რას ამოწმებს „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია საქართველოში - რუსული მხარის განცხადება
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) დელეგაცია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როსსელხოზნადზორი“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათმა წარმომადგენლებმა ქართული სატესტო ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და შეისწავლეს რუსეთში გასატანი თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა.
„კერძოდ, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ რაოდენობებს იკვლევს. მათ შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და შენობა-ნაგებობების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან“, - აღნიშნულია „როსსელხოზნადზორის” ინფორმაციაში.
გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, ქართველმა კოლეგებმა რუს სპეციალისტებს გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა.
რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტში ეწვია თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთ ობიექტს.
"ინტერპრესნიუსი"