომელიც უცხო ქვეყნებიდანაა შემოტანილი. ამ მრავალფეროვნებაში გარკვევა ადვილი არ არის.
სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი თორნიკე ცხვედაძე:
- სავაჭრო ქსელში რძის პროდუქტების დიდი ნაწილი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული. მომხმარებლები ხშირად კითხულობენ - რამდენად კარგი არჩევანია ამგვარი პროდუქციის შეძენა? - იმისთვის, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხოთ, ჯერ უნდა ითქვას, როგორ ამზადებენ რძის ფხვნილს: ოდნავ შესქელებულ რძეს სპეციალურ დანადგარში ათავსებენ, რათა სითხე მოაცილონ. ამ დროს დანადგარში ძალიან მაღალი ტემპერატურაა - სულ ცოტა, 200 გრადუსი. რძეში არსებული წყალი სწრაფად ორთქლდება და მის ნაცვლად მშრალი ნივთიერება რჩება - სწორედ ეს არის რძის ფხვნილი. თუ მას ცხიმს არ გამოვაცლით, ცხიმიანი რძის ფხვნილი დაგვრჩება, მაგრამ თუ გამოვაცლით, უცხიმო. იმის გამო, რომ რძის ფხვნილი შედარებით იაფია, მას "რძის შემცველი პროდუქტების" დასამზადებლად იყენებენ. ამგვარ პროდუქტში რძის ფხვნილთან ერთად, მცენარეული ან ცხოველური ცხიმია გამოყენებული, მაგალითად, პალმის ან მზესუმზირის ზეთი და სხვა მცენარეული თუ ცხოველური ცხიმები.
- პალმის ზეთზე ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ვრცელდება. ნუთუ ასე მავნებელია?
- შესაძლოა ნუტრიციოლოგმა თქვას, ცუდი პროდუქტიოა, მაგრამ ჯანმრთელობისთვის არც ისე საზიანოა, როგორც მიაწერენ.
ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტი უკეთესია, მაგრამ მოსაზრება, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქცია ცუდი და უხარისხოა, არასწორია. რძის ფხვნილიც ხომ რძისგანაა დამზადებული და როცა რძის ფხვნილი ხარისხიანი და ვადიანია, მისგან დამზადებული პროდუქციაც არ დაიწუნება. გარდა ამისა, რძის ფხვნილს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ნატურალური რძის ტრანსპორტირება რთულია, რადგან ის სამაცივრე პირობებს საჭიროებს, რძის ფხვნილის გადატანა კი მარტივია, მისი შენახვა, დაფასოება და ტრანსპორტირებაც მარტივად შეიძლება, რითაც დიდი თანხა იზოგება. მთავარია, ხარისხიანი იყოს, თორემ გადაჭრით იმის თქმა, რომ რძის ფხვნილი ცუდი პროდუქტია, არ შეიძლება.
- თუ ინარჩუნებს "რძის შემცველი პროდუქტი" კალციუმს და რძეში შემავალ სასარგებლო ნივთიერებებს?
- ნატურალურ რძეში კალციუმი და სხვადასხვა ვიტამინი თუ მინერალი დიდი რაოდენობითაა. ამ თვისებებს "რძის შემცველი პროდუქტებიც" ინარჩუნებს.
- ნიშნავს თუ არა მაღალი ფასი, რომ "რძის შემცველი" პროდუქტი კარგი ხარისხისაა?
- ყოველთვის არა, თანაც ნედლი რძისგან მიღებული პროდუქტი უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე რძის ფხვნილისგან დამზადებული, მით უმეტეს, თუ მასში მცენარეული ცხიმია გამოყენებული.
საქართველოში ორი დიდი წარმოებაა, რომლებიც რძის პროდუქტების 60 პროცენტს აწარმოებს. თუ თქვენ არ გსურთ რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტის შეძენა, ეტიკეტს უნდა დააკვირდეთ და თუ დაინახავთ წარწერას "ნედლი რძისგან", ეს სათქვენო პროდუქციაა. თუ ეტიკეტზე წერია "მაწონი", ხაჭო" ან "არაჟანი", მის შემადგენლობაში არ უნდა იყოს მცენარეული რძის ცხიმი.
ზოგს ჰგონია, რძე რაც უფრო მალე აიჭრება, მით უფრო ნატურალურია, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა. მთავარია, ეტიკეტზე იყოს მითითებული, ვინ არის მწარმოებელი, ასევე შენახვის პირობები და ვადა. თუ პროდუქტი არ გაფუჭდა, ესე იგი, ყველა ეს მოთხოვნა არ შესრულდა. ცხადია, რძის შენახვის პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია. ზოგიერთი მომხმარებელი ტყუვდება, როცა ეტიკეტზე წერია: "შენახვის ვადა 10 დღე" და ყურადღებას არ აქცევს ამ შინაარსის წარწერას: გამოიყენეთ გახსნიდან ორ ან სამ დღეში. მეოთხე ან მეხუთე დღეს ის შეიძლება აიჭრას.
- რძის პროდუქტების მთავარი მომხმარებლები ბავშვები არიან. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ვიდრე მათთვის რძეს, მაწონს ან სხვა პროდუქციას შეიძენენ?
- თუ ბავშვისთვის ყიდულობთ, რძე აუცილებლად პასტერიზებული უნდა იყოს: ამით ის საფრთხეები, რასაც რძეში არსებული მიკროორგანიზმები იწვევს, თავიდან იქნება არიდებული. თუ რძე პასტერიზებული არ არის, უნდა ავადუღოთ, რადგან მისი პირდაპირ დალევა სარისკოა, მით უმეტეს მოზარდისთვის.
სწორედ დაბინძურებული რძის პროდუქტებისგან ჩნდება ისეთი სახიფათო დაავადება, როგორიც ბრუცელოზია. პასტერიზაცია სწორედ იმას უზრუნველყოფს, რომ რძე დასალევად უსაფრთხო იყოს. საერთოდ, რძე მიკროორგანიზმების გასამრავლებლად საუკეთესო გარემოა. თუ მასში რაღაც მიკროორგანიზმი მოხვდება, სწრაფად გამრავლდება და შეიძლება სერიოზული მოწამვლაც გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია ბავშვისთვის ეტიკეტიანი, პასტერიზებული რძე შეიძინოთ, თანაც ეს უნდა იყოს საიმედო მწარმოებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო პასუხს მოსთხოვს. მცირე ფერმისგან პროდუქციის შეძენა სარისკო საქმეა, რადგან ის რეგისტრირებულიც კი არ არის და შეიძლება სათანადო პირობები ვერ უზრუნველყოს. ამიტომ უმჯობესია, სანდო მეწარმისგან შევიძინოთ პასტერიზებული ნაწარმი, რომელსაც ეტიკეტი აქვს და მის შემადგენლობას წინასწარ უნდა გავეცნოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე